YouVersion Logo
Search Icon

რომ. 8

8
ცხოვრება არა ხორციელად, არამედ სულიერად
1ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ არა ხორციელად, არამედ სულიერად.
2რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან.
3ვინაიდან, რაკი ვერ შეძლო ხორცის მიერ დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში,
4რათა აღსრულებულიყო რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც ვცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად.
5ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან – სულიერზე.
6რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები – სიცოცხლე და მშვიდობა.
7იმიტომ, რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია.
8ამიტომ მათ, რომელნიც ხორციელად ცხოვრობენ, არ ძალუძთ აამონ ღმერთს.
9თქვენ კი ცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად, თუკი ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის.
10და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის.
11ხოლო თუ თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული.
ღვთის სულით მავალნი ღვთის შვილები არიან
12ამიტომ, ძმებო, ჩვენ ხორცის მოვალენი არა ვართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ.
13ვინაიდან, თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ.
14რადგან ისინი, ვინც ღვთის სულით წარიმართებიან, ღვთის შვილები არიან.
15ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშით იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამაო!“
16სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ.
17ხოლო თუ შვილები – მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი, და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუ სინამდვილეში მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ კიდეც.
18ვინაიდან ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ.
19ვინაიდან ქმნილება იმედით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას.
20რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ, სასოებით,
21რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის.
22ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე,
23და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვკვნესით გულში, მოველით რა შვილებას და ჩვენი სხეულის გამოსყიდვას.
24ვინაიდან სასოებით ვიქენით დახსნილნი, ხოლო ხილული სასოება არ არის სასოება, ვინაიდან, თუკი ხედავს კაცი, რაღას ესავს?
25ხოლო თუ იმის სასოება გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.
ჩამოშორება ღვთის სიყვრულისგან შეუძლებელია
26ასევე სულიც ეხმარება ჩვენს უძლურებას. ვინაიდან არ ვიცით, როგორ უნდა ვილოცოთ, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით.
27ხოლო გულთამხილავმა იცის, რა არის სულის ზრახვა, იმიტომ, რომ იგი ღვთის ნებით შუამდგომლობს წმიდათათვის.
28ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველმხრივ ეწევა სასიკეთოდ.
29ვინაიდან, რომელნიც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს იგი პირმშო მრავალ ძმათა შორის.
30ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ კიდეც მოუწოდა და, ვისაც მოუწოდა, კიდეც გაამართლა. და ვინც გაამართლა, კიდეც განადიდა.
31ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენსკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ?
32ის, ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, ყველასათვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ მოგვმადლებს?
33ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულებს? ღმერთი გამამართლებელი.
34ვინ დასდებს მსჯავრს? ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა და, მეტიც, რომელიც აღდგა მკვდრეთით, ღვთის მარჯვნივ არის და ის შუამდგომლობს ჩვენთვის.
35ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი?
36როგორც სწერია: „რადგან შენს გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ შერაცხილნი.“
37მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით.
38და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი,
39ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.

Currently Selected:

რომ. 8: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy