ნაუმ. 1
1
უფალი – წმიდაა
1ნინევეს განაჩენი. ელკოშელი ნაუმის ხილვის წიგნი.
2იჭვიანი და შურისმგებელი ღმერთია უფალი. შურისმგებელია უფალი და რისხვიანი. შურს მიაგებს უფალი თავის მოწინააღმდეგეთ და ჯავრს არ შეარჩენს თავის მტრებს.
3სულგრძელია უფალი და დიდძალოვანი, დაუსჯელს არავის გაუშვებს. გრიგალშია უფალი და ქარბორბალშია მისი სავალი. ღრუბელი მის ფერხთა მტვერია.
4დაემუქრება ზღვას და ამოაშრობს, და დაშრეტს ყველა მდინარეს. გადახმება ბაშანი და ქარმელი, დაჭკნება ლიბანის ყვავილი.
5მის ქვეშ იდრიკებიან მთები და ლღვებიან ბორცვები. წამოიმართება მის წინაშე დედამიწა, სამყარო და ყოველი მისი მკვიდრი.
6ვინ გაუძლებს მის წყრომას? ვინ აიტანს მის მძვინვარებას? ცეცხლად იღვრება მისი რისხვა, კლდეები ირღვევიან მისგან.
7კეთილია უფალი – ციხე-სიმაგრე გასაჭირში, და სცნობს მათ, ვინც მას ესავენ.
8მოვარდნილი ღვართქაფივით წალეკავს მის ადგილს, და თავის მტრებს ჩარეკავს წყვდიადში.
9რა განუზრახეთ უფალს? ბოლოს მოუღებს ყველაფერს და ვეღარ აღდგება მტერი.
10რადგან ეკალ-ბარდებივით ჩახლართულნი და მომთვრალეთა მსგავსად დამთვრალნი ერთიანად გადაიბუგებიან ხმელ ჩალასავით.
11შენგან გამოვიდა უფლის წინააღმდეგ ავისმზრახველი, ბელიარის მრჩეველი.
12ასე თქვა უფალმა: „თუნდაც ჯანით სავსენი იყვნენ და უამრავნიც, მაინც გაწყდებიან, გადაშენდებიან. ხომ გაგტანჯე, მაგრამ მეტად აღარ გაგტანჯავ.
13„ახლა კი დავლეწავ მის უღელს, ქედზე რომ გადგას, და დავწყვეტ შენს ბორკილებს.“
14ასე ბრძანა შენზე უფალმა: „აღარ მოშენდება შენი სახელი. გავაქრობ კერპსა და ქანდაკს შენი ღმერთის სახლიდან. საფლავს გაგიმზადებ, რადგან არარაობა ხარ.“
Currently Selected:
ნაუმ. 1: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002