Bible App logo
Search Icon

სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 13

13
1ვინც ფისს მიეკარება, გაისვრება, და ვინც ქედმაღალს დაუახლოვდება, მას დაემსგავსება.
2ნუ ასწევ ტვირთს, შენს ძალას რომ აღემატება; ნუ დაუახლოვდები შენზე ძლიერსა და მდიდარს. რა გაუვა თიხის ქოთანს სპილენძის ქვაბთან? მიეჯახება და გატყდება.
3მდიდარმა უსამართლობა ჩაიდინა და აქეთ იმუქრება; ღარიბს უსამართლოდ მოექცნენ და თვითონვე იხვეწება შეწყალებას.
4თუ რამეში არგიხარ, გამოგიყენებს, თუ გაღარიბდი, ზურგს შეგაქცევს.
5თუ რამ გაბადია, ვერ მოიშორებ; ყველაფერს დაგახარჯვინებს, თვითონ კი არხეინად იქნება.
6თუ რამ გიჭირს, მოგელაქუცება, შემოგცინებს და იმედს მოგცემს, სიტყვით მოგეფერება და გკითხავს, ხომ არაფერი გიჭირსო?
7თავისი მასპინძლობით შეგარცხვენს, ვიდრე ორჯერ თუ სამჯერ არ გაგძარცვავს, რათა ბოლოს იცინოს შენზე. შემდეგ კი, თუ დაგინახა, გვერდს აგიქცევს და მხოლოდ თავსღა დაგიქნევს შენთან შეხვედრისას.
8მაშ, უფრთხილდი, რომ არ შეცდე და შენი სიბრიყვით თავი არ დაიმცირო.
9როცა ძლიერი მიგიპატიჟებს, თავი აარიდე და მაშინ უფრო მიგიწვევს.
10თავს ნუ მოაბეზრებ, რომ ხელი არა გკრას, და ნურც მეტისმეტად განუდგები, რომ არ დაგივიწყოს.
11ნუ მისცემ თავს იმის ნებას, რომ თანასწორივით ელაპარაკო, ნუ ენდობი მის სიტყვამრავლობას, რადგანაც გრძელი საუბრით გაცთუნებს და თითქოს ხუმრობით გამოგცდის.
12ვინც უწყალოა თავის მიმართ და ენაზე კბილის დაჭერა არ შეუძლია, თავს ვერ დაიცავს სიავისა და ბორკილისაგან.
13ფრთხილად და გულისყურით იყავი, რადგან შენს უბედურებასთან ერთად დააბიჯებ.
14ყველა ცხოველს თავისი მსგავსი უყვარს და ყველა კაცს – თავისი ახლობელი.
15ყოველი ხორციელი თავისი მოდგმისას ირჩევს და ადამიანიც თავისი მსგავსისკენ ისწრაფის.
16რა აქვს საერთო მგელს კრავთან? ანდა შემცოდეს – ღვთისმოსავთან?
17რა ჩამოაგდებს მშვიდობას ძაღლსა და აფთარს შორის? ან მდიდარსა და ღარიბს შორის?
18ლომების მოსანადირებელი ვირები არიან უდაბნოში, ხოლო მდიდართა საძოვარი – ღარიბნი.
19საძულველია თავმდაბლობა ქედმაღლისათვის, ხოლო მდიდრისთვის – ღარიბი.
20მდიდარმა თუ წაიფორხილა, მეგობრები შეაშველებენ ხელს, დაცემულ ღარიბს კი მეგობრებიც ზურგს შეაქცევენ.
21გასაჭირში ჩავარდნილ მდიდარს მრავალი შემწე ჰყავს; სისულელეც რომ წამოროშოს, გაამართლებენ. ღარიბს კი, თუ გაუჭირდა, მგმობელნი არ დაელევა; გზიანი სიტყვაც რომ თქვას, ყურს არ ათხოვებენ.
22მდიდრის ხმის ამოღებისთანავე ყველა დუმდება; მის სიტყვას ღრუბლებამდე აზიდავენ. ღარიბმა თუ კრინტი დასძრა, იტყვიან, ეს ვინ გდიაო? თუ წაიფორხილა, მოიძულებენ.
23კარგია სიმდიდრე, რომელსაც ცოდვისა არა სცხია რა. ცუდია სიღარიბე ღვთისმგმობლის თვალში.
24კაცის გული სახეს შეუცვლის მას – ან სასიკეთოდ, ან საბოროტოდ.
25გულის ნიშანი ბედნიერებაში – მხიარული სახეა, იგავთა თხზვა კი – შავბნელ ფიქრთა მაუწყებელი.

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in