Bible App logo
Search Icon

ივდითი 1

1
1ნაბუქოდონოსორის მეფობის მეთორმეტე წელს, აშურელებზე რომ მბრძანებლობდა დიდ ქალაქ ნინევეში, – არფაქსადის მეფობისას, რომელიც მეფობდა მიდიელებზე ეკბატანაში,
2და ეკბატანას გარს შემოავლო თლილი ქვის გალავანი, სისქით სამი წყრთა და სიგრძით ექვსი წყრთა, ხოლო მისი სიმაღლე სამოცდაათ წყრთას აღწევდა, სიგანე კი – ორმოცდაათს;
3მის ბჭეებთან აღმართა ასწყრთიანი კოშკები, რომელთაც საფუძველში სამოცი წყრთის სიგანე ჰქონდათ.
4ბჭეთა სიმაღლე, საიდანაც გადიოდა მისი ძლევამოსილი მხედრობა და მწყობრად მიაბიჯებდნენ ქვეითნი, სამოცდაათი წყრთა იყო, ხოლო სიგანე – ორმოცი.
5იმ ხანად მეფე ნაბუქოდონოსორი რაგეში მდებარე ვრცელ ტაფობზე შეება არფაქსად მეფეს.
6ეახლა მას ყველა მთიელი, ყველა, ვინც ტიგროსის, ევფრატისა თუ ჰიდასპეს პირას სახლობს, ხოლო არიოქის დაბლობიდან – ელიმელთა მეფე. მრავალი ტომი შეუერთდა ქალდეველთა ლაშქარს.
7და უხმო ნაბუქოდონოსორმა, აშურელთა მეფემ, სპარსეთის ყველა მცხოვრებს და დასავლეთის ყველა მცხოვრებს, კილიკიისა და დამასკოს, ლიბანის, ანტილიბანის და ზღვისპირეთის ყველა მცხოვრებსაც;
8ქარმელის, გილყადის, ზემო გალილეისა და ეშდრელონის ვრცელი დაბლობის ხალხებს;
9სამარიისა და მისი ქალაქების მკვიდრთ, იორდანეს გაღმა მცხოვრებთ, ვიდრე იერუსალიმამდე, ბატანეასმდე, ხელუსამდე, კადეშამდე, ეგვიპტის მდინარემდე, თახფანესამდე, რამზესამდე და გოშენის მთელ ქვეყნამდე,
10ზემო ტანისის და მემფისის მისადგომამდე და ეგვიპტის ყველა მცხოვრებს ქუშის საზღვრამდე.
11მაგრამ მთელი ამ მიწა-წყლის მხცოვრებლებმა არად ჩააგდეს ნაბუქოდონოსორის, აშურელთა მეფის, სიტყვა და მხარში არ ამოუდგნენ საომრად, ვინაიდან არ შეუშინდნენ მას, აქაოდა ეს ერთი კაცი რას დაგვაკლებსო, და გაწბილებული გააბრუნეს უკან მისი მოციქულები.
12ნაბუქოდონოსორი სასტიკად განურისხდა ყველა ამ ქვეყანას და თავისი ტახტი და მეუფება დაიფიცა, რომ შურს იძიებდა კილიკიის, დამასკოსა თუ სირიის საზღვრებზე და მახვილით გაავლებდა მუსრს მოაბელთა ქვეყანას, ყამონის, მთელი იუდასა და ეგვიპტის ყველა მკვიდრს ორი ზღვის საზღვრებამდე.
13მეჩვიდმეტე წელს თავისი ლაშქრით გაემართა არფაქსად მეფის წინააღმდეგ, დაამარცხა და უკუაქცია მთელი მისი ლაშქარი, მთელი მისი მხედრობა და საომარი ეტლები.
14აიღო მისი ქალაქები, ეკბატანას მიაღწია, ხელთ იგდო ციხე-სიმაგრენი, ააოხრა მისი მოედნები და შებღალა მისი მშვენება.
15არფაქსადი კი რაგეს მთიანეთში შეიპყრო და იმავე დღეს თავისი ჰოროლით მოუღო ბოლო.
16მერე ნინევესაკენ გაბრუნდა მთელი თავისი ლაშქრითურთ, მხნე მეომართა ურიცხვი სიმრავლით; იქ შეისვენა და ას ოცი დღე ილხენდა თავის ლაშქართან ერთად.

Currently Selected:

ივდითი 1: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in