ივდითი 4
4
1იუდაში მცხოვრებმა ისრაელიანებმა შეიტყვეს, რა დღე აყარა ხალხებს ჰოლოფერნემ, აშურელთა მეფის – ნაბუქოდონოსორის – მთავარსარდალმა; როგორ გაძარცვა და დააქცია მათი ტაძრები.
2თავზარდაცემულნი ძრწოდნენ იერუსალიმისა და თავიანთი უფლის, ღმერთის ტაძრის გამო.
3რადგანაც ახალი დაბრუნებული იყვნენ ტყვეობიდან, ახლად შეკრებილიყო მთელი იუდაელი ხალხი და ის იყო განეწმიდათ წმიდა ჭურჭელი, სამსხვერპლო და უფლის სახლი.
4დაგზავნეს ხალხი მთელ სამარიასა და კონაში, ბეთხორონსა და ბელმაინში, იერიხოსა და ქობაში, ესორასა და შალემის ხეობაში.
5სასწრაფოდ დაიკავეს მაღალ მთათა ყველა მწვერვალი; ზღუდე შემოავლეს იქაურ სოფლებს და აღალი მოიმარაგეს ბრძოლისთვის, რადგანაც ის იყო მოემკათ პურის ყანები.
6იმხანად იერუსალიმში მყოფმა მღვდელმთავარმა იეჰოიაკიმმა წერილი მისწერა ეშდრელონის გასწვრივ, დოთანის მომიჯნავე დაბლობზე მდებარე ბეთულიასა და ბეთომეს თემის მკვიდრთ;
7სწერდა, დაეკავებინათ მთიანეთის ყელი, საიდანაც შეიძლებოდა შესულიყავი იუდაში. აქ ადვილი იყო მომხვდურის შეჩერება, რადგანაც ვიწრო გასასვლელში ორი კაციც კი ვერ აუქცევდა ერთმანეთს მხარს.
8ისრაელის ძენი ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანეს მათ მღვდელმთავარმა იეჰოიაკიმმა და იერუსალიმში მყოფმა ისრაელის მთელი ხალხის უხუცესობამ.
9ყველა ისრაელიანმა ვაჟკაცმა გულმხურვალედ შეღაღადა ღმერთს და მდაბლად მოიდრიკა ქედი მის წინაშე.
10მათაც, მათმა ცოლ-შვილმაც და მათმა საქონელმაც, ყველა ხიზანმა, მოჯამაგირემ თუ ვერცხლით ნასყიდმა ძაძა მოირტყა წელზე.
11ტაძრის წინ დაემხო ყველა ისრაელიანი, იერუსალიმის ყოველი მკვიდრი – ქალი, კაცი თუ ბავშვი; ნაცარი დაიყარეს თავზე და უფლის წინაშე დაფინეს თავიანთი ძაძები.
12ძაძითვე შემოსეს სამსხვერპლო და გულმხურვალედ და ერთსულოვნად შეღაღადეს ღმერთს, რომ არ გაეწირა მათი ყრმები დასატაცებლად, ქალები – ტყვედ წასასხმელად, მათი სამკვიდრო ქალაქები – დასაქცევად, მათი სიწმიდენი – შესაბილწად, საგინებლად და წარმართთა სასიხარულოდ.
13შეისმინა უფალმა მათი ხმა და მოხედა მათ გაჭირვებას. მრავალი დღის მანძილზე მარხულობდა ხალხი მთელს იუდასა და იერუსალიმში, ყოვლისმპყრობელი უფლის საწმიდრის წინაშე.
14დიდი მღვდელმთავარი იეჰოიაკიმი და უფლის წინაშე მდგარი ყველა მღვდელი და ღვთისმსახური, ძაძით შემოსარტყლულნი, განუწყვეტლივ სწირავდნენ სრულადდასაწველს, აღთქმებსა და ნებაყოფლობით ძღვენს ხალხისაგან.
15ქუდებზე ნაცარწაყრილნი შებღაოდნენ უფალს, მოწყალე თვალით მოეხედა ისრაელის მთელი სახლისთვის.
Currently Selected:
ივდითი 4: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002