Bible App logo
Search Icon

ივდითი 5

5
1ჰოლოფერნეს, აშურელთა ლაშქრის მთავარსარდალს, ეუწყა, რომ ისრაელის ძენი საომრად ემზადებოდნენ: ჩაეკეტათ მთიანეთის მისადგომები, გაემაგრებინათ მაღალი მთების ყველა მწვერვალი, დაბლობებზე კი ხერგილები მოეწყოთ.
2გაშმაგდა ჰოლოფერნე, უხმო მოაბის ყველა მთავარს, ყამონის სარდლებსა და ზღვისპირეთის გამგებლებს.
3და უთხრა მათ: „გამაგებინეთ, ქანაანელნო, რა ხალხია ეს მთიელები, ან რას წარმოადგენენ მათი ქალაქები? რამდენად მრავალრიცხოვანი ლაშქარი ჰყავთ? რას ემყარება მათი ძალა და სიმტკიცე? ვინ უზით მეფედ ან ვინ თავკაცობს მათ ლაშქარს?
4ან დასავლეთის ხალხებთან ერთად რად არ იკადრეს ჩემთან მოსვლა?“
5ყაქიორმა, ყამონელთა თავკაცმა, მიუგო მას: „ყური უგდე, ჩემო მბრძანებელო, შენი მსახურის ბაგით წარმოთქმულ სიტყვას. სიმართლეს მოგახსენებ იმ ხალხზე, მთიანეთში რომ ბინადრობს, შენს მახლობლად; არ დასცდება ტყუილი შენი მონამორჩილის ბაგეს.
6ეს ხალხი ქალდეველთა შთამომავალია.
7თავდაპირველად შუამდინარეთში ცხოვრობდნენ, ვინაიდან არ ისურვეს თაყვანი ეცათ თავიანთი წინაპრების ღმერთებისათვის, წინაპ-რებისა, რომლებიც ქალდეველთა ქვეყანაში იყვნენ შობილნი.
8ამიტომაც გადაუხვიეს წინაპართა გზას და ცის ღმერთს დაუწყეს თაყვანისცემა, ღმერთს, რომელიც შეიცნეს. ამის გამო ქალდეველებმა მოიკვეთეს და თავიანთ ღმერთებს ჩამოაშორეს ისინი. მაშინ შუამდინარეთს შეაფარეს თავი და დიდხანს ცხოვრობდნენ იქ.
9მაგრამ მათი ღმერთის ბრძანებით მიატოვეს თავიანთი საცხოვრისი და ქანაანის ქვეყნისკენ აიღეს გეზი, სადაც დამკვიდრდნენ და ისე დამდიდრდნენ, რომ სათვალავი არა ჰქონდა მათ ოქრო-ვერცხლსა და ნახირს.
10იქიდან ეგვიპტეში ჩავიდნენ, რადგან შიმშილობა ჩამოვარდა ქანაანის ქვეყანაში. იქ ცხოვრობდნენ მანამ, სანამ სარჩო-საბადებელი ჰქონდათ და ისე გამრავლდნენ, რომ აღურაცხელი შეიქნა მათი მოდგმა.
11ცბიერებით აღიძრა ეგვიპტის მეფე მათ წინააღმდეგ, მძიმე შრომა დააკისრა, აგურის ზელით წელში გაწყვიტა და დაიმონა ისინი.
12მაშინ შეჰღაღადეს თავიანთ ღმერთს და მანაც მოსრა მთელი ეგვიპტის ქვეყანა უკურნებელი წყლულებით, და ეგვიპტელებმა თავიანთი ქვეყნიდან გამოაძევეს ისინი.
13ღმერთმა დააშრო მათ წინაშე მეწამული ზღვა.
14სინასა და კადეშ-ბარნეაყის გზით წარუძღვა მათ; და აჰყარეს უდაბნოს ყველა მკვიდრი.
15ამორეველთა მიწა-წყალზე დასახლდნენ და თავიანთი ძალმოსილებით შემუსრეს უდაბნოს ყოველი მკვიდრი; იორდანე გადალახეს და დაიმკვიდრეს მთელი მთიანეთი.
16აჰყარეს ქანაანელები, ფერიზელები, იებუსელები, შექემელები, ყველა გერგესეველი და დიდხანს სახლობდნენ იქ.
17ვიდრე არ შესცოდეს თავიანთი ღმერთის წინაშე, ბედი უღიმოდათ, ვინაიდან მათთან იყო უსამართლობის მოძულე ღმერთი.
18მაგრამ როგორც კი გადაუხვიეს მათთვის დაწესებულ გზას, მრავალრიცხოვან ბრძოლებში სასტიკი მარცხი იწვნიეს და ტყვედ იქნენ წასხმულნი უცხო მხარეში; მტრებმა მიწასთან გაასწორეს მათი ტაძარი, აიღეს და ააოხრეს მათი ქალაქები.
19ახლა კი თავიანთი ღმერთის მიმართ მიქცეულნი უკანვე მობრუნდნენ, ტყვეობისას მიმოფანტულნი, აიღეს იერუსალიმი, სადაცაა მათი ტაძარი, და დამკვიდრდნენ მთიანეთში, რადგანაც უკაცრიელი იყო იგი.
20ასე რომ, ბატონო ჩემო, თუკი ცთომილებაა ამ ხალხში, თუკი სცოდავენ ღმერთის წინაშე, და თუ შევატყეთ, რომ თვალთმაქცობენ, ავიდეთ და შევებრძოლოთ.
21მაგრამ თუ უსჯულოება არ არის მათში, მაშინ გაცლა გიჯობს, ჩემო ბატონო, თორემ ვაითუ უფალმა დაიფაროს ისინი და ღმერთი შეეწიოს მათ; მაშინ ხომ მთელი ქვეყნის თვალში სასაცილონი გავხდებით.“
22როდესაც ყაქიორმა დაასრულა თავისი სიტყვა, კარვის ირგვლივ შემოჯარული მთელი ხალხი აყაყანდა; ჰოლოფერნეს დიდებულებმა, ყველა ზღვისპირელმა და მოაბელმა ერთხმად მოითხოვა: „აქვე ავჩეხოთ იგი!
23რადგან არ შევუკრთებით ისრაელიანებს, რომელთაც საომრად არც ძალა შესწევთ და არც შეძლება.
24მაშ, ავუცვივდეთ და შენი ლაშქრის ნადავლი გახდებიან ისინი, ჰოლოფერნე, ჩვენო ბატონო!“

Currently Selected:

ივდითი 5: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in