YouVersion Logo
Search Icon

გამოცხ. 6

6
ოთხი მხედარი
1ვიხილე, რომ კრავმა ახსნა ერთი ბეჭედი შვიდთაგან და მომესმა, ოთხიდან ერთი ცხოველი თითქოს ქუხილის ხმით ლაპარაკობდა: „მოდი“.
2შევხედე და, აჰა, თეთრი ცხენი და ზედ მხედარი, რომელსაც ჰქონდა მშვილდი და მიცემული ჰქონდა გვირგვინი. და გამოვიდა გამარჯვებული, რათა გაემარჯვა.
3როცა ახსნა მეორე ბეჭედი, მომესმა ხმა მეორე ცხოველისა, რომელიც ამბობდა: „მოდი და იხილე“.
4გამოვიდა მეორე ცხენი, წითელი. მის მხედარს მიცემული ჰქონდა მიწიდან მშვიდობის წაღების ნება, რათა ერთმანეთი დაეხოცათ. მიცემული ჰქონდა დიდი მახვილი.
5როცა მესამე ბეჭედი ახსნა, მომესმა ხმა მესამე ცხოველისა, რომელიც ამბობდა: „მოდი და იხილე“. ვიხილე, აჰა, შავი ცხენი და მის მხედარს ხელში სასწორი ეპყრა.
6ოთხი ცხოველის შუაგულიდან მომესმა ხმა, რომელიც ამბობდა: „საწყაო ხორბალი დინარად და სამი საწყაო ქერი დინარად, ხოლო ზეთსა და ღვინოს ნურას ავნებ“.
7როცა მეოთხე ბეჭედი ახსნა, მომესმა მეოთხე ცხოველის ხმა, რომელიც ამბობდა: „მოდი და იხილე“.
8შევხედე, და აჰა, ყვიციანი ცხენი და მისი მხედარი, რომლის სახელი სიკვდილია. ჯოჯოხეთი მოყვებოდა მას და მიცემული ჰქონდათ ხელმწიფება მიწის მეოთხედ ნაწილზე, რომ დაეხოცათ მახვილით და შიმშილით, ჭირით და მიწის მხეცებით.
9როცა მეხუთე ბეჭედი ახსნა, სამსხვერპლოს ქვეშ დავინახე სულები დახოცილთა ღვთის სიტყვისათვის და მოწმობისათვის, რომელიც მათ ჰქონდათ.
10დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: „ხელმწიფევ, წმიდაო და ჭეშმარიტო, როდემდე არ განიკითხავ და არ იძიებ შურს მიწის მცხოვრებლებზე ჩვენი სისხლისათვის“.
11მიეცა თითოეულ მათგანს თეთრი სამოსელი და ეთქვა, რომ დამშვიდებულიყვნენ კიდევ ცოტა ხანს, ვიდრე მათი თანამორჩილნი და მათი ძმები, რომელნიც მათსავით მოკლულნი იქნებიან, არ შეასრულებენ რიცხვს.
12როცა მეექვსე ბეჭედი ახსნა, ვიხილე, აჰა, მოხდა დიდი მიწისძვრა, მზე გაშავდა, როგორც ბალნის ძაძა, და მთვარე მთლიანად სისხლივით გახდა.
13ცის ვარსკვლავები მიწაზე ჩამოცვივდნენ, როგორც ძლიერი ქარით შერხეულ ლეღვის ხეს გასცვივა მკვახე ლეღვი.
14ცა გაუჩინარდა დაგრაგნილი წიგნივით. ყოველი მთა და კუნძული დაიძრა თავისი ადგილიდან.
15მიწის მეფეები და მთავრები, ათასისთავები, მდიდრები და ძლიერები, ყოველი მონა და თავისუფალი მიიმალნენ მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებში.
16უთხრეს მთებსა და კლდეებს: „ზედ დაგვემხეთ და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომარის პირისაგან და კრავის რისხვისაგან.
17ვინაიდან მოვიდა მათი დიდი რისხვის დღე და ვინ გაუძლებს?“

Currently Selected:

გამოცხ. 6: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in