Bible App logo
Search Icon

სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 11

11
1თვინიერს სიბრძნე აამაღლებს და დიდებულთა შორის მიუჩენს ადგილს.
2ნუ აქებ კაცს სილამაზისათვის და ნურც გარეგნობის გამო აძაგებ.
3ნუ იქადი სასალუქო სამოსით და დიდების დღეს ნუ ამაღლდები, რადგანაც საკვირველია უფლის საქმენი და კაცთათვის დაფარულნი არიან ისინი.
4პატარაა ფუტკარი მფრინველთა შორის, მაგრამ უტკბესია მისი ნაყოფი.
5მრავალი მბრძანებელი მსხდარა მიწაზე, იმას კი, ვიზედაც არ ფიქრობდნენ, გვირგვინი ედგა.
6მრავალ ძალმოსილს დაუთმენია შეურაცხყოფა, და სახელოვანნი სხვის ხელში ჩავარდნილან.
7ნუ ჰგმობ, ვიდრე არ გამოიძიებ, ჯერ დაფიქრდი და შემდეგ შერისხე.
8ვიდრე არ მოისმენ, ნუ უპასუხებ და სიტყვას შუა ნუ გააწყვეტინებ.
9ნუ დაობ საქმეზე, შენ რომ არ გეხება, და ნუ ზიხარ ცოდვილთა სამსჯავროში.
10შვილო, ხელს ნუ მიჰყოფ მრავალ საქმეს, რადგან საქმეთა სიმრავლეში უბრალო ვერ დარჩები; თუ მათ გამოუდგები, ვერ დაეწევი და გაქცევითაც ვერ გაექცევი.
11ზოგი შრომობს, ოფლს ღვრის და ჩქარობს, მაგრამ მაინც უგვიანდება.
12ზოგი ზანტია, შეწევნის მოიმედე, ძაბუნი და ღარიბ-ღატაკი, მაგრამ კეთილი თვალით გადმოხედა უფალმა და ფეხზე დააყენა დამდაბლებული.
13მაღლა ააწევინა თავი და მრავალი განცვიფრდა მის გამო.
14სიკეთე და სიავე, სიცოცხლე და სიკვდილი, სიღარიბე და სიმდიდრე – უფლისგანაა.
17უფლის საბოძვარი ღვთისმოსავთ ეძლევათ და მისი კურთხევა სიკეთედ გაჰყვებათ საუკუნოდ.
18ზოგი თავისი წინდახედულობისა და მომჭირნეობის წყალობით მდიდრდება, და ეს ნაწილია მისი ჯილდოსი.
19როდესაც იტყვის: სიმშვიდე ვპოვე და ახლა ჩემი სიკეთით ვტკბები. მაგრამ არ იცის, როდის მოვა დრო, როცა თავის მონაგებს სხვებს დაუტოვებს, თვითონ კი აღესრულება.
20მტკიცედ მისდიე შენს აღთქმას, ნუ უღალატებ და შენს საქმეს შეაბერდი.
21ნუ გაგაკვირვებს ცოდვილის საქმე. გწამდეს უფლისა და შენი საქმის ერთგული დარჩი, რადგანაც ადვილია უფლის თვალში უცაბედი და ანაზდეული გამდიდრება გლახაკისა.
22უფლის კურთხევა საზღაურია ღვთისმოსავთათვის, რომელსაც მალე ააყვავებს მისი წყალობა.
23ნუ იტყვი, რაღა მჭირდება, ამას იქით რა უნდა შევიძინოო?
24ნუ იტყვი, ესეც მეყოფა, ამიერიდან რაღა ბოროტს უნდა ველოდე?
25ბედნიერების დღეს დავიწყებას ეძლევა უბედურება და უბედურების დღეს აღარ ახსოვთ ბედნიერება.
26უფლისთვის ადვილია აღსასრულის დღეს მისი საქმისამებრ მიაგოს ადამიანს.
27წუთიერი ტანჯვა ბედნიერებას გვავიწყებინებს, და ადამიანის აღსასრულისას გაცხადდება მისი საქმენი.
28აღსასრულამდე ნურავის მიიჩნევ ნეტარად; ადამიანი მის ნაშობთაგან შეიცნობა.
29ყველას ნუ შეიყვან სახლში, რადგანაც ურიცხვია მზაკვრობა ცბიერისა.
30რაღა ჩასაფრაბული ბაზი და რაღა მზვაობრის გული, მზირივით რომ უთვალთვალებს შენს უმწეობას;
31სიკეთის ბოროტებად მქცეველი უსაფრდება და ჩირქსა სცხებს რჩეულთ.
32ცეცხლის ნაპერწკლისაგან მრავლდება ნაკვერჩხალი, და ცოდვილი კაცი ჩასაფრებულია სისხლის საღვრელად.
33ერიდე ბოროტს, უკეთურების მოქმედს, რომ საუკუნოდ ლაფში არ ამოგსვაროს.
34შეიხიზნე უცხო და შფოთს ვერ ასცდები, შენიანებს გაგიუცხოებს.

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in