YouVersion Logo
Search Icon

რომ. 7

7
რჯულს მოვუკვდით
1ანდა, განა არ იცით, ძმებო, – რადგან რჯულის მცოდნეებს ველაპარაკები, – რომ რჯული ბატონობს ადამიანზე, ვიდრე ის ცოცხალია?
2რადგან ქმრიანი დედაკაცი რჯულით არის დაკავშირებული ცოცხალ ქმართან, ხოლო თუ ქმარი მოკვდება, თავისუფალია ქმრის რჯულისაგან.
3ამიტომ, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვა ქმრისა გახდება, მრუში ეწოდება; ხოლო თუ ქმარი მოკვდება, რჯულისაგან თავისუფალია და სხვა ქმრისად გახდომა მრუშობად არ შეერაცხება.
4ამრიგად, ჩემო ძმებო, თქვენც რჯულისათვის დაიხოცენით ქრისტეს სხეულით, რომ ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, რათა ნაყოფი მივუტანოთ ღმერთს.
5ვინაიდან, როცა ხორცში ვიყავით, რჯულის მიერ ცოდვის ვნებანი მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, რომ სიკვდილის ნაყოფი გამოგვეღო.
6ახლა კი, რჯულისათვის მკვდრები, გავთავისუფლდით მისგან, რითაც შეპყრობილნი ვიყავით, რათა ვემსახუროთ ღმერთს განახლებული სულით და არა დაძველებული ასოთი.
7მაშ, რაღას ვიტყვით? ნუთუ რჯული ცოდვაა? არამც და არამც. ოღონდ სხვანაირად არ შემიცვნია ცოდვა, თუ არა რჯულის მეოხებით, ვინაიდან ვერც გულისთქმას შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: არ ისურვო.
8ხოლო ცოდვამ მცნებიდან აიღო საბაბი და ჩემში წარმოქმნა ყოველგვარი სურვილი. ვინაიდან ცოდვა რჯულის გარეშე მკვდარია.
9ხოლო მე ოდესღაც ვცხოვრობდი რჯულის გარეშე და, როცა მცნება მოვიდა, ცოდვა გაცოცხლდა,
10მე კი მოვკვდი. ხოლო მცნება, რომელიც მოცემული იყო სასიცოცხლოდ, სასიკვდილო გამოდგა ჩემთვის,
11რადგან ცოდვამ მცნებისგან აიღო საბაბი, მაცდუნა და მომკლა მისი მეშვეობით.
12ამრიგად, რჯული წმიდაა, მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი.
13ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც. მაგრამ ცოდვა იმიტომ აღმოჩნდა ცოდვად, რომ კეთილის მეშვეობით მოაქვს ჩემთვის სიკვდილი, რათა ცოდვა მეტისმეტად ცოდვილი იყოს მცნების მეშვეობით.
14რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი – ხორციელი, ცოდვას მიყიდული.
15ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი. იმიტომ, რომ იმას არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ, რაც მძულს, იმას ვაკეთებ.
16ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ვეთანხმები რჯულს, რომ ის კეთილია.
17მაშასადამე, მე კი აღარ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება.
18ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი. ამრიგად, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება – არა.
19ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს.
20ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული.
21ასე აღმოვაჩენ იმ რჯულს, რომ როცა კეთილის გაკეთება მსურს, ბოროტი გვერდით მიწევს,
22ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის რჯული.
23მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მაქცევს ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ.
24უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან?
25ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ. აჰა, მე თავად ჩემი გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხოლო სხეულით – ცოდვის რჯულს.

Currently Selected:

რომ. 7: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy