ივდითი 8
8
1მოესმა ეს ამბავი იმხანად ივდითს, მერარის ასულს, ოქსის, იოსების, ოზიელის, ანანიას, გედეონის, რაფაინის, აქიტობის, ელიას, ხელკიას, ელიაბის, ნათანაელის, სალამიელის, სარასადეს, ისრაელის შთამომავალს.
2მისი ქმარი მანასე მისივე გვარისა და ტომისა იყო; პურის მკისას დალია სული.
3ყანაში ძნის მკონავებს რომ ადგა თავს, დაისიცხა, ლოგინად ჩავარდა და აღესრულა ბეთულიაში, თავის მშობლიურ ქალაქში. თავისი მამა-პაპის გვერდით დაკრძალეს, დოთანსა და ბალყამონს შორის მდებარე ველზე.
4სამი წელი და ოთხი თვე გლოვობდა თავის სახლში დაქვრივებული ივდითი.
5კარავი გაიკეთა საცხოვრებელი სახლის თავზე, წელზე ძაძა მოირტყა და სამგლოვიარო ტანისამოსი ჩაიცვა.
6მარხულობდა თავისი ქვრივობის ყოველ დღეს, პარასკევისა და შაბათის, ახალმთვარობის წინა დღესა და თვით ახალ მთვარობის, ისრაელის სახლის სადღესასწაულო და საზეიმო დღეების გარდა.
7ისეთი მომხიბლავი იყო, რომ თვალს ვერ მოსწყვეტდი. მანასემ, მისმა ქმარმა, ოქრო-ვერცხლი, მსახურები და მხევლები, ყანები და საქონელი დაუტოვა და ისიც პატრონობდა ყოველივე ამას.
8აუგს ვერავინ იტყოდა მასზე, რადგანაც ძალზე ღვთისმოშიში იყო.
9გაიგო, რა სიტყვები ეკადრებინა ხალხს მთავრისათვის, რადგანაც სულმოკლეობა მოსძა-ლებოდათ უწყლობის გამო; ისიც გაიგო, რაც ყუზიას ეთქვა და შეეფიცა კიდეც ხალხისთვის: ხუთ დღეში ქალაქს აშურელებს ჩავაბარებო.
10გაგზავნა თავისი მოახლე, მთელი მისი ავლადიდების ზედამხედველი, ყუზიას, ქაბრისისა და ქარმისის, ქალაქის უხუცესთა დასაძახებლად.
11და როცა მოვიდნენ, ამ სიტყვებით მიმართა მათ: მისმინეთ, ბეთულიის მკვიდრთა მთავარნო! უსამართლოა თქვენი სიტყვა, იმ დღეს ხალხის წინაშე რომ წარმოგითქვამთ და ფიცითაც დაგიმტკიცებიათ, რაც ღმერთსა და თქვენს შორის თქვით: ჩვენს მტრებს ჩავაბარებთ ქალაქს, თუ ღმერთმა თავისი წყალობა არ მოგვივლინაო.
12თქვენ ვინა ხართ, დღევანდელ დღეს გამოცდას რომ უპირებთ ღმერთს და მის ადგილას აყენებთ თავს ადამის ძეთა შორის?
13ყოვლისმპყრობელ უფალს გამოსცდით, მაგრამ ვერაფერს მიხვდებით უკუნისამდე.
14ადამიანის გულის სიღრმეს ვერ ჩასწდომიხართ და მისი გონების სიტყვები ვერ გაგიგიათ, მაშ, როგორღა შეიცნობთ ყოველივე ამის შემქმნელ ღმერთს? როგორღა მისწვდებით მის აზრს, ან როგორ მიხვდებით მის ზრახვას? ნუ, ძმებო, ნუ განარისხებთ ჩვენს უფალ ღმერთს.
15რადგან თუ ამ ხუთ დღეში არ ისურვა ჩვენი შეწევნა, ნება მისია, მაშინ დაგვიცავს, როცა ინებებს, ანდა ჩვენი მტრების თვალწინ მოგვიღებს ბოლოს.
16ასე რომ, წინასწარ ნუ განსჯით ღვთის ნებას, რადგანაც ღმერთი კაცი როდია, რომ დავემუქროთ, ან ადამის ძე, რომ განვსაჯოთ.
17ამიტომაც ველოდით ხსნას მისგან, მწედ ვუხმოთ და შეისმენს ჩვენს ხმას, თუკი ინებებს.
18რადგანაც დღეს უკვე აღარავინაა ჩვენს თაობაში, არც გვარი, არც ტომი, არც ხალხი და არც ქალაქი, უწინდებურად რომ ემსახურებოდნენ ხელთქმნილ კერპებს.
19რისთვისაც ჩვენი მამა-პაპანი მახვილისა და ძარცვა-გლეჯის მსხვერპლნი შეიქნენ და დაეცნენ დიდი დაცემით ჩვენი მოსისხლე მტრების წინაშე.
20ჩვენ კი არა გვწამს სხვა ღმერთი, გარდა უფლისა, და ამიტომაც იმედი გვაქვს, რომ ხელს არ აგვაღებს არც ჩვენ და არც ჩვენს მოდგმას.
21რადგანაც ჩვენი დაპყრობა მთელი იუდას დაპყრობას ნიშნავს, გაიძარცვება ჩვენი ტაძრები და უფალი ჩვენს სისხლს მოჰკითხავს მათ უწმიდურებას.
22ჩვენი მოძმეების გაწყვეტას, ქვეყნის დაპყრობას და ჩვენი სამკვიდრებლის გაპარტახებას ჩვენს თავზევე მოაქცევს იმ ხალხებს შორის, რომლებსაც დავემონებით. საგმობნი და საგინებელნი შევიქნებით ჩვენი დამმონებლების თვალში.
23რადგანაც მონობით ვერ მოვიხვეჭთ წყალობას, არამედ აუგად გვიქცევს მას უფალი ღმერთი ჩვენი.
24მაშ, ძმებო, ვუჩვენოთ ჩვენს მოყვასთ, რომ ჩვენზეა დამოკიდებული მათი სიცოცხლე, ჩვენზე დგას ყველა საწმიდარი, უფლის სახლი და სამსხვერპლო.
25ამიტომ მადლი შევწიროთ უფალ ღმერთს ჩვენსას, გამოცდას რომ გვიწყობს, როგორც ჩვენს მამა-პაპას ცდიდა.
26გაიხსენეთ, რა უყო აბრაამს, როგორ გამოსცადა ისააკი, ან რა გადახდა თავს იაკობს შუამდინარეთში, დედის ძმის, ლაბანის ცხვრებს რომ მწყემსავდა.
27როგორც ისინი არ გამოუტარებია ცეცხლში, რათა მათ გულებში ჩაეხედა, ისე ჩვენც არ განგვიკითხავს, არამედ ჭკუის სასწავლად გვსჯის უფალი თავისიანებს.
28ყუზიამ უთხრა: ყველაფერი რაც თქვი, კეთილი გულით იყო ნათქვამი, და არც არავინ ეწინააღმდეგება ჩემს სიტყვას.
29რადგან მხოლოდ დღეს როდი გაცხადებულა შენი სიბრძნე, არამედ შენი სიცოცხლის დასაბამიდან იცის ხალხმა შენი გამჭრიახობა და კეთილშობილება შენი გულისა.
30მაგრამ ხალხი გაწამდა წყურვილისაგან და გვაიძულა ისე მოვქცეულიყავით, როგორც ველაპარაკეთ, და ფიცი დაგვედო, რომელსაც ჩვენ არ გადავალთ.
31მაშ, ილოცე ჩვენთვის, რადგანაც ღვთისმოსავი ქალი ხარ, და უფალი მოგვივლენს წვიმას, რათა ავავსოთ ჩვენი წყალსაცავები და წყურვილით არ დავიხოცოთ.
32და უთხრა მათ ივდითმა: ყური მიგდეთ, იმნაირ საქმეს ვიზამ, რომ თაობებიდან თაობებს გადაეცემა მთელს ჩვენს მოდგმაში.
33ამაღამ კარიპჭესთან დადექით, მე კი ჩემს მოახლესთან ერთად გავალ და იმ ხუთ დღეში, რომელთა გასრულების შემდეგაც გადაგიწყვეტიათ მტერს ჩააბაროთ ჩვენი ქალაქი, უფალი ჩემი ხელით შეეწევა ისრაელს.
34ჩემს საქმეს ნუ გამოიძიებთ, მაინც არაფერს გეტყვით, ვიდრე არ აღსრულდება ის, რის ჩადენასაც ვაპირებ.
35და უთხრეს მას ყუზიამ და მთავრებმა: მშვიდობით გევლოს, ღმერთი იყოს შენი მფარველი, რათა შური იძიო ჩვენს მტრებზე.
36გამოვიდნენ მისი კარვიდან და თავიანთ სანგრებისაკენ გასწიეს.
Currently Selected:
ივდითი 8: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002