YouVersion Logo
Search Icon

ლუკ. 5

5
პირველ მოწაფეთა მოწოდება
1ერთხელ, როცა ხალხის ბრბო აწყდებოდა მას, რომ ღვთის სიტყვა მოესმინათ, და ის იდგა გენესარეთის ტბასთან,
2დაინახა ტბასთან მდგომი ორი ნავი. ნავებიდან გადმოსული მებადურები ბადეებს რეცხავდნენ.
3ავიდა ერთ ნავზე, რომელიც სიმონისა იყო. სთხოვა ნაპირს ცოტა გაშორებოდა, ჩაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს.
4როცა ლაპარაკი დაამთავრა, უთხრა სიმონს: „შეცურდი ღრმად და მოისროლეთ ბადეები თევზის დასაჭერად.“
5მიუგო სიმონმა და უთხრა: „მოძღვარო, მთელი ღამე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ. მაგრამ შენი სიტყვით ვისვრი ბადეს.“
6ასეც მოიქცნენ. იმდენი თევზი მოიმწყვდიეს, რომ ბადეები ეხეოდათ.
7ნიშანი მისცეს ამხანაგებს მეორე ნავში, რომ მოსულიყვნენ მოსაშველებლად. მოვიდნენ და ისე აავსეს ორივე ნავი, რომ ლამის იძირებოდნენ.
8ეს რომ დაინახა სიმონ-პეტრემ, დაეცა იესოს მუხლებთან და უთხრა: „გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ.“
9რადგან შიშმა შეიპყრო იგი და ყველა მასთან მყოფი იმ თევზისჭერის გამო, მათ რომ დაიჭირეს.
10ასევე იაკობი და იოანე, ზებედეს ძენი, სიმონის მოზიარენი. და უთხრა სიმონს იესომ: „ნუ გეშინია, ამიერიდან ადამიანთა დამჭერი იქნები.“
11მიაყენეს ნავები მიწას, ყველაფერი მიატოვეს და გაჰყვნენ მას.
კეთროვნის და უძლურის განკურნება
12ერთხელ, ერთ-ერთ ქალაქში მისი ყოფნისას, აჰა, მოვიდა კეთრით დაფარული კაცი. დაინახა იესო და დაემხო, ევედრებოდა და ეუბნებოდა: „უფალო, თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმედა.“
13და გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: „მსურს, განიწმიდე!“ და მყისვე მოშორდა კეთრი.
14და უბრძანა მას: „არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმედისთვის, როგორც დაუდგინა მათ მოსემ მოწმობად.“
15და უფრო და უფრო ვრცელდებოდა სიტყვა მის შესახებ და დიდძალი ხალხი დაჰყვებოდა მას, რათა მოესმინათ და განკურნებულიყვნენ თავიანთ სნეულებათაგან.
16ის კი უდაბურ ადგილებში მიდიოდა და ლოცულობდა.
17ერთ დღეს, როცა ის ასწავლიდა, ისხდნენ იქ ფარისეველნი და რჯულის მოძღვარნი, რომელნიც მოსულიყვნენ გალილეისა და იუდეის ყოველი კუთხიდან და იერუსალიმიდან, და უფლის ძალა იყო მასთან განსაკურნავად,
18აჰა, კაცებმა საწოლით მოიყვანეს ადამიანი, რომელიც დავრდომილი იყო, და ცდილობდნენ, შიგნით შეეყვანათ და იესოს წინ დაეწვინათ.
19და რომ ვერ მოახერხეს მისი შეყვანა ხალხმრავლობის გამო, ერდოზე ავიდნენ და კრამიტებს შორის საწოლიანად ჩაუშვეს შუაგულ ოთახში იესოს წინ.
20რომ დაინახა მათი რწმენა, უთხრა: „ადამიანო, მოგეტევა შენი ცოდვები.“
21და იწყეს მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მსჯელობა ურთიერთშორის და ამბობდნენ: „ვინ არის ეს, ღმერთს რომ გმობს? ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღვთის გარდა?“
22იესო მიხვდა მათ ზრახვებს, და მიუგო და უთხრა: „რას კითხულობთ თქვენს გულში?
23რა უფრო ადვილია, თქმა: შენი ცოდვები მოგეტევა, თუ თქმა: ადექ და გაიარე?
24რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს მიწაზე აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება, – ეუბნება დავრდომილს: შენ გეუბნები, ადექ, აიღე შენი საწოლი და შინ წადი.“
25და მყისვე წამოდგა მათ წინაშე, აიღო, რაზეც იწვა, და წავიდა თავის სახლში და ადიდებდა ღმერთს.
26და განცვიფრებამ შეიპყრო ყველა და ადიდებდნენ ღმერთს და შეშინებულები ამბობდნენ: საოცრებანი ვიხილეთო დღეს.
ლევის მოწოდება.
„არა მართალთა, არამედ ცოდვილთა“
27ამის შემდეგ გამოვიდა და დაინახა მებაჟე, სახელად ლევი, რომელიც იჯდა საბაჟოში, და უთხრა მას: „გამომყევი მე.“
28მანაც მიატოვა ყოველივე, წამოდგა და გაჰყვა მას.
29და მოუმზადა ლევიმ მას დიდი ნადიმი თავის სახლში. და იყო იქ ბევრი მებაჟე და სხვანი, რომლებიც მათთან ერთად უსხდნენ სუფრას.
30მათი მწიგნობარნი და ფარისეველნი დრტვინავდნენ და ეუბნებოდნენ მის მოწაფეებს: „რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?“
31და მიუგო იესომ და უთხრა მათ: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ.
32მოვედი არა მართალთა მოსაწოდებლად, არამედ ცოდვილთა, რათა მოინანიონ.“
ახალი ღვინო და საკერებელი
33მათ კი უთხრეს მას: „იოანეს მოწაფეები ხშირად მარხულობენ და ლოცვებს აღავლენენ, ასევე ფარისეველთანიც. შენები კი ჭამენ და სვამენ.“
34იესომ უთხრა მათ: „როგორ აიძულებთ მექორწილეებს, იმარხულონ, ვიდრე ნეფე მათთან არის?
35მაგრამ დადგება დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ, იმ დღეებში.“
36იგავიც უთხრა მათ: „არავინ მოხევს საკერებელს ახალ სამოსელს და არ დაადებს ძველ სამოსელს, თორემ ახალსაც დახევს და ძველსაც არ გამოადგება ახალი სამოსლის საკერებელი.
37არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ახალი ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც დაიღუპება.
38არამედ ახალი ღვინო ახალ ტიკებში უნდა ჩაისხას.
39არც ერთი ძველის მსმელი არ მოისურვებს ახალს, რადგან იტყვის: ძველი სჯობიაო.“

Currently Selected:

ლუკ. 5: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy