ივდითი 10
10
1როდესაც მორჩა ღაღადისს ისრაელის ღმერთის მიმართ და დაასრულა მთელი სათქმელი,
2წამოიმართა, თავის მოახლეს უხმო და ჩავიდა სახლში, სადაც შაბათისა და საზეიმო დღეები დაჰყო.
3გაიძრო ძაძა, ტანს რომ ემოსა, გაიხადა საქვრივო სამოსელი, წყლით დაიბანა ტანი და სქელი ნელსაცხებელი იცხო, თმა დაივარცხნა, მანდილი გაიკრა თავზე და სადღესასწაულო კაბა ჩაიცვა, თავისი ქმრის – მანასეს სიცოცხლეში რომ ეცვა;
4ფეხებზე სანდლები მოირგო, ფარღულით, სამაჯურებით, ბეჭდებით და საყურეებით შეიმკო თავი და მთელი თავისი სამკაულები აისხა, რათა ეცთუნებინა ყოველი კაცის თვალი, ვინც კი შეხედავდა.
5მოახლეს ღვინით სავსე ტიკჭორა და ზეთის ჭურჭელი მისცა ხელში, ქერის ფქვილით, ჩირითა და წმიდა პურით გაავსო ხურჯინი; მთელი თავისი სანოვაგე შიგ ჩაალაგა და აჰკიდა მას.
6ბეთულიას ბჭეს რომ მიადგნენ, იქ მდგარი ყუზია და ქალაქის უხუცესნი – ქებრისი და ქარმისი დახვდათ.
7ივდითი რომ დაინახეს, მისი სახისა და სამოსის ცვლილებით განცვიფრებულებმა ასე მიმართეს მას:
8ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა მოგაგოს მადლი და შეგასრულებინოს შენი განზრახვა ისრაელის ძეთა სასიქადულოდ და იერუსალიმის ასამაღლებლად.
9თაყვანი სცა ივდითმა ღმერთს და უთხრა მათ: უბრძანეთ, ქალაქის ბჭე გამიღონ, რათა გავიდე იმ საქმის აღსასრულებლად, რაზედაც მელაპარაკეთ. და უბრძანეს ჭაბუკებს ქალაქის ბჭე გაეღოთ მისთვის, როგორც მან თქვა.
10მათაც გაუღეს და გავიდა ივდითი თავის მოახლესთან ერთად, მოქალაქენი კი თვალს ადევნებდნენ მას, ვიდრე მთის კალთა ჩავლო, არ გაივაკა და თვალს მიეფარა.
11ქალები ხეობას გაუყვნენ და წინ შემოხვდნენ მათ აშურელთა მოდარაჯენი.
12შეიპყრეს და ჰკითხეს: ვინა ხარ, საიდან მოსულხარ, ან საით მიხვალო? ხოლო მან პასუხად თქვა: ებრაელთა ასული ვარ და მათ გამოვექეცი, რადგანაც დღეს თუ ხვალ თქვენი წერა გახდებიანო.
13ჰოლოფერნესთან, თქვენი ლაშქრის თავკაცთან მივდივარ, რომ ჭეშმარიტების სიტყვა ვაუწყო და გზა ვუჩვენო, რომლითაც ისე აიღებს მთელ მთიანეთს, რომ მისი ლაშქრიდან ძეხორციელიც არ დაიღუპება.
14მის სიტყვებს რომ უსმენდნენ და პირისპირ უმზერდნენ, მისი მშვენებით გაოგნებულმა მოდარაჯეებმა უთხრეს:
15გიხსნია შენი სიცოცხლე, ჩვენს მბრძანებელს რომ მოაშურე; ახლა კი მის კარავში წადი, ჩვენს ხალხს გამოგაყოლებთ და შენს თავს მას ჩააბარებენ.
16როცა მის წინაშე წარსდგები, ნუ შეკრთება შენი გული, თამამად მოახსენე შენი სათქმელი და წყალობას არ მოგაკლებს.
17მერე ასი კაცი გამოყვეს, მისი თავი მოახლითურთ მათ ჩააბარეს და ისინიც ჰოლოფერნეს კარვისკენ წარუძღვნენ.
18მთელი ბანაკი მღელვარებამ მოიცვა, რადგანაც ყველა კარავს მოედო მისი მოსვლის ამბავი. ყოველი მხრიდან მოჯარდნენ და გარს შემოერტყნენ, რადგანაც ჰოლოფერნეს კარვის წინ იდგა, ვიდრე მხედართმთავარს მის მოსვლას მოახსენებდნენ.
19მისი სილამაზით განცვიფრებულნი განცვიფრებითვე იხსენიებდნენ ისრაელის ძეთაც და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვის შეუძლია არად ჩააგდოს ხალხი, რომელსაც ასეთი ქალები ჰყავს? უგუნურება იქნებოდა ცოცხალი გაგვეშვა თუნდაც ერთი კაცი, თორემ გადარჩენილები მთელ ქვეყანას გააბრიყვებდნენ.
20ამასობაში ჰოლოფერნეს მესაწოლენი და მისი მსახურებიც გარეთ გამოეფინენ და ქალი კარავში შეიყვანეს.
21ჰოლოფერნე თავის საწოლზე ისვენებდა, ჩარდახქვეშ, რომელიც ძოწეულით, ოქროთი, სმარაგდითა და ძვირფასი ქვებით იყო შემკული.
22ივდითის ამბავი რომ მოახსენეს, წინკარში გამოვიდა; ვერცხლის ჩირაღდნებით მოუძღოდნენ წინ.
23ჰოლოფერნესა და მისი მსახურების წინაშე რომ წარსდგა, ყველა გაოგნებული დარჩა ქალის მომნუსხავი სახით. ხოლო ის პირქვე დაემხო და თაყვანი სცა მას, და ჰოლოფერნეს მსახურებმა წამოაყენეს იგი.
Currently Selected:
ივდითი 10: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002