YouVersion Logo
Search Icon

გამოცხ. 9

9
მეხუთე საყვირი
1მეხუთე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და ვიხილე ციდან მიწაზე ჩამოვარდნილი ვარსკვლავი, და მიეცა მას უფსკრულის ჯურღმულის კლიტე.
2მან გახსნა უფსკრულის ჯურღმული და ამოვარდა კვამლი ჯურღმულიდან, როგორც დიდი ღუმლის კვამლი. და დაბნელდა მზე და ჰაერი ჯურღმულის კვამლისაგან.
3კვამლიდან გამოვიდნენ კალიები მიწაზე და მიეცა მათ ძალა, როგორც აქვთ ძალა მიწის მორიელთ.
4ეთქვა მათ, რომ არ დაეზიანებინათ მიწის ბალახეულობა, და არავითარი მწვანილეულობა და არავითარი ხე, არამედ მხოლოდ ადამიანები, რომელთაც შუბლზე არა აქვთ ღვთის ბეჭედი.
5მიეცათ ნება მათ არ დაეხოცათ ისინი, არამედ მხოლოდ ეწამებინათ ხუთ თვეს. და ჰგავს მათი წამება წამებას მორიელისაგან, როდესაც უკბენს ადამიანს.
6იმ დღეებში ადამიანები სიკვდილს დაუწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ იპოვიან მას. ინატრებენ სიკვდილს, მაგრამ სიკვდილი გაექცევა მათ.
7შესახედაობით კალიები წააგავდნენ საომრად გამზადებულ ცხენებს. მათ თავებზე გვირგვინები იყო, მსგავსი ოქროსი, და მათი სახეები – როგორც ადამიანთა სახეები.
8ჰქონდათ თმები, როგორც დედაკაცთა თმები, ხოლო მათი კბილები იყო, როგორც ლომისანი.
9ჰქონდათ ჯავშანი, როგორც რკინისა, ხოლო მათი ფრთების ხმა, როგორც გრიალი მრავალი ეტლისა და ცხენისა, საომრად რომ მიიჩქარიან.
10ჰქონდათ კუდები, მსგავსნი მორიელთა, და ნესტრები. და მათ კუდებში იყო მათი ხელმწიფება ხუთ თვეს ადამიანთა საწამებლად.
11მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, რომელსაც ებრაულად ჰქვია აბადონი, ხოლო ბერძნულად აქვს სახელი აპოლიონი.
12ერთი უბედურება წავიდა, აჰა, მოდის მის შემდეგ კიდევ ორი.
მეექვსე საყვირი
13მეექვსე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და მომესმა ერთი ხმა ღვთის წინაშე მდგარი ოქროს სამხსვერპლოს ოთხი რქისაგან,
14ეუბნებოდა მეექვსე ანგელოზს, რომელსაც ჰქონდა საყვირი: „ახსენი ოთხი ანგელოზი, რომლებიც დაბმულნი არიან დიდ მდინარე ევფრატზე.“
15და ახსნილ იქნა ოთხი ანგელოზი. მზად იყვნენ ყოველ საათს და დღეს, თვესა და წელიწადს, ადამიანთა მესამედის ამოსაწყვეტად.
16ცხენოსანთა ჯარის რიცხვი იყო ორასი ათასჯერ ათასი და მოვისმინე მათი რიცხვი.
17ასეთ ჩვენებაში ვიხილე ცხენები და მხედრები, რომელთაც ჰქონდათ ცეცხლოვანი, ცისფერი და გოგირდოვანი ჯავშნები, და ცხენის თავები, როგორც ლომთა თავები, და მათ პირთაგან გამოდიოდა ცეცხლი, კვამლი და გოგირდი.
18ამ სამი წყლულისაგან – ცეცხლის, კვამლისა და გოგირდისაგან, რომლებიც მათ პირიდან გამოდიოდა, დაიხოცა ადამიანთა მესამედი ნაწილი.
19ვინაიდან ცხენთა ძალა მათ პირებსა და მათ კუდებშია. ხოლო მათი კუდები ჰგავდნენ გველებს და ჰქონდათ თავები, რომლებითაც ხალხს ვნებდნენ.
20დანარჩენმა ადამიანებმა კი, რომლებიც ამ წყლულებით არ დახოცილან, არ მოინანიეს თავიანთი ხელის ნამოქმედარნი, რომ თაყვანი არ ეცათ ეშმაკებისათვის, ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, ქვისა და ხის კერპებისათვის, რომელთაც არც ხილვა შეუძლიათ, არც მოსმენა და არც სიარული.
21არ მოინანიეს თავიანთი ჩადენილი მკვლელობანი, არც თავიანთი გრძნეულებანი, არც თავიანთი მეძაობა, არც თავიანთი ქურდობანი.

Currently Selected:

გამოცხ. 9: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in