ივდითი 6
6
1სათათბიროს ირგვლივ შემოჯარული ხალხის დრტვინვა რომ მიწყნარდა, ჰოლოფერნემ, აშურელთა ლაშქრის მთავარსარდალმა, ასე მიმართა ყაქიორს სხვადასხვა მოდგმის ხალხთა და ყველა მოაბელის წინაშე:
2„ვინა ხარ შენ, ყაქიორ, ეფრემის მოქირავნეებთან ერთად, განუსჯელად რომ გვიწინასწარმეტყველებ და გვეუბნები დღევანდელ დღეს: არ შეებრძოლოთ ისრაელის მოდგმას, რადგანაც ღმერთი მფარველობსო მას? ვინაა ღმერთი, თუ არა ნაბუქოდონოსორი? სწორედ ის მოგვივლენს ძალას და მიწის პირისაგან აღგვის ისრაელს, რომელსაც ვეღარას უშველის მისი ღმერთი.
3ჩვენ, მისი მონა-მორჩილნი, ისე შევმუსრავთ ისრაელიანებს, როგორც ერთ კაცს, და წინ ვეღარ აღუდგებიან ჩვენი მხედრობის იერიშს.
4ცეცხლით გავავლებთ მუსრს მათსავე მიწა-წყალზე, მთები დათვრებიან მათი სისხლით, ველ-მინდვრები აივსება მათი გვამებით და მათი ფეხი ვეღარ დაგვიდგება წინ, არამედ მოსრვით მოისრვებიან, ამბობს მეფე ნაბუქოდონოსორი, მთელი ქვეყნიერების მბრძანებელი, და რაკი ამბობს, არ გაცუდდება მისი ნათქვამი.
5შენ კი, ყაქიორ, ყამონის ქირისკაცო, შენი უსამართლობის დღეს რომ წარმოსთქვი ეს სიტყვები, ამიერიდან ვეღარ იხილავ ჩემს სახეს, ვიდრე შურს არ ვიძიებ ეგვიპტიდან გამოსულ ტომზე
6მაშინ კი ფერდებს შეგინგრევს ჩემი ლაშქრის რკინა და ჩემს მსახურთა მახვილი; და შენ დაეცემი მათ მიერ მოწყლულთა გვერდით, როცა უკან გამოვბრუნდები.
7ჩემი მონები აგათრევენ მთის თხემზე და იქ დაგაგდებენ ერთ-ერთი ქალაქის მისადგომთან.
8და არ გეღირსება სიკვდილი, ვიდრე მათთან ერთად არ მოგეღება ბოლო.
9თუ მართლა გულით გჯერა, რომ ჩვენს ხელში არ ჩაცვივდებიან, რაღას ჩამოგტირის თავპირი? მითქვამს და არ გამრუდდება არცერთი ჩემი სიტყვა.“
10და უბრძანა ჰოლოფერნემ თავის მონებს, მის კარავში რომ ატუზულიყვნენ, შეეპყროთ ყაქი-ორი; ბეთულიას აეყვანათ და ისრაელის ძეთათვის გადაეცათ იგი.
11მონებმაც შეიპყრეს ყაქიორი, გალავანს გარეთ, ტრამალზე გამოიყვანეს, ხეობის გავლით გაუყენეს მთიანეთის გზას და მიადგნენ ნაკადულებს, ბეთულიას ქვემოთ რომ მოჩხრიალებდნენ.
12როგორც კი მთის თხემზე გაშენებული ქალაქის მოქალაქეებმა დაინახეს ისინი, იარაღს დასტაცეს ხელი, ქალაქგარეთ გამოცვიცდნენ და თხემზე გადმოდგნენ; მოშურდულეები ქალაქის მისადგომთან გამაგრდნენ და ქვები დაუშინეს მათ.
13ისინი კი მთის კალთას ამოეფარნენ, ხელ-ფეხი შეუკრეს ყაქიორს, მთის ძირას დააგდეს და თავის მბრძანებელთან დაბრუნდნენ.
14თავიანთი ქალაქიდან ჩამოსული ისრაელის ძენი ყაქიორთან მივიდნენ, ბორკილები ახსნეს, ბეთულიაში აიყვანეს და წარუდგინეს თავიანთი ქალაქის მთავრებს.
15იმხანად ესენი იყვნენ: ყუზია, მიქას ძე, სიმეონის ტომიდან, ქაბრისი, ღოთონიელის ძე და ქარმისი, მელქიელის ძე,
16რომლებმაც უხმეს ქალაქის ყველა უხუცესს. საკრებულოში თავი მოიყარა ყველა ჭაბუკმა და ქალმა. ყაქიორი ხალხის შუაში დააყენეს და ყუზიამ ამბის გამოკითხვა დაუწყო.
17ყაქიორმა პასუხად აუწყა მათ, რა ითქვა ჰოლოფერნეს სათათბიროში, რა განაცხადა ჰოლოფერნემ აშურელ სარდალთა შორის და რა ქედმაღლურად ლაპარაკობდა იგი ისრაელის სახლზე.
18დაემხო ხალხი, თაყვანი სცა ღმერთს და შეჰღაღადა:
19„უფალო, ღმერთო ცისაო, იხილე მათი ქედმაღლობა და შეიწყალე სიმდაბლე ჩვენი მოდგმისა! მოხედე დღევანდელ დღეს შენთვის განწმედილთა სახეებს.“
20ანუგეშეს ყაქიორი და მადლი მოახსენეს.
21მერე ყუზიამ საკრებულოდან შინ წაიყვანა იგი და ლხინი გაუმართა უხუცესთ. მთელი ღამე შეწევნას შესთხოვდნენ ისრაელის ღმერთს.
Currently Selected:
ივდითი 6: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002