ლევ. 15
15
სექსუალური უწმიდურება
1და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს:
2„ელაპარაკეთ ისრაელის ძეთ და უთხარით მათ: ‘თუ ვინმეს ექნება გამონადენი თავისი სხეულიდან, მისი გამონადენის გამო იგი უწმიდურია.
3ეს არის კანონი მის უწმიდურებაზე მისი გამონადენის გამო: როდესაც ჟონავს მისი სხეულიდან მისი გამონადენი და როდესაც ჩერდება მის სხეულში გამონადენი, ეს მისი უწმიდურებაა.
4„‘ყოველი საწოლი, რომელზეც დაწვება ლორწომდინარი, უწმიდურია, და რომელზეც დაჯდება უწმიდურია.
5და ვინც შეეხება მის საწოლს, უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი და დაიბანოს წყლით, და უწმიდური იქნება საღამომდე.
6და ვინც დაჯდება რამეზე, რაზეც იჯდა ლორწომდინარი, მან უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი და დაიბანოს წყლით, და უწმიდური იქნება საღამომდე.
7„‘ლორწომდინარის სხეულის შემხებმა უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი და დაიბანოს წყლით, და უწმიდური იქნება საღამომდე.
8„‘და თუ მიაფურთხებს ლორწომდინარი სუფთა ვისმე, გაირეცხოს თავისი სამოსელი და დაიბანოს წყლით, და უწმიდური იქნება საღამომდე.
9„‘და ყოველი დასაჯდომი, რომლითაც მგზავრობდა ლორწომდინარი, უწმიდურია.
10და ყოველი შემხები რაიმესი, რაც იყო მის ქვეშ, უწმიდური იქნება საღამომდე.
11„‘და ყოველს, რომელსაც შეეხება ლორწომდინარი, და არ დაუბანია თავისი ხელი წყლით, უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი და დაიბანოს წყლით, და უწმიდური იქნება საღამომდე.
12„‘და თიხის ჭურჭელი, რომელსაც შეეხება ლორწომდინარი, დაიმსხვრეს, ხოლო ყოველი ხის ჭურჭელი გამოვლებული უნდა იქნეს წყლით.
13„‘და როდესაც ლორწომდინარი გასუფთავდება თავისი გამონადენისგან, გადაითვალოს შვიდი დღე თავისი განწმედიდან და გაირეცხოს თავისი სამოსი, და დაიბანოს თავისი სხეული გამდინარე წყალში და სუფთა იქნება.
14და მერვე დღეს აიყვანოს ორი გვრიტი ან ორი მართვე მტრედისა, და მივიდეს უფლის წინაშე, საკრებულო კარვის შესასვლელთან, და მისცეს ისინი მღვდელს.
15და შესწიროს მათგან მღვდელმა ერთი ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორე სრულადდასაწველად, და შეუნდოს მას უფლის წინაშე მისი გამონადენისათვის.
16„‘და მამაკაცს, რომელსაც შეემთხვევა თესლდენა, დაიბანოს წყლით მთელი თავისი სხეული, და იქნება უწმიდური საღამომდე.
17და ყოველი სამოსელი და ყოველი კანი, რომელზეც ექნება თესლდენა, გარეცხილ უნდა იქნას წყლით, და უწმიდური იქნება საღამომდე.
18და როდესაც ქალთან დაწვება მამაკაცი და ხდება თესლდენა, ორივემ დაიბანონ წყლით, და უწმიდურები იქნებიან საღამომდე.
19„‘და თუ ქალს აქვს სისხლდენა, რომელიც მოედინება მისი სხეულიდან, შვიდი დღე იქნება იგი თავის წიდოვანებაში, და ყოველი, ვინც შეეხება მას, უწმიდური იქნება საღამომდე.
20„‘და ყოველი, რაზეც იგი დაწვება თავისი წიდოვანებისას, გაუწმიდურდება, და ყოველივე, რაზეც იგი დაჯდება, გაუწმიდურდება.
21და ყოველმა, ვინც შეეხება მის საწოლს, უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი და დაიბანოს წყლით, და უწმიდური იქნება საღამომდე.
22და ყოველმა, ვინც შეეხება რომელიმე საგანს, რომელზეც იგი იჯდა, უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი და დაიბანოს წყლით, და უწმიდური იქნება საღამომდე.
23და თუ ვინმე შეეხება რაიმეს საწოლზე ან იმ საგანზე, რომელზეც იგი იჯდა, როდესაც მამაკაცი შეეხო მას, მაშინ ის უწმიდური იქნება საღამომდე.
24„‘და თუ დაწვება მასთან მამაკაცი და ქალის თვიური გამონადენი იქნება მასზე, მაშინ ის მამაკაცი უწმიდური იქნება შვიდი დღე. და ყოველი საწოლი, რომელზეც იგი დაწვება, უწმიდური იქნება.
25„‘და თუ ქალს აქვს სისხლდენა მრავალი დღის განმავლობაში, არა მისი წიდოვანების დროს, ან თუ მას აქვს გამონადენი მის წიდოვანებაზე მეტხანს, მაშინ მისი უწმიდურების გამონადენის მთელი დროის განმავლობაში, როგორც მისი წიდოვანების დღეებში, იგი უწმიდურია.
26ყოველი საწოლი, რომელზეც იგი დაწვება თავისი გამონადენის დროს, მისთვის ითვლება საწოლად, როგორც მისი წიდოვანების დროს.
27და ყოველი, ვინც შეეხება მათ, უწმიდური იქნება. უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი და დაიბანოს წყლით, და იქნება უწმიდური საღამომდე.
28„‘და როცა ის გასუფთავდება თავისი გამონადენისგან, აღრიცხოს თავისთვის შვიდი დღე, და მერე სუფთა იქნება.
29და მერვე დღეს იგი აიყვანს თავისთვის ორ გვრიტს, ან მტრედის ორ მართვეს, და მიუყვანს მღვდელს, საკრებულო კარვის შესასვლელთან;
30და შესწირავს მღვდელი ერთს ცოდვის მსხვერპლად და მეორეს სრულადდასაწველად; და შეუნდოს მას უფლის წინაშე მისი გამონადენის უწმიდურების გამო.
31„‘და გააფრთხილეთ ისრაელის ძენი მათი უწმიდურების გამო, რათა არ დაიხოცონ თავიანთი უწმიდურებით, გააუწმიდურებენ რა ჩემს მოწმობის კარავს, რომელიც მათ შორისაა.’“
32ესაა რჯული ლორწომდინარისა და იმისა, ვისაც დაემართება თესლდენა, რაც გააუწმიდურებს მას,
33და იმისი, ვინც იტანჯება თავისი წიდოვანებით, და იმ მამაკაცისა თუ ქალისა და ქმრისა, რომელიც დაწვება უწმიდურთან.
Currently Selected:
ლევ. 15: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002