Bible App logo
Search Icon

ივდითი 2

2
1მეთვრამეტე წელს, პირველი თვის ოცდაორს, აშურელთა მეფის – ნაბუქოდონოსორის სასახლეში გაისმა სიტყვა, შური ეძიათ მთელ იმ მიწა-წყალზე, რომელსაც უწინ დაემუქრა.
2უხმო ყველა მსახურსა და დიდებულს, თავისი იდუმალი ზრახვა გაანდო მათ და თავისივე სიტყვით გადაწყვიტა ქვეყნიერების დასჯა.
3ერთად დაასკვნეს, მუსრი გაევლოთ ყველა ხორციელისთვის, ვინც არ დაემორჩილა მისი ბაგით წარმოთქმულ სიტყვას.
4თავისი განზრახვის აღსრულება რომ დააპირა, ნაბუქოდონოსორმა, აშურელთა მეფემ, უხმო ჰოლოფერნეს, თავისი ლაშქრის მთავარსარდალს, რომელიც მეორე კაცი იყო მის შემდეგ, და უბრძანა:
5„ამას ამბობს დიდი მეფე, მთელი ქვეყნიერების მბრძანებელი: წადი, თან იახელ თავიანთ ძლიერებაში დარწმუნებული მეომრები, ასოცი ათასი ქვეითი და ცხენთა სიმრავლე თორმეტი ათასი მხედრითურთ.
6წადი და რისხვად დაატყდი თავს მთელ დასავლეთს, რადგანაც არ დაემორჩილა ჩემი ბაგით წარმოთქმულ სიტყვას.
7უბრძანე მათ, გამიმზადონ მიწა და წყალი, რადგანაც რისხვით აღვიძვრი მათზე, რათა დავაბნელო მთელი მიწის პირი ჩემი მეომრების ფეხებით და ჩემს ლაშქარს ასაოხრებლად მივცე ისინი.
8მათი დაჭრილებით ამოვავსებ მათსავე ხევებს, ადიდდება ყველა მდინარე თუ ნაკადი და წალეკავს მათ გვამებს.
9და წამოვასხამ ტყვეებს ქვეყნიერების კიდით კიდიდან.
10შენ კი წადი და წინასწარ დამიმორჩილე მათი ყველა საზღვარი; ვინც დაგნებდება, შემინახე ისინი განკითხვის დღემდე.
11ურჩთ კი ნუ დაზოგავს შენი თვალი; მუსრი გაავლე მათ და ააოხრე შენს მიერ დაპყრობილი ქვეყნები.
12რადგანაც ცოცხალი ვარ და უძლეველია ჩემი სამეფო; მითქვამს და ჩემივე ხელით აღვასრულებ ჩემს ნათქვამს.
13შენ კი ნურაფერს შეცვლი შენი მბრძანებლის სიტყვებში; ყველაფერი ისე აღასრულე, როგორც გიბრძანე და ნუ დააყოვნებ აღსრულებას.“
14ჰოლოფერნე გამოეთხოვა თავის მბრძანებელს, უხმო დიდებულებს და აშურელთა ლაშქრის სარდლებსა და თავკაცებს.
15დარაზმა რჩეული მეომრები, როგორც მისმა მეფემ უბრძანა, რიცხვით ასოცი ათასი და მშვილდოსანი მხედარიც თორმეტი ათასი.
16და საბრძოლო წესით დააწყო ისინი.
17ტვირთის საზიდად წაასხა უამრავი აქლემი, ვირი და ჯორი, ხოლო ლაშქრის სარჩენად – ურიცხვი საქონელი, ცხვარი და თხა.
18თან წაიტანა დიდძალი საგზალი ყოველი მოლაშქრისათვის და აურაცხელი ოქრო-ვერცხლი მეფის სახლიდან.
19მთელი თავისი ჯარითურთ გაემართა სალაშქროდ, რათა წინ გაესწრო მეფე ნაბუქოდონოსორისათვის და დასავლეთით მთელი მიწის პირი დაეფარა ეტლებით, მხედრებითა და თავისი რჩეული ფეხოსნებით.
20მათთან ერთად დაიძრა მოკავშირეთა ურიცხვი ბრბო, ისეთივე აურაცხელი, როგორც კალია თუ მიწის მტვერი.
21ნინევედან გამოსულნი სამი დღის შემდეგ მიადგნენ ბეკტილეთის ველს და იქ, მთის ძირას, ზემო კილიკიის ხელმარცხნივ დასცეს ბანაკი.
22იქიდან წაუძღვა მთელ თავის ლაშქარს, ქვეითებს, მხედრებს, ეტლებს, და მთიანეთისაკენ აიღო გეზი.
23დაამარცხა ფუდი და ლუდი; გაძარცვა მთელი რასისის ძენი და ისმაელის ძენი, ქელეონის ქვეყნის სამხრეთით, უდაბნოს პირას მოსახლენი.
24მერე ევფრატი გადალახა, შუამდინარეთი გადაიარა და აბრონის პირას მდებარე ყველა გამაგრებული ქალაქი დააქცია, თვით იმ ადგილამდე, სადაც აბრონი ზღვას ერთვის.
25დაეუფლა კილიკიის მიწა-წყალს, შემუსრა ყველა წინააღმდგომი და იაფეთის საზღვარს მიადგა, არაბეთის სამხრეთით.
26გარს შემოადგა მადიამელებს, ცეცხლს მისცა მათი სახლები და გაიტაცა მათი ფარები.
27პურის მკისას დაეშვა დამასკოს ველზე; გადაწვა მათი ყანები; მუსრი გაავლო მათ ფარებს და ნახირს; გაძარცვა მათი ქალაქები; ააოხრა მინდვრები და ამოწყვიტა მათი წვრილშვილი.
28შიშის ზარი დაეცა ზღვისპირეთის მოსახლეობას, ცორისა და ციდონის მკვიდრთ, სურისა და ოკინას მცხოვრებთ, იამნიას ყველა ბინადარს, შეძრწუნდნენ აშდოდელები და აშქელონელები.

Currently Selected:

ივდითი 2: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in