მიქ. 3
3
მომავალი სასამართლო წინამძღვრებზე
1და ვთქვი მე: „ისმინეთ, იაკობის მთავარნო და ისრაელის სახლის მსაჯულნო! განა არა ხამს თქვენთვის სამართლის ცოდნა?
2სიკეთის მოძულენი და ბოროტების მოყვარულნი ხართ; ტყავს აძრობთ ჩემს ხალხს და ძვლებიდან ხორცს აგლეჯთ.
3როცა ჭამენ ჩემი ხალხის ხორცს, ტყავს ხდიან, მათ ძვლებს ამტვრევენ და აქუცმაცებენ, როგორც ქოთანში, და ხორცს, როგორც ქვაბში ჩასაყრელად.“
4მაშინ შეჰღაღადებენ უფალს, ის კი ხმას არ სცემს მათ. თავის სახეს უმალავს იმ დროს, როცა ბოროტებას სჩადიან.
5ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებზე, რომლებიც გზა-კვალს ურევენ ჩემს ხალხს. მშვიდობას რომ ქადაგებენ და კბილებით კი რაღაცას ჯიჯგნიან. თუ ვინმემ რამე არ ჩაუდო პირში, ომს უცხადებენ.
6ამიტომ დაგიდგებათ ღამე ხილვების გარეშე და სიბნელე – მისნობის გარეშე. მზე ჩაესვენება წინასწარმეტყველთა თავზე და დღე დაუბნელდებათ.
7გაწბილდებიან მისნები, შერცხვებიან მკითხავები და პირს მოკუმავენ ყველანი, რადგან პასუხს არ გაიღებს ღმერთი.
8მე კი აღვსილი ვარ ძალით, უფლის სულით, სიმართლითა და სიმტკიცით, რომ გამოვუცხადო იაკობს მისი დანაშაული და ისრაელს – მისი ცოდვა.
9ისმინეთ ეს, იაკობის სახლის მთავარნო და ისრაელის სახლის განმგებელნო, რომელთაც შეგიძულებიათ სამართალი და ყოველივე წრფელი გაგიმრუდებიათ.
10სისხლით რომ აშენებთ სიონს და უსამართლობით – იერუსალიმს.
11მისი მთავრები ქრთამით სჯიან სამართალს და მისი მღვდლები გასამრჯელოს ართმევენ დამოძღვრაში, მისი წინასწარმეტყველნი ვერცხლზე მისნობენ, უფალს ემყარებიან, ამბობენ: „განა ჩვენს შორის არ არის უფალი? უბედურება არ გვეწვევაო.“
12ამიტომ შენს გამო ყანად გადაიხვნება სიონი და იერუსალიმი ნანგრევებად იქცევა, ტაძრის მთა კი – ტყიან ბორცვად.
Currently Selected:
მიქ. 3: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002