მიქ. 6
6
უთანხმოება ღმერთსა და ხალხს შორის
1ისმინეთ, რას ამბობს უფალი: „აღდექ, დავა გაუმართე მთებს და ასმინე შენი ხმა გორაკებს!
2ისმინეთ, მთებო, უფლის დავა, და თქვენც, დედამიწის მყარო საფუძვლებო, რადგან დავა აქვს უფალს თავის ერთან და უჩივის ისრაელს.
3ჩემო ერო, რა გაგიკეთე, და რითი დაგაღონე? გამეცი პასუხი.
4ხომ გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან და მონობის სახლიდან გამოგისყიდე; წინ წაგიმძღვარე მოსე, აარონი და მირიამი.
5ჩემო ერო, გაიხსენე, რას განიზრახავდა ბალაკი – მოაბის მეფე, და რა პასუხს სცემდა მას ბილყამ ბეყორის ძე, შიტიმიდან გილგალამდე, რათა გცოდნოდა უფლის წყალობანი.“
6რით წარვდგე უფალთან და თაყვანივცე მაღალ ღმერთსო? სრულადდასაწველებით, წელგამოვლილი ხბორებით ხომ არ წარვდგეო?
7ეამება კი უფალს ათასი ვერძი, ზეთის ათიათასი მდინარეო? ხომ არ მივცე ჩემი პირმშო ჩემი დანაშაულის წილ, ნაყოფი ჩემი წიაღისა ჩემი საკუთარი ცოდვის წილ?
8ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე, და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას, და წყალობის სიყვარულს; მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე.
9უფლის ხმა მოუწოდებს ქალაქს და, ვინც ნაცადია, შეეშინდება შენი სახელის: „გაუგონეთ კვერთხს და მის დამდგენელს.
10თუ არის კიდევ უკეთურის სახლში უკეთური განძი და დამცრობილი საწყაო, დაწყევლილი?
11როგორ გავამართლო უკეთური სასწორი და ქისა – მატყუარა საწონით?
12რადგან ქალაქის მდიდრები აივსნენ დატაცებულით. მისი მცხოვრებნი ტყუილებს ლაპარაკობენ, და ცრუა მათი ენა მათ პირში.
13და მეც სასტიკად დაგცხებ, გაგატიალებ შენი ცოდვების გამო.
14შეჭამ და ვერ ვაძღები, შიმშილი გექნება მუცელში. გადამალავ, მაგრამ ვერ შეინარჩუნებ – მახვილს მივცემ.
15დათესავ და ვერ მოიმკი, ზეთს გამოხდი და ვერ იცხებ, ღვინოს დაწურავ და ვერ შესვამ.
16მოქმედებს თქვენში ყომრის წესები და ყოველი საქმე – ახაბის სახლისა; მისდევთ მათ თათბირს, რომ გაგატიალოთ და სასაცილოდ გავხადო მისი მცხოვრებნი, და ჩემი ერის სირცხვილი იტვირთოთ.“
Currently Selected:
მიქ. 6: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002