YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 50

50
1გუნდის ლოტბარს. დავითის ფსალმუნი.
2რაჟამს მივიდა მასთან ნათან წინასწარმეტყველი, მას შემდეგ, რაც ბათ-შებაყთან შევიდა.
3შემიწყალე, ღმერთო, შენი მრავალი შემბრალებლობისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.
4მრავლად განმბანე ჩემი ბრალისაგან და ჩემი ცოდვისაგან განმწმიდე;
5რადგან ვიცი ჩემი დანაშაული, და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას.
6შენ, მხოლოდ შენ შემოგცოდე და ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში, ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და სწორი – შენს სამართალში.
7აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი.
8აჰა, შენ შეიყვარე ჭეშმარიტება გულით და გამაგებინე სიბრძნე ფარული.
9მასხურე უსუპით და განვიწმიდები; განმბანე და თოვლზე მეტად განვსპეტაკდები.
10მომასმენინე ლხინი და მხიარულება, გაახარე ჩემი ძვლები, შენ რომ დათრგუნე.
11სახე აარიდე ჩემს შეცდომებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე.
12სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში.
13ნუ უკუმაგდებ შენგან და ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს.
14დამიბრუნე სიხარული შენი ხსნით, და დიდებული სულით გამამაგრე.
15ვასწავლი დამნაშავეებს შენს გზებს, და ცოდვილნი დაბრუნდებიან შენთან.
16მიხსენ სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ჩემი ხსნისა, და ჩემი ენა ხოტბას შეასხამს შენს სიმართლეს.
17უფალო, გახსენი ჩემი ბაგენი, რომ ჩემთა ბაგეთა თქვან შენი ქება.
18რადგან მსხვერპლი არა გსურს, რომ შემოგწირო, და სრულადდასაწველს არ ინებებ.
19შესაწირავი ღმერთისა – სული მოდრეკილი. მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო.
20კეთილი უყავ შენი სურვილით სიონს, ააშენე გალავნები იერუსალიმისა.
21მაშინ ისურვებ სიმართლის შესაწირავებს, და სრულადდასაწველს; მაშინ აიტანენ შენს სამსხვერპლოზე ზვარაკებს.

Currently Selected:

ფსალმ. 50: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Videos for ფსალმ. 50