Bible App logo
Search Icon

ივდითი 9

9
1პირქვე დაემხო ივდითი, თავზე ნაცარი დაიყარა, გაიძრო ძაძა, რომელიც ემოსა, და როცა იერუსალიმს, უფლის სახლში, გუნდრუკი აკმიეს მწუხრისას, ხმამაღლა შეჰღაღადა უფალს:
2უფალო, მამაჩემის – სიმეონის ღმერთო, ვისაც მიეცი ხელში მახვილი, რათა შური ეძია გადამთიელებზე, შესაბღალავად რომ გაუხსნეს ქალწულს წიაღი, შესარცხვენად გაუშიშვლეს ბარძაყი და საგინებლად შეუბილწეს საშო; შენ კი ბრძანე, ნუ იქნებაო ასე, მაგრამ მათ მაინც ჩაიდინეს ეს.
3რის სანაცვლოდაც სასიკვდილოდ გასწირე მათი მთავარნი და მათივე სისხლით მორწყე მათი ცოდვის მხილველი სარეცელი; მბრძანებელთა გვერდით დაყარე მათი მონების ცხედრები, მბრძაებლებისა კი – მათ ტახტებზე.
4მათი ცოლები ნადავლად ჩაუგდე ხელში, მათი ასულნი – დასატაცებლად, ხოლო მათი ნაალაფარი – დასანაწილებლად შენს საყვარელ შვილებს, მრისხანედ რომ აღიძრნენ საღმრთო შურით, შეიზიზღეს სიბილწე მათი სისხლისა და მწედ გიხმეს, უფალო ღმერთო ჩემო; მაშ, მისმინე მე ქვრივ-ოხერსაც.
5შენ შეჰქმენ ყოველივე უწინდელი, აწინდელი და მომავალი, შენ ჩაიფიქრე მთელი აწმყო და მყოფადი, და რაც ჩაიფიქრე, აღსრულდა კიდეც.
6რაც ისურვე, არსებობას ეზიარა და თქვა: აი, აქა ვართ. რადგანაც გამზადებულია ყოველი შენი გზა და ყოველი შენი მსჯავრი – წინასწარ განჭვრეტილი.
7აი, აშურელებმა მოიცეს ძალი, ამაყობენ ცხენებითა და მხედრებით. ამპარტავნობენ ქვეითთა მკლავის სიმტკიცით, თავიანთი ფარის, შუბის, მშვილდისა და შურდულის იმედი აქვთ და არ კი იციან, რომ შენა ხარ უფალი, ბრძოლათა მმუსვრელი.
8უფალია სახელი შენი, შემუსრე მათი ძალა შენი ძალმოსილებით, დაამხე მათი მძლავრობა შენი რისხვით, რადგანაც განუზრახავთ შებილწონ შენი სიწმიდენი, შებღალონ კარავი – შენი დიადი სახელის სავანე და შემუსრონ შენი საკურთხევლის რქა.
9მოხედე მათ ქედმაღლობას და თავს დაატეხე შენი რისხვა; მიეცი ქვრივის ხელს იმისი ძალა, რომ განზრახულის აღსრულება შესძლოს.
10ჩემი ცბიერების ბაგით დაამხე მონა მთავრის გვერდით, ხოლო მთავარი – მისი მსახურის გვერდით; ქალის ხელით შემუსრე მათი ზვაობა.
11რადგანაც შენი ძალა სიმრავლეში როდია და არა ძლიერებაშია შენი ძალმოსილება, არამედ შენა ხარ მდაბალთა ღმერთი, დამცირებულთა ქომაგი, უძლურთა მწე, განწირულთა მფარველი, უსასოთა მხსნელი.
12დიახ, დიახ, მამაჩემისა და ისრაელის სამკვიდ-როს ღმერთო, ზეცისა და მიწის მპყრობელო, წყალთა შემქმნელო, ყოველი შენი ქმნილების მეუფევ; ისმინე ჩემი ვედრება.
13მიეცი ჩემს სიტყვას და ცბიერებას იმისი ძალა, რომ იმათ წყლულად და იარად იქცეს, ვისაც ეგზომი ბოროტება განუზრახავს შენი აღთქმის, შენი წმიდა სახლის, სიონის სიმაღლისა და შენი შვილების სამკვიდრო სახლის მიმართ.
14შეაგონე მთელ შენს ხალხს და შეაგნებინე ყველა ტომს, რომ შენა ხარ ღმერთი, ღმერთი ყოველი ძალისა და სიმტკიცისა, და რომ შენს მეტი სხვა მფარველი არა ჰყავს ისრაელის მოდგმას.

Currently Selected:

ივდითი 9: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in