YouVersion Logo
Search Icon

ლუკ. 7

7
ასისთავის მონის განკურნება.
ქვრივის ვაჟის გაცოცხლება
1როცა მან დაასრულა ყველა თავისი სიტყვა ხალხის სასმენელთა მიმართ, შევიდა კაპერნაუმში.
2ერთ ასისთავს ავად ჰყავდა და უკვდებოდა მონა, რომელიც მისთვის ძვირფასი იყო,
3იესოზე რომ მოისმინა, გაგზავნა მასთან იუდეველთა უხუცესები სათხოვნელად, რათა მოსულიყო და განეკურნა მისი მონა.
4ისინი მივიდნენ იესოსთან, სთხოვეს მხურვალედ და უთხრეს: „იგი ღირსია, რომ ეს გაუკეთო,
5ვინაიდან უყვარს ჩვენი ხალხი და სინაგოგა მან აგვიშენა.“
6იესო წაჰყვა მათ და უკვე იმ სახლის შორი-ახლოს იყვნენ, როცა ასისთავმა გამოუგზავნა მეგობრები მისთვის სათქმელად: „უფალო, ნუ გაირჯები, ვინაიდან ღირსი არა ვარ, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე.
7ამიტომ ჩემი თავიც არ მივიჩნიე შენთან მოსვლის ღირსად. მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა.
8რადგან მეც, ძალაუფლებას დამორჩილებულს, ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები: ‘წადი!’ და მიდის. და სხვას: ‘მოდი!’ და მოდის. ჩემს მონას: ‘გააკეთე ეს!’ და აკეთებს.“
9ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა მისი, მიუბრუნდა თავის უკან მომავალ ხალხს და უთხრა: „გეუბნებით, რომ ისრაელშიც ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა.“
10წარგზავნილებმა სახლში დაბრუნებისას გამოკეთებული ნახეს ის მონა.
11ამის შემდეგ იესო წავიდა ქალაქში, რომელსაც ერქვა ნაინი, და თან მიჰყვებოდნენ მისი მოწაფენი და დიდძალი ხალხი.
12ქალაქის კარიბჭეს რომ მიუახლოვდა, აჰა, მოასვენებდნენ მიცვალებულს, დედისერთა ვაჟს, ხოლო დედა ქვრივი იყო. დიდძალი ხალხი მოსდევდა მას ქალაქიდან.
13ქვრივის დანახვისას უფალს შეეცოდა იგი და უთხრა: „ნუ სტირი.“
14მივიდა და შეეხო ცხედარს. გამსვენებლები შედგნენ და მან თქვა: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექ!“
15მკვდარი წამოჯდა და იწყო ლაპარაკი, და იესომ ჩააბარა იგი თავის დედას.
16ყველანი შიშმა შეიპყრო, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: „დიდი წინასწარმეტყველი აღმდგარა ჩვენს შორის და ღმერთმა მოხედა თავის ხალხს“.
17ეს სიტყვა მოედო მთელ იუდეას და მთელ შემოგარენს.
პასუხი იოანე ნათლისმცემელს
18აუწყეს იოანეს მისმა მოწაფეებმა ყოველივე ეს.
19იოანემ დაიბარა ორი თავისი მოწაფე და იესოსთან გაგზავნა შესაკითხავად: „შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ?“
20მივიდნენ ისინი მასთან და უთხრეს: „იოანე ნათლისმცემელმა გამოგვგზავნა შენთან საკითხავად: შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ?“
21იმჟამად მან ბევრი განკურნა სნეულებათა და სატკივართაგან და ავი სულებისაგან, და მრავალ ბრმას უწყალობა მხედველობა.
22მიუგო და უთხრა მათ: „წადით და უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ: ბრმებს მხედველობა უბრუნდებათ, ხეიბრები დადიან, კეთროვანები განიწმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.
23ნეტარია ვინც არ შეცდება ჩემში.“
24როცა იოანეს მოციქულები წავიდნენ, დაიწყო ლაპარაკი ხალხთან იოანეზე: „რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა?
25მაშ, რის სანახავად გახვედით – კაცისა, რომელსაც ფაფუკი სამოსელი აცვია? აჰა, ისინი, ვინც მდიდრულად არიან შემოსილნი და ფუფუნებით ცხოვრობენ, სამეფო კარზე იმყოფებიან.
