YouVersion Logo
Search Icon

გამოცხ. 5

5
დაბეჭდილი წიგნი და კრავი
1ვიხილე ტახტზე მჯდომარის მარჯვენაში შიგნიდან და გარედან ნაწერი წიგნი, შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი.
2ვიხილე ძლიერი ანგელოზი, დიდი ხმით მაუწყებელი: „ვინ არის ამ წიგნის გადაშლისა და მისი ბეჭდების ახსნის ღირსი?“
3არავის შეეძლო არც ცაში, არც მიწაზე, არც მიწის ქვეშ ამ წიგნის გადაშლა ან მასში ჩახედვა.
4ბევრს ვტიროდი იმის გამო, რომ არ მოიძებნებოდა ამ წიგნის გადაშლის ან მასში ჩახედვის ღირსი.
5ერთმა უხუცესთაგანმა მითხრა: „ნუ სტირი, გაიმარჯვა ლომმა, იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რათა გახსნას წიგნი და მისი შვიდი ბეჭედი“.
6შევხედე და, აჰა, ტახტსა და ოთხ ცხოველს შორის და უხუცესებს შორის იდგა კრავი, როგორც დაკლული, და მას ჰქონდა შვიდი რქა და შვიდი თვალი, რომლებიც ღვთის შვიდი სულია, წარმოგზავნილი მთელ ქვეყანაზე.
7და მოვიდა და აიღო წიგნი ტახტზე მჯდომარის მარჯვენიდან.
8და როცა მან აიღო წიგნი, ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხო კრავის წინ. ყოველ მათგანს ხელთ ეპყრა ქნარი და საკმევლებით სავსე ოქროს თასები, რომლებიც წმიდათა ლოცვებია.
9გალობენ ახალ საგალობელს და ამბობენ: „შენ ღირსი ხარ, აიღო წიგნი და ახსნა მისი ბეჭდები, ვინაიდან შენ დაიკალი და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღვთისათვის ყოველი ტომისა და ენისაგან, ხალხისა და ერისაგან.
10და შეუქმენი ისინი ჩვენს ღმერთს სამეფოდ და მღვდლებად, და იმეფებენ მიწაზე“.
11ვიხილე და მოვისმინე მრავალი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველებისა და უხუცესების ირგვლივ, და მათი რიცხვი იყო ათიათასჯერ ათიათასი და ათასჯერ ათასი,
12რომლებიც დიდი ხმით ლაპარაკობდნენ: „ღირსია დაკლული კრავი, მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა“.
13და ყოველი ქმნილება, რომელიც არის ცაში და მიწაზე, მიწის ქვეშ და ზღვაში, და ყველაფერი, რაც მათშია, მესმოდა, რომ ამბობდა: „ტახტზე მჯდომსა და კრავს კურთხევა და პატივი და დიდება და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე“.
14და თქვა ოთხმა ცხოველმა: „ამინ“. ოცდაოთხი უხუცესი დაემხო და თაყვანი სცა ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე.

Currently Selected:

გამოცხ. 5: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in