ფსალმ. 70
70
1შენ გესავ, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ უკუნისამდე.
2შენი სიმართლით მიხსენი და გადამარჩინე, ყური მომაპყარ და მიშველე.
3იყავი ჩემთვის კლდოვანი თავშესაფარი, რომ მოვდიოდე შენთან მარადჟამს; რადგან ბრძანე ჩემი შველა, რადგან ჩემი ბურჯი და ჩემი სიმაგრე ხარ.
4ღმერთო ჩემო, მიხსენი ღვთის ხელისაგან, უკანონობის მოქმედის და მძარცველის ხელისაგან.
5რადგან შენა ხარ ჩემი იმედი, უფალო, უფალო, ღმერთო ჩემო, ჩემი სასო ყრმობიდანვე.
6შენზე ვიყავი დაყრდნობილი დედის მუცლიდანვე, შენ გამომიყვანე დედის წელიდან; შენ გეკუთვნის ჩემი ხოტბა მუდამ.
7საოცრებასავით ვიყავი მრავალთათვის; და შენ ხარ ჩემი მტკიცე თავშესაფარი.
8ივსება ჩემი პირი შენი ქებით, და შენმიერი ბრწყინვალებით ყოველჟამს.
9ნუ უკუმაგდებ სიბერის ჟამს, უძლურების დროს ნუ მიმატოვებ.
10რადგან მოილაპარაკეს ჩემმა მტრებმა ჩემზე და ერთად მოითათბირეს ჩემი სულის წინააღმდეგ ჩასაფრებულებმა.
11და ამბობენ: „ღმერთმა მიატოვა იგი; დაედევნეთ და შეიპყარით, რაკი არა ჰყავს მხსნელი.“
12ღმერთო, ნუ დამშორდები; ღმერთო ჩემო, ჩემს შესაწევად გამოეშურე.
13დაე, შერცხვნენ და მოისპონ ჩემი სულის მაშფოთარნი; სირცხვილმა და გაწბილებამ დაბუროს ჩემთვის სიავის მაძიებლები.
14ხოლო მე მსურს მარად მოველოდე და ვამრავლებდე შენს დიდებას.
15ბაგენი ჩემი ილაპარაკებენ შენს სიმართლეზე, ყოველდღე შენმიერ შველაზე, რომელთა რიცხვიც არ ვიცი.
16შევალ განსჯებში უფლის ძლიერებაზე, გავიხსენებ შენს სიმართლეს, მხოლოდ შენსას.
17ღმერთო, შენ მასწავლიდი ყრმობიდანვე და დღემდე ვიუწყები შენს საოცრებაზე.
18ასევე მოხუცებულობამდე და ღრმა სიბერემდე ვიდრე გავაცნობდე შენს მკლავს მომავალ თაობას და ყველა მომავალს – შენს სიძლიერეს.
19ხოლო შენი სიმართლე, ღმერთო, ზეცამდეა, რომ ჰქმენ საქმენი დიდნი; ღმერთო, ვინ არის შენი ბადალი?
20შენ მაჩვენე მრავალი და მძიმე გაჭირვება; კვლავ გამაცოცხლე და დედამიწის უფსკრულიდან ამომიყვანე კვლავ.
21შენ გაამრავლე დიდება ჩემი და მობრუნდი ჩემს სანუგეშებლად.
22მეც მადლობას გადაგიხდი ებნის საკრავით, გიგალობებ ქნარით, წმიდაო ისრაელისა.
23იხარებენ ჩემი ბაგენი, როს გიგალობებ შენ, და ჩემი სულიც, შენ რომ დაიხსენი.
24ჩემი ენაც ყოველდღე წარმოსთქვამს შენს სიმართლეს; რადგან შერცხვნენ და დამცირდნენ ჩემი ავის მაძიებელნი.
Currently Selected:
ფსალმ. 70: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002