YouVersion Logo
Search Icon

გამოცხ. 7

7
ბეჭედდასმულნი ისრაელის ყოველი ტომიდან
1ამის შემდეგ ვიხილე მიწის ოთხ მხარეს მდგარი ოთხი ანგელოზი, რომელთაც ეპყრათ მიწის ოთხი ქარი, რომ არ ექროლა ქარს არც მიწაზე, არც ზღვაზე, არც რომელიმე ხეზე.
2ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის აღმოსავლიდან ამომავალი, ცოცხალი ბეჭდის მქონე, და დიდი ხმით შესძახა ოთხ ანეგლოზს, რომელთაც ნება ჰქონდათ მიცემული, ევნოთ მიწისა და ზღვისათვის, და უთხრა:
3„ნუ დააზიანებთ მიწას, ზღვასა და ხეს, ვიდრე ბეჭდებს შუბლებზე დავასვამდეთ“.
4მომესმა ბეჭედდასმულთა რიცხვი: ას ორმოცდაოთხი ათასი ბეჭედდასმული, ისრაელიანთა თითო ტომიდან თორმეტი ათასი;
5იუდას ტომიდან თორმეტი ათასი ბეჭედდასმული; რეუბენის ტომიდან თორმეტი ათასი; გადის ტომიდან თორმეტი ათასი;
6აშერის ტომიდან თორმეტი ათასი; ნეფთალის ტომიდან თორმეტი ათასი; მენაშეს ტომიდან თორმეტი ათასი;
7სიმონის ტომიდან თორმეტი ათასი; ლევის ტომიდან თორმეტი ათასი; ისაქარის ტომიდან თორმეტი ათასი;
8ზებულუნის ტომიდან თორმეტი ათასი; იოსების ტომიდან თორმეტი ათასი; ბენიამინის ტომიდან თორმეტი ათასი ბეჭედდასმული.
დიდძალი ხალხი ყოველი ერიდან
თეთრი სამოსლით
9ამის შემდეგ ვიხილე: აჰა, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან. იდგნენ ტახტის წინაშე და კრავის წინაშე თეთრი სამოსელით შემოსილნი და პალმებით ხელში.
10იძახდნენ დიდი ხმით და ამბობდნენ: „ხსნა ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომარეს, და კრავს!“
11ყველა ანგელოზი იდგა ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ. და პირქვე დაემხნენ ტახტის წინაშე და თაყვანი სცეს ღმერთს.
12ამბობდნენ: „ამინ! კურთხევა, დიდება, სიბრძნე, მადლობა, პატივი, ძალა და სიმაგრე ჩვენს ღმერთს უკუნითი უკუნისამდე. ამინ“.
13მომიგო ერთმა უხუცესთაგანმა და მითხრა: „ეს თეთრი სამოსლით შემოსილები ვინ არიან ან საიდან მოვიდნენ?“
14მე ვუთხარი მას: „უფალო ჩემო, შენ იცი“. და მან მითხრა: „ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები. გაირეცხეს თავიანთი სამოსელი და გაათეთრეს ისინი კრავის სისხლით.
15ამიტომ არიან ღვთის ტახტის წინ და ემსახურებიან მას დღე და ღამე მის ტაძარში. და ტახტზე მჯდომარე გაშლის თავის კარავს მათზე.
16აღარ მოშივდებათ, აღარც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და არავითარი პაპანაქება.
17ვინაიდან კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, აძოვებს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროებზე მიიყვანს, და მოსწმედს მათ ღმერთი თვალთაგან ყველა ცრემლს“.

Currently Selected:

გამოცხ. 7: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in