YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 68

68
1გუნდის ლოტბარს. „შოშანიმის“ ხმაზე. დავითისა.
2მიხსენი, ღმერთო, რადგან ყელამდე მომადგა წყალი.
3ჩავიძირე გაუვალ ლაფში და არ არსებობს დასადგომი; შევედი წყლის სიღრმეში და სწრაფმა დინებამ წამიღო.
4მოვიქანცე ღაღადით, ყელი გამიშრა, თვალები ამომიღამდა ჩემი ღმერთის მოლოდინში.
5უმიზეზოდ მოძულე უფრო მეტი მყავს, ვიდრე თმა მაქვს თავზე. გაძლიერდნენ ჩემი მოსპობის მსურველნი, ჩემზე ტყუილ-უბრალოდ გადამტერებულნი; რაც არ წამირთმევია, ის უნდა დავუბრუნო.
6ღმერთო, შენ უწყი ჩემი უვიცობა და ჩემი დანაშაული დაფარული არ არის შენგან.
7ნუ შერცხვებიან ჩემს გამო შენი მოიმედენი, ღმერთო, უფალო ძალთაო; ნუ გაწბილდებიან ჩემს გამო, ვინც შენ გეძებს, ღმერთო ისრაელისა.
8რადგანაც შენი გულისათვის მივიღე ლანძღვა, სირცხვილმა დაფარა ჩემი სახე.
9შორეული გავხდი ჩემი ძმებისათვის და უცხო – დედაჩემის შვილთათვის.
10რადგან შენი სახლის შურმა დამღრღნა მე და შენთა მლანძღველთა ლანძღვა დამატყდა თავს.
11და ვტირი ჩემი სულის მარხვით, და მათი სალანძღავი გავხდი;
12და ჩავიცვი სამოსად ძაძა და იგავად ვიქეცი მათთვის.
13ჩემზე ლაპარაკობენ კარიბჭესთან მსხდომნი, და მღერიან ღვინის მსმელნი.
14და მე ვლოცულობ შენს მიმართ, უფალო, სასურველ დროს; ღმერთო, შენი დიდი წყალობით მიპასუხე შენი შველის ჭეშმარიტებით.
15მიხსენი ლავისგან, რომ არ დავინთქა; გადამარჩინე ჩემთა მოძულეთა და წყლის სიღრმეთაგან.
16ნუ გამიტაცებს წყლის ტალღა, და ნუ ჩამყლაპავს მორევი, და ნუ შეიკრავს ჩემზე პირს ჭა.
17მიპასუხე, უფალო, რადგან კარგია შენი წყალობა; შენი დიდი სიბრალულით გადმომხედე.
18ნუ დაფარავ სახეს შენი მორჩილისგან, რადგან მიჭირს;
19მოუახლოვდი ჩემს სულს, გადამარჩინე; ჩემი მტრების ჯიბრით მიხსენი.
20შენ იცი, ჩემი გალანძღვა, შენს თვალწინ არიან ჩემი მტრები.
21დამცირებამ დაამსხვრია ჩემი გული და ქანცი გამიწყდა; ველოდი თანამგრძნობლებს და არავინ იყო, მანუგეშებელს და ვერ ვპოვე.
22და აურიეს ჩემს საჭმელში ნაღველი, და წყურვილის დროს მასვეს ძმარი.
23იყოს მათი ტაბლა მათთვის ხაფანგად და სიმშვიდის ჟამს – მახედ.
24დაბნელდეს თვალნი მათნი და წელი მათი სამუდამოდ მოადუნე.
25გადმოაფრქვიე მათზე შენი მრისხანება, და შენი რისხვის ალი ეწიოთ მათ.
26სამკვიდრებელი მათი გაპარტახდეს, მათ კარვებში არ იყოს მკვიდრი!
27ვინაიდან, ვინც შენ გვემე, დევნიან, და შენგან დაჭრილთა სატკივარს ამრავლებენ.
28დაურთე ცოდვა მათს ცოდვას და ნუმც შეაღწევენ შენს სიმართლეში.
29ამოიშალონ ცოცხალთა წიგნიდან და მართლებთან ნუ ჩაიწერებიან.
30ხოლო მე ღარიბი და დავრდომილი ვარ. შენმა შველამ, ღმერთო, დამიფაროს მე.
31ვაქებ ღმერთის სახელს გალობით, განვადიდებ მადლიერებით.
32და უფრო მოეწონება უფალს, ვიდრე ხარი, მოზვერი რქიანი და ჩლიქიანი.
33ნახავენ მოკრძალებულნი, გაიხარებენ, და გაცოცხლდება გული თქვენი, მაძიებელნო ღმრთისა.
34რადგან მოუსმენს ღატაკებს უფალი და თავის ტყვეებს არ უგულებელყოფს.
35განადიდებენ მას ცა და დედამიწა, ზღვები და ყოველი მათში მოძრავი.
36რადგანაც ღმერთი დაიხსნის სიონს და ააშენებს იუდას ქალაქებს, და დასახლდებიან იქ და დაიმკვიდრებენ.
37მის მორჩილთა შთამომავლობა დაეუფლება მას, და მისი სახელის მოყვარულნი დაბინავდებიან მასში.

Currently Selected:

ფსალმ. 68: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Videos for ფსალმ. 68