Bible App logo
Search Icon

სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 12

12
1სიკეთის ქმნისას იცოდე, ვისთვის იქმ და მოგეგება მადლი სიკეთის წილ.
2კეთილი უყავ ღვთისმოსავს და ჰპოვებ სანაცვლოს, მისგან თუ არა, უზენაესისგან მაინც.
3არ იქნება სიკეთე მისთვის, ვინც გამუდმებით სჩადის ბოროტს და სიხარულით არ გასცემს მოწყალებას.
4მიეცი ღვთისმოსავს და ნუ შეეწევი ცოდვილს.
5კეთილი უყავ თვინიერს და ნურაფერს გაიმეტებ მკრეხელისათვის, დაუჭირე და ნუ მისცემ პურს, რათა არ გძლიოს მისი წყალობით, რადგანაც ორმაგ ბოროტებას მოგაგებს იმ სიკეთისათვის, რასაც მისთვის მოიმოქმედებ.
6რადგანაც უზენაესმა მოიძულა ცოდვილნი და ღვთისმგმობთ სანაცვლოს მიაგებს.
7მიეცი კეთილს და შემცოდეს ნუ შეეწევი.
8მეგობარი არ იცნობა ბედნიერებაში და მტერი არ დაიფარება უბედობაში.
9ადამიანის ბედნიერებისას მისი მტრები წუხან, უბედობისას კი მეგობარიც მიატოვებს.
10ნურასოდეს ენდობი მტერს, რადგანაც სპილენძივით ჟანგდება მისი სიავე.
11თავიც რომ დაიმდაბლოს და ქედწახრილმა იაროს, ყურადღებით ადევნე თვალი და ერიდე მას; იყავი როგორც კრიალა სარკე მის წინაშე და დაინახავ, რომ ბოლომდე როდი გაწმენდილა ჟანგისაგან.
12ნუ დაიყენებ გვერდით, რომ არ დაგამხოს და შენი ადგილი არ დაისაკუთროს; ნუ მოისვამ მხარმარჯვნივ, რომ შენი სავარძელი არ მოისურვოს, თორემ ბოლოს ჩასწვდები ჩემს სიტყვებს და სინანულით გაიხსენებ ჩემს შეგონებას.
13ვინ შეიწყალებს დაგესლილი გველის შემლოცველს, ან იმას, ვინც მხეცს მიეახლა?
14ან შემცოდესთან ერთად მავალს და მისი ცოდვების მოზიარეს?
15ერთხანს კი დარჩება შენთან, მაგრამ თუ შეყოყმანდი, ვეღარ მოითმენს.
16მტერი თავისი ბაგით გატკბობს, მაგრამ გულში კი იმას იზრახავს, რომ ბნელ ხაროში ჩაგაგდოს. მტერი ცრემლებით დაგიტირებს, მაგრამ სისხლით ვერ გაძღება, თუ დრო იპოვა.
17თუ უბედურება დაგატყდა თავს, შენზე უწინ გაჩნდება იქ და, თითქოს შენი შველა სურსო, ფეხს დაგიდებს.
18თავის ქნევას მოჰყვება, ხელებს შემოჰკრავს, ბევრს იჩურჩულებს და სახეს შეიცვლის.

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in