მიქ. 2
2
უფალი აღიჭურვა ისრაელზე
1ვაი მათ, ვინაც ავსა და ბოროტს განიზრახავენ სარეცელზე მწოლნი, და რა ინათებს – განთიადზე – ისრულებენ მას, რადგან ძალა აქვთ ხელში!
2მოუნდებათ ყანები და იტაცებენ, სახლები – და მიაქვთ; ავიწროებენ კაცსა და მის სახლს, ადამიანს და მის სამკვიდროს.
3ამიტომ ასე ამბობს უფალი: „აჰა, ბოროტს ვიზრახავ ამ მოდგმაზე, რომლისგანაც ვერ გაითავისუფლებთ კისრებს და გამართულად ვერ ივლით, რადგან ავი დროება იქნება.
4იმ დღეს შეთხზავენ თქვენზე იგავს, გაიმართება გლოვა და ითქმება: ‘გაძარცულნი ვართ! ჩემი ხალხის წილი სხვამ მიიკუთვნა! როგორ გამცილდა! ჩვენს დამატყვევართ დაუნაწილდა ჩვენი ყანები.’
5ამიტომ არ გეყოლება უფლის კრებულში წილისყრით მიწის გამზომელი.
6ნუ ქადაგებთ, მოქადაგენო! არ უქადაგოთ მათ, ვინც ვერ გაექცევა სირცხვილს.
7ნათქვამია, იაკობის სახლო: ‘განა სულმოკლეა უფალი? ასეთია მისი საქმეები?’ განა კეთილი არ მოაქვს ჩემს სიტყვებს იმათთვის, ვინც წრფელად იქცევა?
8ადრიდანვე მტრად აღდგა ჩემი ხალხი – ადრევე ხდიდით ტანისამოსს არხეინად მომავალთ, ბრძოლიდან დაბრუნებულთ.
9ჩემი ერის ქალებს მათი სანუკვარი სახლებიდან ერეკებით. მათ ბავშვებს სამუდამოდ ართმევთ ჩემს დიდებას.
10ადექით და წადით, არ არის აქ განსასვენებელი ადგილი. უწმიდურების გამო გაიტანჯება და მწარე იქნება სატანჯველი.
11ოჰ, ერთი მოიტყუებოდეს ქარისა და სიცრუის მადევარი კაცი: მე გიქადაგებთ ღვინოზე და თაფლუჭზეო! ის იქნებოდა ამ ხალხის ქადაგი.
აღთქმა ნეშტებს
12მთლიანად შეგკრებ, იაკობ, თავს მოვუყრი ისრაელის ნატამალს; ერთად დავსხამ, როგორც ცხვარს ფარეხში; როგორც ფარა თავის სადგომში, ისე ახმაურდება კაცთა სიმრავლისგან.
13მათ წინ აივლის კედლის მნგრეველი, გაანგრევენ და გაივლიან კარიბჭეში, და უკანვე გამოვლენ. ჩაივლის მათ წინ მათი მეფე და უფალი – მათ სათავეში.“
Currently Selected:
მიქ. 2: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002