YouVersion Logo
Search Icon

გამოცხ. 13

13
შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცის ხილვა
1დავინახე ზღვიდან ამომავალი მხეცი, რომელსაც შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა. რქებზე – ათი გვირგვინი და თავებზე ღვთისმგმობელი სახელები.
2მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჰგავდა ავაზას. მისი ფეხები – როგორც დათვისა, მისი პირი – როგორც ლომის ხახა. მისცა მას გველეშაპმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ხელმწიფება.
3ვიხილე, ერთი მის თავთაგან თითქოს სასიკვდილოდ იყო განგმირული, მაგრამ ეს სასიკვდილო ჭრილობა განიკურნა და განცვიფრდა მთელი მიწა და უკან გაედევნა მხეცს.
4თაყვანი სცეს გველეშაპს, რადგან ხელმწიფება მისცა მხეცს. თაყვანს სცემდნენ მხეცს და ამბობდნენ: „ვინ არის ამ მხეცისთანა და ვის ძალუძს მასთან შებრძოლება?“
5მიეცა მას პირი, რათა მედიდურად ელაპარაკა და დაეგმო ღმერთი. მიეცა მას ხელმწიფება სამოქმედოდ ორმოცდაორ თვეს.
6გააღო მან პირი ღვთის საგმობად და დაგმო მისი სახელი, მისი სავანე, ცაში დავანებულნი.
7ნება მიეცა მას, რომ ეომა წმიდებთან და გაემარჯვა მათზე. მიეცა მას ხელმწიფება ყველა ტომსა და ხალხზე, ენასა და ერზე.
8თაყვანი სცა მას მიწის ყველა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში, რომელიც აქვს სოფლის დასაბამიდან დაკლულ კრავს.
9ვისაც ყური აქვს, ისმინოს.
10ვისაც ტყვე მიჰყავს, თვითონაც ტყვედ წავა. ვინც მახვილით ჰკლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება. ამაშია წმიდათა მოთმინება და რწმენა.
ორრქიანი მხეცი
11ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი. მას ჰქონდა კრავის მსგავსი ორი რქა და ლაპარაკობდა, როგორც გველეშაპი.
12იგი მოქმედებდა პირველი მხეცის სრული ხელმწიფებით მის წინაშე და აიძულებდა მიწას და მის მკვიდრთ თაყვანი ეცათ პირველი მხეცისთვის, რომელსაც განეკურნა სასიკვდილო ჭრილობა.
13ახდენდა დიდ სასწაულებს, ცეცხლიც კი ჩამოიტანა ციდან მიწაზე ადამიანთა წინაშე.
14აცდუნებდა მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომლებიც მიეცა მას მხეცის წინაშე მოსახდენად, და ეუბნებოდა მიწის მკვიდრთ, რომ გაეკეთებინათ მხეცის ხატება, რომელსაც აქვს ჭრილობა მახვილისაგან და რომელიც გაცოცხლდა.
15მიეცა უფლება მხეცის ხატებისათვის სულის ჩასაბერად, რომ მხეცის ხატებას ელაპარაკა და ემოქმედა ისე, რომ მოკლულიყო ყოველი, ვინც თაყვანს არ სცემდა მხეცის ხატებას.
16აიძულა ყველა – პატარები და დიდები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები – მიეღოთ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე.
17რომ არავის შეძლებოდა ყიდვა-გაყიდვა, იმათ გარდა, ვისაც ექნებოდა ნიშანი – მხეცის სახელი ან მისი სახელის რიცხვი.
18აქ არის სიბრძნე. ვისაც გაგება აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგან რიცხვი ადამიანისაა და მისი რიცხვია ექვსას სამოცდაექვსი.

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in