ფილ. 1
1
მისალმება
1პავლე, ქრისტე იესოს პატიმარი, და ძმა ტიმოთე, ფილიმონს – ჩვენს საყვარელსა და თანამშრომელს,
2და აპფიას, საყვარელ დას, და არქიპოსს, ჩვენს თანამებრძოლს, და შენს საშინაო ეკლესიას:
3მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
4ვმადლობ ჩემს ღმერთს, ყოველთვის გიხსენებ ჩემს ლოცვებში,
5მესმის რა შენი სიყვარული და რწმენა, რომელიც შენ გაქვს უფალ იესოს და ყველა წმიდის მიმართ,
6რათა შენი თანაზიარება რწმენაში ქმედითი იყოს შეცნობისას ყოველი სიკეთისა, რომელიც თქვენშია, ქრისტესათვის,
7ვინაიდან მე დიდი სიხარული და ნუგეში მქონდა შენს სიყვარულში, რადგან შენით გახალისდნენ წმიდათა გულები, ძმაო.
შუამავლობა ონისიმოსისათვის. მოკითხვა
8ამიტომ, რაკი ქრისტეში მაქვს დიდი სითამამე, რომ გიბრძანო, რაც ჯერ არს,
9სიყვარულით გთხოვ უფრო, არა ვინმე სხვა, არამედ მე, მოხუცებული პავლე, ახლა კი აგრეთვე ქრისტე იესოსთვის პატიმარი,
10გთხოვ ჩემს შვილზე, ონისიმოსზე, რომელიც ვშვი ჩემს ბორკილებში.
11იგი ოდესღაც გამოუსადეგარი იყო შენთვის, ახლა კი შენთვისაც და ჩემთვისაც გამოსადეგია, რომელსაც გიბრუნებ.
12ხოლო შენ მიიღე იგი, როგორც ჩემი გული.
13მინდოდა ჩემთან დამეყენებინა იგი, რათა შენს მაგივრად ემსახურა ჩემთვის სახარების ბორკილებში,
14მაგრამ შენი თანხმობის გარეშე არაფრის გაკეთება არ ვინდომე, რათა შენი კეთილი საქმე ნაძალადევი კი არ ყოფილიყო, არამედ ნებაყოფლობითი.
15ვინაიდან, იქნებ იმიტომ დაგშორდა დროებით, რომ სამუდამოდ მიგეღო იგი,
16უკვე არა როგორც მონა, არამედ მონაზე მეტი, საყვარელი ძმა, განსაკუთრებით ჩემთვის და, მით უმეტეს, შენთვის ხორციელადაც და უფალშიც.
17მაშ, თუ თანაზიარად მიგაჩნივარ, მიიღე ის, ვითომც მე ვიყო.
18თუ რამე გაწყენინა ან მართებს რაიმე, მე მომკითხე.
19მე, პავლემ, დავწერე ჩემი ხელით. მე გადავიხდი, რათა არ გითხრა, რომ შენ თავად მოვალე ხარ ჩემი.
20მაშ, ასე, ძმაო, ვიხარებდე შენგან უფალში. გაახალისე ჩემი გული ქრისტეში.
21შენი მორჩილების სასოებით მოგწერე და ვიცი, რომ იმაზე მეტსაც გააკეთებ, ვიდრე ვამბობ.
22ამასთან გამიმზადე ბინაც, ვინაიდან იმედი მაქვს, რომ თქვენი ლოცვების მეოხებით უკან დაგიბრუნდებით.
23მოგიკითხავენ შენ ეპაფრასი, ჩემი თანაპატიმარი ქრისტე იესოს გულისათვის,
24მარკოზი, არისტარქოსი, დემა, ლუკა – ჩემი თანამშრომლები.
25ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენს სულთან. ამინ.
Currently Selected:
ფილ. 1: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002