მიქ. 7
7
ღმერთის წყალობის აღთქმა
1ვაგლახ, რომ ნარჩენი ხილის შემგროვებელს და ყურძნის მომმცვრეველს დავემსგავსე! ერთი მტევანიც არ შერჩენია საჭმელად, პირველმოწეულ ხილს ნატრობს ჩემი სული.
2გადაშენდა ღვთისნიერი ქვეყანაზე და აღარავინ არის წრფელი კაცთა შორის; ყველანი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან, ერთმანეთზე ნადირობენ სათხევლით;
3გაწაფულია მათი ხელები ბოროტის ქმნაში; მთავარი და მსაჯული გასამრჯელოს მოითხოვენ; დიდებული სიხარბეს იჩენს და სამართალს ამრუდებს;
4უკეთესი მათ შორის ნარ-ეკალსა ჰგავს, წრფელი კი ძეძვზე უარესია. დადგება შენი მოთვალყურის დღე, შენი მონახულების დღე, მაშინ შეშფოთდებიან ისინი.
5ნუ ერწმუნები ახლობელს, ნუ ენდობი მეგობარს, შენს გვერდით მწოლისგან დაიცავი შენს ბაგეთა კარი –
6რადგან შვილი არცხვენს მამას, ქალიშვილი თავის დედას ეურჩება, რძალი – თავის დედამთილს. კაცის მტრები არიან მისი შინაურები.
ნატამალის ხმა უკანასკნელ დღეებში
7მე კი უფალს შევცქერი, ვესავ ჩემი ხსნის ღმერთს. შემიწყნარებს ჩემი ღმერთი.
8ნუ ხარობ ჩემზე, ჩემო მტერო! თუმც დაცემული ვარ, აღვდგები; თუმც ბნელში ვზივარ, უფალია ჩემი ნათელი!
9დავითმენ უფლის რისხვას, (რადგან ცოდვილი ვარ მის წინაშე), ვიდრე ჩემს საქმეს არ გაიკითხავს და არ გადამიწყვეტს თავის სამართალს. ნათელში გამიყვანს და მე ვიხილავ მის სიკეთეს.
10დაინახავს ამას ჩემი მტერი და სირცხვილი შეიპყრობს, რომ მეუბნებოდა, სად არის უფალი, შენი ღმერთიო? მაშინ იხილავენ მას ჩემი თვალები, როცა ქუჩის ტალახივით სათელავი გახდება.
11შენი კედლების აშენების დღე შენი რჯულის გავრცელების დღე იქნება.
12იმ დღეს შენამდეც მოვლენ აშურიდან და ეგვიპტის ქალაქებიდან; ეგვიპტიდან ევფრატამდე, ზღვიდან ზღვამდე და მთიდან მთამდე.
13გაუდაბურდება ქვეყანა მის მკვიდრთა მიზეზით, მათ ნამოქმედართა ნაყოფების მიზეზით.
14დამწყესე შენი კვერთხით შენი ერი, შენი სამკვიდროს ფარა, ტყეში მარტოდმარტო რომ ცხოვრობს, ქარმელს შორის! იბალახოს ბაშანში და გილყადში ძველებურად!
15გაჩვენებ სასწაულებს, როგორც იმ დღეებში გაჩვენე, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოდიოდი.
16დაინახავენ ხალხები და შერცხვებათ თავიანთი ძლიერებისა; ხელს პირზე მიიდებენ და სასმენელნი დაუყრუვდებათ;
17მტვერს დაუწყებენ ლოკვას გველივით, ქვეწარმავალივით; აკანკალდებიან თავიანთ ციხე-კოშკებში; შიშის ზარი ექნებათ უფლის, ჩვენი ღვთისა, და შენიც შეეშინდებათ.
18რომელ ღმერთს მოუთმენია შენს გარდა უკეთურება და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია.
19კვლავ შეგვიბრალებს ჩვენ; დათრგუნავს ჩვენს უკეთურებებს. ზღვის უფსკრულებში მოისვრის ყოველ მათ ცოდვას.
20დაუდასტურებ იაკობს გამტანობას და აბრაამს – სიყვარულს, რომელიც ჩვენს მამებს შეჰფიცე ძველთაგანვე.
Currently Selected:
მიქ. 7: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002