26რიღას სანახავად წახვედით? წინასწარმეტყველისა? დიახ, გეუბნებით თქვენ, წინასწარმეტყველზე მეტისაც.
27ვინაიდან ეს არის ის, რომლის შესახებაც დაწერილია: ‘აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენი სახის წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე.’
28ვინაიდან გეუბნებით თქვენ: დედაკაცთა ნაშობთა შორის არავინ არის იოანეზე დიდი, მაგრამ ღვთის სასუფეველში უმცირესიც კი მასზე უფრო დიდია.“
29მთელმა ხალხმა, რომელიც მას უსმენდა, და მებაჟეებმაც კი, განადიდეს ღმერთი და იოანეს ნათლობით მოინათლნენ.
30ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მცოდნეებმა უარყვეს ღვთის რჩევა მათ მიმართ და არ ინათლებოდნენ მისგან.
31მაშინ უფალმა თქვა: „ვის ვამსგავსო ეს მოდგმა და ვისი მსგავსნი არიან ისინი?
32ისინი ჰგვანან ყრმებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და ერთმანეთს გასძახიან: ‘სალამურს გიკრავდით და არ ცეკვავდით, გიგოდებდით და არ სტიროდით.’
33ვინაიდან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და არც პურს ჭამს, არც ღვინოს სვამს და თქვენ ამბობთ: ეშმაკი ჰყავსო.
34მოვიდა კაცის ძე და ჭამს და სვამს და ამბობთ: აჰა კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო.
35გამართლებულია სიბრძნე მისი ყველა შვილის მიერ.“
ცოდვილი დედაკაცი იესოსთან
36ვინმე ფარისეველთაგანი სთხოვდა მას, მასთან ეჭამა პური. შევიდა იმ ფარისევლის სახლში და მიუჯდა სუფრას.
37იმ ქალაქში იყო ცოდვილი დედაკაცი. როგორც კი გაიგო, იგი ფარისევლის სახლში ზისო, მოიტანა ნელსაცხებელი ალებასტრონის ჭურჭლით.
38და დადგა უკან, მის ფერხთით, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით უხოცავდა, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა.
39ფარისეველმა, რომელმაც იესო მიიწვია, ამის დანახვაზე თავისთვის თქვა: „ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა ვინ და რანაირი დედაკაცი ეხება მას, რადგან ცოდვილია იგი.“
40მიუგო იესომ და უთხრა მას: „სიმონ, რაღაც მაქვს შენთან სათქმელი,“ მან კი უთხრა: „თქვი, მოძღვარო.“
41თქვა: „ერთ მევახშეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა, მეორეს – ორმოცდაათი.
42მაგრამ რაკი არაფერი ჰქონდათ, რომ გადაეხადათ, ორივეს მიუტევა. ახლა მითხარი, რომელს უფრო მეტად შეუყვარდება იგი?“
43მიუგო სიმონმა და თქვა: „მე ვფიქრობ, რომელსაც უფრო მეტი მიუტევა.“ ხოლო მან უთხრა მას: „სწორად განსაჯე.“
44მიბრუნდა დედაკაცისაკენ და სიმონს უთხრა: „ხომ ხედავ ამ დედაკაცს? შენს სახლში შემოვედი და წყალი არ მომეცი ფერხთათვის, ამან კი ცრემლით დამისველა ფერხნი და თავისი თმებით შემიხოცა.
45შენ არ გიკოცნია ჩემთვის, ამას კი, რაც აქ შემოვიდა, არ შეუწყვეტია ჩემს ფერხთა კოცნა.
46შენ ზეთი არ გიცხია ჩემს თავზე, ამან კი ნელსაცხებელი სცხო ჩემს ფერხთ.
47ამის გამო გეუბნები: მაგას მიეტევა მრავალი თავისი ცოდვა, რადგან ძლიერ შემიყვარა. ხოლო ვისაც ცოტა მიეტევა, ცოტათი უყვარს.“
48და უთხრა მას: „მიგეტევა შენი ცოდვანი.“
49მასთან მსხდომებმა იწყეს ლაპარაკი თავისთვის: „ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებს?“
50მან კი უთხრა დედაკაცს: „შენმა რწმენამ გიხსნა შენ. წადი მშვიდობით.“

Currently Selected:

ლუკ. 7: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy