Bible App logo
Search Icon

ივდითი 7

7
1მეორე დღეს უბრძანა ჰოლოფერნემ მთელ თავის ლაშქარს და ყველა თავის მოკავშირეს ბეთულიასაკენ დაძრულიყვნენ, ხელთ ეგდოთ მთის კალთები და ომი დაეწყოთ ისრაელის ძეთა წინააღმდეგ.
2იმავე დღეს დაიძრა ყველა მისი მხნე მეომარი: ჰოლოფერნეს ლაშქარი ასსამოცდაათი ათასი ქვეითისა და თორმეტი ათასი მხედრისა-გან შედგებოდა, თუ არ ჩავთვლით მებარგულეებ-სა და მათ მხლებლებს, რომლებსაც სათვალავი არ ჰქონდათ.
3ბეთულიას მახლობლად, ხევში მოწანწკარე წყაროსთან, დასცეს ბანაკი, რომელიც სიგანით დოთაინიდან ბალბაიმამდე, სიგრძით კი ბეთულიადან ეშდრელონის გასწვრივ მდებარე კიყამონამდე გადაიჭიმა.
4მათი სიმრავლის დანახვამ თავზარი დასცა ისრაელიანებს, და თვითოეულმა მათგანმა თავის მეგობარს უთხრა: „ახლა კი მოასწორებენ მთელ მიწას, ვერც მაღალი მთები, ვერც ხევები და ვერც ბორცვები ვერ გაუძლებენ მათ სიმძიმეს.“
5თვითოეულმა თავისი საბრძოლო იარაღი აიღო, კოშკებზე ცეცხლი დაანთეს და მთელი ის ღამე დარაჯად იდგნენ.
6მეორე დღეს ჰოლოფერნემ მთელი თავისი მხედრობა გამოიყვანა ისრაელის ძეთა წინაშე, რომლებიც ბეთულიაში იყვნენ.
7დაზვერა მათი ქალაქის მისადგომები, მოიარა და დაიკავა მათი წყაროები, მოლაშქრეთა რაზმი ჩააყენა იქ და თავისი ხალხისაკენ გაბრუნდა.
8ეახლნენ მას ესავის ძეთა მთავრები, მოაბის ტომის თავკაცნი, ზღვისპირელთა სარდლები და უთხრეს:
9„ყურად იღე, მბრძანებელო, ჩვენი სიტყვა, რათა ზიანი არ განიცადოს შენმა ლაშქარმა.
10ეს ხალხი, ისრაელიანნი, თავისი იარაღის იმედად კი არაა, არამედ – მაღალი მთებისა, სადაც ისინი სახლობენ. ადვილი საქმე როდია თხემზე მოექცე მათ.
11ასე რომ, მბრძანებელო, ჩვეული საბრძოლო წყობით ნუ შეერკინები მათ და ერთი კაციც არ დაეცემა შენი ლაშქრიდან.
12აქ, შენს ბანაკში დარჩი, რათა გაუფრთხილდე შენი ლაშქრის ყველა მეომარს, შენმა მონებმა კი დაიკაონ წყაროს წყალი, მთის ძირიდან რომ გამოდის.
13რადგანაც იქიდან იღებს წყალს ბეთულიას ყოველი მკვიდრი; წყურვილი მოუღებთ ბოლოს და ჩაგაბარებენ თავიანთ ქალაქს. ჩვენ კი, ჩვენი ხალხითურთ, მთაგრეხილის ახლომდებარე მწვერვალებზე ავალთ და სათვალთვალოდ დავბანაკდებით იქ, რათა ვერავინ შეძლოს ქალაქიდან გასვლა.
14ვიდრე მახვილით მივწვდებოდეთ, შიმშილით ამოწყდებიან და ჭერეხივით დაეყრებიან თავიანთი ქალაქის ქუჩებში.
15ძვირად დაუსვამ მათ თავხედობას, რომ აგიჯანყდნენ და მშვიდობიანად არ შეგეგებნენ.“
16ჭკუაში დაუჯდა ეს სიტყვები ჰოლოფერნეს და მის მონა-მორჩილთაც; ბრძანა, ისე ემოქმედათ, როგორც ურჩიეს.
17და დაიძრა ყამონის ძეთა რაზმი და მათთან ერთად აშურის ძეთა ხუთი ასეული, ხევში დაბანაკდნენ და დაიკავეს ისრაელის ძეთა წყაროს წყლები.
18ესავის და ყამონის ძენი მთის თხემზე დაბანაკდნენ, დოთანის გასწვრივ. ზოგი მათგანი სამხრეთით და აღმოსავლეთით – აკრაბასაკენ გაგზავნეს, ქუსის მახლობლად რომ მდებარეობს, მოხმურის ხევთან. აშურელთა დანარჩენი ლაშქარი კი დაბლობზე დაბანაკდა და მთელი მიწის პირი დააბნელა; სათვალავი არა ჰქონდა მათ კარვებსა და საბარგულებს; ურიცხვნი იყვნენ ისინი.
19ისრაელიანებმა შეჰღაღადეს თავიანთ უფალ ღმერთს, რადგანაც მხნეობამ უმტყუნათ, ვინაიდან გარს შემორტყმოდათ ურიცხვი მტერი და თავს ვერ დააღწევდნენ ალყას.
20ოცდათოთხმეტი დღის მანძილზე გარს ადგათ აშურელთა მთელი ლაშქარი – ქვეითნი, ეტლები და მხედრები. ბეთულიელებს წყლის წვეთი აღარ დარჩათ ჭურჭლებში.
21დაცარიელდა წყალსაცავები, ასე რომ წყლის სმით ერთ დღესაც ვეღარ იჯერებდნენ გულს, რადგანაც არწყვით ეძლეოდა თითოეულს წყალი.
22სასო მიხდოდათ მათ ცოლ-შვილს, გული მისდიოდათ მწყურვალ ქალებს და ჭაბუკებს, ქალაქის ქუჩებში და ბჭეებქვეშ ეცემოდნენ ძალ-ღონე გამოლეულნი.
23მთელმა ქალაქმა – კაცებმა, ქალებმა და ბავშვებმა ქალაქის მთავრებთან მოიყარა თავი; ხმამაღლა გაჰყვიროდნენ და უხუცესებს ეუბნებოდნენ:
24„ღმერთი იყოს ჩვენი და თქვენი მსაჯული; დიდი უსამართლობა ჩაიდინეთ ჩვენს მიმართ, რომ არ დაუზავდით აშურელებს.
25ახლა კი აღარაა ჩვენი საშველი: ღმერთმა ჩაგვყარა მათ ხელში, რომ წყურვილითა და საშინელი ტანჯვა-წამებით მოგვიღონ ბოლო.
26მაშ, უხმეთ და ასაოხრებლად ჩააბარეთ ჩვენი ქალაქი ჰოლოფერნეს და მთელ მის ლაშქარს.
27გვიჯობს მათი ნადავლი გავხდეთ: მართალია, მტერი დაგვიმონებს, მაგრამ ცოცხლები მაინც დავრჩებით და ჩვენი თვალით აღარ ვიხილავთ, როგორ იხოცებიან ჩვენი ყრმები და როგორ ღაფავს სულს ჩვენი ცოლ-შვილი.
28მოწმედ მოვუხმობთ თქვენს წინაშე ზეცას და მიწას, ჩვენს ღმერთსა და წინაპრების უფალს, რომელიც გვსჯის ჩვენი და ჩვენი მამა-პაპის ცოდვების გამო, რათა არ მოგვექცეს ამ სიტყვების თანახმად დღევანდელ დღეს!“
29ატყდა ერთი გოდება საკრებულოში და ყველამ ერთხმად შეჰღაღადა უფალ ღმერთს.
30და უთხრა ყუზიამ მათ: „დამშვიდდით, ძმებო, ხუთ დღესაც მოვითმინოთ; ამ ხანში თავის წყალობას მოგვივლენს უფალი ღმერთი და არ გაგვწირავს საბოლოოდ.
31მაგრამ თუ ამ ხუთ დღეშიაც აღარ დაგვადგა საშველი, მაშინ მოვიქცევი თქვენი სიტყვისამებრ!“
32გაისტუმრა ხალხი თავის ბანაკში და მათაც მიაშურეს თავიანთი ქალაქის გალავანსა და კოშკებს, ცოლ-შვილი კი თავ-თავიანთ სახლებში გაგზავნეს. და სუფევდა დიდი მწუხარება ქალაქში.

Currently Selected:

ივდითი 7: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in