გამოცხ. 14
14
კრავი დგას სიონის მთაზე თავის გამოსყიდულებთან ერთად
1ვიხილე: აჰა, კრავი დგას სიონის მთაზე და მასთან ასოცდაოთხი ათასი, რომელთაც შუბლებზე აწერიათ მისი სახელი და მისი მამის სახელი.
2გავიგონე ხმა ზეციდან, როგორც მრავალი წყლის ხმა და როგორც ძლიერი ქუხილის ხმა. და ხმა, რომელიც გავიგონე, ჰგავდა მექნარეთა ხმას, ქნარზე რომ უკრავენ.
3ისინი გალობდნენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველისა და უხუცესთა წინაშე. და არავის შეეძლო ამ საგალობლის შესწავლა, გარდა მიწისაგან გამოსყიდული ასორმოცდაოთხი ათასისა.
4ეს ისინი არიან, რომლებიც არ წაბილწულან დედაკაცებთან, ვინაიდან ქალწულები არიან. ეს ისინი არიან, რომლებიც მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს. ისინი არიან ადამიანთაგან გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისა და კრავისათვის.
5სიცრუე არ აღმოჩნდა მათ ბაგეში. ისინი უბიწონი არიან ღვთის ტახტის წინაშე.
სამი ანგელოზი აცხადებს
ღვთის სამსჯავროს მოახლოებას
6ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ზეცის შუა დაფრინავდა. მას ჰქონდა მარადიული სახარება, მიწის მკვიდრთათვის – ყოველი ერის და ტომის, ენისა და ხალხისათვის სახარებლად.
7ამბობდა დიდი ხმით: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი. თაყვანი ეცით ცისა და მიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს“.
8სხვა ანგელოზი მოჰყვა და თქვა: „დაეცა დიდი ბაბილონი, რომელმაც თავისი მძვინვარე მეძაობის ღვინო ასვა ყველა ხალხს“.
9მესამე ანგელოზი მოჰყვა მათ და თქვა დიდი ხმით: „ვინც თაყვანსა სცემს მხეცს და მის ხატებას და მიიღებს ნიშანს შუბლზე ან ხელზე,
10ის შესვამს ღვთის მძვინვარების ღვინისაგან, რომელიც მისი რისხვის თასში არის შემზადებული შეუზავებლად, და დაიტანჯება ცეცხლსა და გოგირდში წმიდა ანგელოზებისა და კრავის წინაშე.
11მათი წამების კვამლი იდინებს უკუნითი უკუნისამდე და არ ექნებათ მოსვენება არც დღისით და არც ღამით მხეცისა და მისი ხატების თაყვანისმცემლებს და მათ, ვინც იღებს მისი სახელის ნიშანს.“
12აქაა წმიდათა მოთმინება, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას.
ნეტარება უფალში დახოცილებისა
13გავიგონე ხმა ციდან, რომელიც მეუბნებოდა: „დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, რომელნიც ამიერიდან უფალში იხოცებიან. დიახ, ამბობს სული, რათა განისვენონ თავიანთ შრომათაგან. მათი საქმეები თან წაჰყვება მათ“.
კაცის ძე განიკითხავს, როგორც მკისას
14ვიხილე: აჰა, თეთრი ღრუბელი და ღრუბელზე კაცის ძის მსგავსი. თავზე ოქროს გვირგვინი ჰქონდა და ხელში – ბასრი ნამგალი.
15სხვა ანგელოზი გამოვიდა ტაძრიდან და დიდი ხმით შესძახა ღრუბელზე მჯდომს: „გაგზავნე შენი ნამგალი და მომკე, ვინაიდან დადგა მკის ჟამი, რადგან მოიწია სამკალი მიწაზე.“
16ღრუბელზე მჯდომმა გადმოაგდო თავისი ნამგალი მიწაზე და მოიმკა მიწა.
17სხვა ანგელოზი გამოვიდა ტაძრიდან, რომელიც ცაშია, და მასაც ჰქონდა ბასრი ნამგალი.
18სამსხვერპლოდან გამოვიდა სხვა ანგელოზი, რომელსაც ხელმწიფება ჰქონდა ცეცხლზე, და დიდი ხმით შესძახა მას, ვისაც ბასრი ნამგალი ჰქონდა: „გაგზავნე შენი ბასრი ნამგალი და მოკრიფე მიწის ვაზის მტევნები, ვინაიდან დამწიფდა მათი მარცვლები.“
19გადმოაგო ანგელოზმა თავისი ნამგალი მიწაზე და მოკრიფა მიწის ვაზებიდან და ჩაყარა ღვთის მძვინვარების დიდ საწნახელში.
20და დაიწნეხა საწნახელი ქალაქგარეთ და გამოვიდა სისხლი საწნახლიდან და მისწვდა ცხენების აღვირებასაც კი, ათას ექვსას სტადიონამდე.
Currently Selected:
გამოცხ. 14: GEO02
Highlight
Share
Compare
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002