YouVersion Logo
Search Icon

რომ. 6

6
ქრისტეში მონათლულები ცოდვებს მოვუკვდით
1რაღა ვთქვათ? დავრჩეთ ცოდვაში, რათა მადლმა იმრავლოს? არამც და არამც!
2ჩვენ, რომელნიც მოვუკვდით ცოდვას, როგორღა ვიცოცხლოთ მასში?
3ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ?
4ამიტომ დავიმარხეთ მასთან ერთად სიკვდილში ნათლისღებით, რათა, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით.
5ვინაიდან, თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას.
6რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის მონები.
7ვინაიდან, ვინც მოკვდა, ცოდვისაგან თავისუფალია.
8და თუ ჩვენ ქრისტესთან დავიხოცენით, გვწამს, რომ მასთან ვიცოცხლებთ კიდეც,
9რადგან ვიცით, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება და სიკვდილი აღარ ბატონობს მასზე.
10ვინაიდან, ის რომ მოკვდა, ცოდვისათვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რომ ცოცხლობს, ღვთისათვის ცოცხლობს.
11თქვენც ასევე შერაცხეთ თქვენი თავი ცოდვისათვის მკვდრებად და ღვთისათვის ცოცხლებად ქრისტე იესოში.
არა ცოდვის, არამედ სიმართლის მონები
12მაშ, ნუ იმეფებს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში მის გულისთქმათა მორჩილებად.
13ნურც მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის იარაღად, არამედ წარუდგინეთ ღმერთს თავნი თქვენნი, როგორც მკვდრეთით გაცოცხლებულნი, და თქვენი ასოები სიმართლის იარაღად ღმერთს.
14ვინაიდან ცოდვა ვეღარ იბატონებს თქვენზე, რადგან თქვენ რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ხართ.
15მაშ, ახლა რა? ხომ არ ვცოდოთ, რაკი რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ვართ? არამც და არამც!
16ნუთუ არ იცით, რომ ვისაც თქვენს თავს მისცემთ მონებად მორჩილებისათვის, მისი მონები ხართ, ვისაც დაემორჩილებით: ან ცოდვისა სასიკვდილოდ, ან მორჩილებისა სიმართლისათვის.
17ხოლო მადლობა ღმერთს, რომ თქვენ, ადრე ცოდვის მონები, შემდგომ გულით დაემორჩილეთ იმ სახის მოძღვრებას, რომელსაც თქვენი თავი გადაეცით.
18გათავისუფლდით რა ცოდვისაგან, სიმართლის მონები გახდით.
19ადამიანურად ვამბობ თქვენი ხორცის უძლურების გამო. როგორც გადასცემდით თქვენს ასოებს მონებად უწმიდურებას და ურჯულოებას ურჯულოებისთვის, ასევე ახლა გადაეცით თქვენი ასოები მონებად სიმართლეს – განსაწმედელად.
20რადგან, როცა ცოდვის მონები იყავით, მაშინ თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან.
21აბა, რა ნაყოფი გქონდათ მაშინ? საქმეები, რომელთა გამო ახლა გრცხვენიათ, ვინაიდან მათი ბოლო სიკვდილია.
22ახლა კი, როცა თავისუფლები ხართ ცოდვისაგან და ღვთის მონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმიდეა, ხოლო ბოლო – საუკუნო სიცოცხლე.
23ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი – საუკუნო სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში.

Currently Selected:

რომ. 6: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy