ლევ. 16
16
განტევების ვაცი
1და ელაპარაკა უფალი მოსეს აარონის ორი ძის სიკვდილის შემდეგ, როცა მიეახლნენ უფალს და დაიხოცნენ.
2და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი აარონს, შენს ძმას, ნუ შევა ყოველჟამს წმიდაში ფარდის მიღმა თავსარქველის წინ, რომელიც კიდობანზეა, რათა არ მოკვდეს, რადგან გამოვჩნდები თავსარქველზე ღრუბელში.
3„ამით შევა აარონი წმიდაში: ნორჩი მოზვრით ცოდვის მსხვერპლად და სრულადდასაწველი ვერძით.
4წმიდა სელის კვართი შეიმოსოს და სელის ქვედა სამოსი იყოს მის სხეულზე, და სარტყელი სელისა შეირტყას, და თავსაბურავი სელისა დაიხუროს, რადგან ეს წმიდა შესამოსელია; და განიბანოს მან თავისი სხეული წყლით და მაშინ შეიმოსოს ისინი.
5და ისრაელის ძეთა თემისგან აიყვანოს ორი ვაცი ცოდვის მსხვერპლად და ერთი ვერძი სრულადდასაწველად.
6„და შესწიროს აარონმა მოზვერი თავისი ცოდვის მსხვერპლად, და ქმნას შენდობა თავის თავზე და თავის სახლზე.
7და აიყვანოს ორი ვაცი და დააყენოს ისინი უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან.
8და ყაროს აარონმა ორივე ვაცზე წილი: ერთი წილი უფლისათვის, მეორე წილი განტევებისათვის.
9და შესწირავს აარონი ვაცს, რომელსაც ხვდა წილი უფლისათვის, და შესწიროს იგი ცოდვის მსხვერპლად.
10და ვაცი, რომელსაც ხვდა წილი განტევებისა, დააყენოს ცოცხლად უფლის წინაშე, რომ შეუნდოს და გაუშვას განსატევებლად უდაბნოში.
11„და შესწიროს აარონმა მოზვერი თავისი ცოდვის მსხვერპლად, და ქმნას შენდობა თავის თავზე და თავის სახლზე, და დაკლას თავისი მოზვერი თავისი ცოდვის მსხვერპლად.
12და აიღოს ნაკვერცხლებით სავსე საცეცხლური სამსხვერპლოდან, რომელიც უფლის წინაშეა, და სავსე პეშვი წმიდა კეთილსურნელოვანი საკმეველი და შეიტანოს ფარდის მიღმა;
13და დადოს საკმეველი ცეცხლზე უფლის წინაშე და დაფაროს საკმევლის ღრუბელმა თავსარქველი, რომელიც მოწმობაზეა, რათა არ მოკვდეს.
14და აიღოს მოზვრის სისხლი და მოასხუროს თითით თავსარქველის ზედაპირს აღმოსავლეთიდან, და თავსარქველის წინ მოასხუროს სისხლი შვიდგზის თითით.
15„და დაკლას ვაცი ცოდვის მსხვერპლისა, რომელიც ხალხისთვისაა, და შეიტანოს მისი სისხლი ფარდის მიღმა, და გააკეთოს მისი სისხლით იგივე, რაც გააკეთა მოზვრის სისხლით, და მოასხუროს იმ თავსარქველზე და თავსარქველის წინ.
16ქმნას შენდობა წმიდაზე ისრაელის ძეთა უწმიდურებათა და მათ დანაშაულთაგან, ყოველი მათი ცოდვისაგან, ასევე მოიქცეს საკრებულო კარვისათვის, რომელიც მდებარეობს მათთან, მათ უწმიდურებათა შორის.
17არც ერთი ადამიანი არ იყოს საკრებულო კარავში, როცა ის შედის შენდობისთვის წმიდაში, მის გამოსვლამდე. და შეუნდობს თავის თავს და თავის სახლს, და ისრაელის მთელ კრებულს.
18„და გავა სამსხვერპლოსაკენ, რომელიც უფლის წინაშეა, და შეუნდობს მას. და აიღებს მოზვრისა და ვაცის სისხლს და სცხებს სამსხვერპლოს რქებს ირგვლივ.
19და მოასხურებს მას სისხლს თავისი თითით შვიდგზის და გაასუფთავებს და განწმედს მას ისრაელის ძეთა უწმიდურებისგან.
20„და როცა დაასრულებს წმიდის, საკრებულო კარვისა და სამსხვერპლოს შენდობას, მაშინ მიიყვანს იგი ცოცხალ ვაცს.
21და დაადებს აარონი თავის ორივე ხელს ცოცხალ ვაცს თავზე, და აღიარებს მასზე ისრაელიანთა ყოველ უკანონობას და მათ ყოველ დანაშაულს და მათ ყოველ ცოდვას, და დადებს მათ ცოცხალი ვაცის თავზე, და წარგზავნის საგანგებო კაცით უდაბნოში.
22როცა წაიღებს ვაცი თავისი თავით უდაბურ ქვეყანაში ყველა მათ ცოდვას. და გაუშვებს ვაცს უდაბნოში,
23„შევა აარონი საკრებულო კარავში, და გაიხდის სელის შესამოსელს, რომელიც შეიმოსა წმიდაში თავისი შესვლისას, და დატოვებს მას იქ.
24და განიბანს სხეულს წყლით წმიდა ადგილზე, და შეიმოსავს თავის შესამოსელს, და გამოვა და შესწირავს სრულადდასაწველს თავისთვის და სრულადდასაწველს ხალხისთვის, და შეუნდობს თავის თავს და ხალხს.
25და ცოდვის შესაწირავის ქონს იგი დააკმევს სამსხვერპლოზე.
26„ვაცის განსატევებლად გამშვები გაირეცხავს შესამოსელს და განიბანს სხეულს წყლით და შემდეგ შევა ბანაკში.
27მოზვერი და ვაცი ცოდვის მსხვერპლისა, რომელთა სისხლი შეტანილ იქნა წმიდაში შესანდობად, გაიტანონ ბანაკის გარეთ, და დაწვან მათი ტყავი და მათი ხორცი და მათი სკორე ცეცხლზე.
28და მათმა დამწველმა უნდა გაირეცხოს შესამოსელი და განიბანოს სხეული წყლით და შემდეგ შევიდეს ბანაკში.
29იყოს ეს თქვენთვის საუკუნო წესად: მეშვიდე თვეს, თვის მეათე დღეს, დაიმდაბლეთ მარხვით სულნი თქვენნი და არავითარი საქმე არ გააკეთოთ, არც მკვიდრმა და არც თქვენს შორის მცხოვრებმა ხიზანმა.
30რადგან ამ დღეს შეგინდობთ მღვდელი, რათა შეგინდოთ ყოველი თქვენი ცოდვა უფლის წინაშე შესანდობად.
31ეს შაბათი დასვენებისაა თქვენთვის, დაიმდაბლეთ მარხვით სულნი თქვენნი. ეს საუკუნო წესია.
32და შეუნდობს მღვდელი, რომელსაც სცხებენ და რომელსაც ხელს აუვსებენ, რომ შეასრულოს მღვდლობა თავისი მამის მაგიერ. და შეიმოსავს იგი სელის შესამოსელს, წმიდა შესამოსელს,
33და შეუნდობს წმიდა საკურთხეველს და საკრებულო კარავს, და შეუნდობს სამსხვერპლოსაც, და შეუნდობს მღვდლებს და საზოგადოების მთელ ხალხს.
34„იყოს ეს თქვენთვის საუკუნო წესად ისრაელის ძეთა ყველა ცოდვის შესანდობად წელიწადში ერთხელ.“ და გააკეთა ისე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
Currently Selected:
ლევ. 16: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002