YouVersion Logo
Search Icon

ლუკ. 6

6
ძე კაცისა შაბათის უფალიც არის
1ერთხელ, შაბათს, ყანებზე გადავლა მოუხდა; და მისი მოწაფეები წყვეტდნენ თავთავებს, ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ.
2ფარისეველთაგან ზოგიერთებმა უთხრეს მათ: „რატომ აკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შაბათს არაა ნებადართული?“
3და მიუგო და უთხრა მათ იესომ: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა მოშივდა მას და მასთან მყოფებს?
4როგორ შევიდა ღვთის სახლში, აიღო და შეჭამა საწინაშეო პურები და თავისთან მყოფთაც დაურიგა, რომლის ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდლებისა?“
5და უთხრა მათ: „შაბათის ბატონიც არის კაცის ძე.“
6და მოხდა, რომ ერთ სხვა შაბათსაც შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა მათ. იქ იყო კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი გამხმარი ჰქონდა.
7მწიგნობარნი და ფარისეველნი უთვალთვალებდნენ მას, აბა, შაბათს თუ განკურნავსო, რათა ეპოვათ როგორ დაედოთ ბრალი მისთვის.
8მან იცოდა მათი ზრახვები და უთხრა კაცს, რომელსაც ხელი გამხმარი ჰქონდა: „ადექ და გამოდი შუაში!“ ისიც ადგა და დადგა შუაში.
9უთხრა იესომ მათ: „გეკითხებით თქვენ: შაბათ დღეს კეთილის კეთება შეიძლება თუ ბოროტისა? სულის ხსნა შეიძლება თუ დაღუპვა?“
10და თვალი მოავლო ყველას და უთხრა მას: „გაიწოდე შენი ხელი!“ ასეც მოიქცა და მოურჩა ხელი.
11ისინი კი რისხვით აღივსნენ და ურთიერთშორის მსჯელობდნენ, რა ექნათ იესოსთვის.
თორმეტი მოციქულის არჩევა
12იმ დღეებში წავიდა იგი მთაზე სალოცავად და მთელი ღამე ღვთისადმი ლოცვაში გაატარა.
13დღე რომ დადგა, დაუძახა თავის მოწაფეებს და ამოირჩია მათგან თორმეტი, რომელთაც მოციქულები უწოდა:
14სიმონი, რომელსაც პეტრე შეარქვა, მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართოლომე,
15მათე და თომა, იაკობ ალფესი და სიმონი, მოშურნედ წოდებული.
16იუდა იაკობის ძე და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა.
17და ჩავიდა მათთან ერთად და დადგა ვაკე ადგილას. იქ იყო მრავალი მისი მოწაფე და ბევრი ხალხი იუდეიდან და იერუსალიმიდან, და ზღვისპირეთიდან – ტვიროსიდან და ციდონიდან,
18რომელნიც მოვიდნენ, რომ მისთვის მოესმინათ და თავიანთი სნეულებებისგან განკურნებულიყვნენ – უწმიდური სულით გატანჯულნიც – და იკურნებოდნენ.
19მთელი ხალხი ცდილობდა შეხებოდა მას, ვინაიდან მისგან გამოდიოდა ძალა და ყველას კურნავდა.
ნეტართათვის. სიყვარული და სამსჯავრო
20აღმართა მზერა თავის მოწაფეებზე და უთხრა: „ნეტარნი ხართ, გლახაკნი, ვინაიდან თქვენია ღვთის სასუფეველი.
21ნეტარნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, ვინაიდან გაძღებით. ნეტარნი ხართ, ვინც ახლა ტირით, ვინაიდან გაიცინებთ.
22ნეტარნი ხართ, როცა შეგიძულებენ ადამიანები, როცა გაგყრიან და გაგლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს განდევნიან, როგორც ბოროტს, კაცის ძის გამო.
23გაიხარეთ იმ დღეს და გამხიარულდით, ვინაიდან, აჰა, დიდია თქვენი საზღაური ცაში, ვინაიდან ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთ მათი მამები.
24მაგრამ, ვაი თქვენ, მდიდარნო, ვინაიდან უკვე მიიღეთ თქვენი ნუგეშისცემა.
25ვაი თქვენ, მაძღარნო, აწ, ვინაიდან მოგშივდებათ. ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, ვინაიდან იგლოვებთ და იტირებთ.
26ვაი თქვენ, როცა ყველანი კარგს ილაპარაკებენ თქვენზე. ასევე ექცეოდნენ ცრუწინასწარმეტყველთ მათი მამები.
27ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს.
28აკურთხებდეთ თქვენს მაწყევრებს და ლოცულობდეთ თქვენსავე შეურაცხმყოფელთათვის.
29ვინც ლოყაში გაგარტყას, მეორეც მიუშვირე. ვინც სამოსელი წაგართვას, მოსასხამსაც ნუ დაუჭერ.
30ყველას, ვინც გთხოვოს, მიეცი და ვინც გამოგართმევს, უკან ნუღარ მოსთხოვ.
31როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ.
32თუ თქვენი მოყვარულნი გეყვარებათ, თქვენთვის რა მადლია? ვინაიდან ცოდვილთაც უყვართ თავიანთი მოყვარულნი.
33თუ სიკეთეს უზამთ თქვენს კეთილისმყოფელთ, თქვენთვის რა მადლია? ცოდვილნიც ასევე აკეთებენ.
34თუ სესხს აძლევთ იმას, ვისი იმედიც გაქვთ, რომ უკან დაგიბრუნებთ, ეს რაღა მადლია? ცოდვილნიც ასესხებენ ცოდვილთ, რომ დაიბრუნონ იმდენივე.
35ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით და ასესხეთ და ნურაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური: მაღლის ძენი იქნებით, ვინაიდან იგი კეთილია უმადურთა და ბოროტთა მიმართაც.
36იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე.
37ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით; მსჯავრს ნუ დასდებთ და არ დაგედებათ მსჯავრი; მიუტევეთ და მოგეტევებათ.
38მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე, მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.“
39იგავიც უთხრა მათ: „განა შეუძლია ბრმას ბრმის მეგზურობა? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივდებიან?
40მოწაფე მასწავლებელზე მეტი არ არის, ხოლო ყველა სწავლაგასრულებული, ისეთივე იქნება, როგორც მისი მასწავლებელი.
41რად უყურებ წველს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ამჩნევ?
42ანდა როგორ შეგიძლია უთხრა შენს ძმას: ძმაო, მიმიშვი, ამოგიღო თვალიდან წველი, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, თუ როგორ უნდა ამოუღო შენს ძმას თვალიდან წველი.
43არ არსებობს კარგი ხე, რომელმაც ცუდი ნაყოფი გამოიღოს; არც ცუდი ხე, რომელმაც კარგი ნაყოფი გამოიღოს.
44ვინაიდან ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა: ეკალზე ხომ ვერ მოკრეფენ ლეღვს და არც მაყვლის ბუჩქებზე იკრიფება ყურძენი.
45კეთილი კაცი თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთეს გამოიღებს, ბოროტი კაცი კი ბოროტისგან ბოროტს გამოიღებს. ვინაიდან გულის სავსებისაგან მეტყველებს მისი პირი.
46რატომ მიწოდებთ: ‘უფალო, უფალო!’ და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით?
47ყველა, ვინც ჩემთან მოდის, ჩემს სიტყვებს ისმენს და მათ ასრულებს, გიჩვენებთ ვისაცა ჰგავს.
48იგი ჰგავს სახლის მშენებელ კაცს, რომელმაც მოთხარა, ჩააღრმავა და კლდეზე დადო საძირკველი. წყალდიდობისას მდინარე ეკვეთა იმ სახლს და ძვრა ვერ უყო, ვინაიდან კარგად იყო ნაშენი.
49ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს, იგი ჰგავს კაცს, რომელმაც სახლი ააშენა მიწაზე უსაძირკვლოდ და, როცა მდინარე ეკვეთა, უმალ დაინგრა და ძალზე დიდი იყო იმ სახლის ჩამოქცევა.“

Currently Selected:

ლუკ. 6: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy