Bible App logo
Search Icon

ივდითი 15

15
1ეს რომ კარვებში მყოფთაც გაიგეს, შეძრწუნდნენ იმის გამო, რაც მოხდა.
2შიშმა და ძრწოლამ მოიცვა ისინი; კაციშვილი არ დარჩენილა ერთმანეთის გვერდით, არამედ ერთდროულად გამოცვივდნენ და დაბლობისა და მთებისაკენ მიმავალი გზებით მოჰკურცხლეს.
3ბეთულიას ირგვლივ, მთის კალთებზე დაბანაკებულნიც უკუიქცნენ, და მაშინ ისრაელის ძენი, ვისაც კი ბრძოლა შეეძლო, ფეხდაფეხ მიჰყვნენ მათ.
4ყუზიამ ხალხი აფრინა ბეთომასთაიმში, ბებაიში, ხობაში, კოლასა და ისრაელის ყველა კუთხეში იმის საუწყებლად, რაც მოხდა, რათა ყველანი თავს დასხმოდნენ მომხდურს და მუსრი გაევლოთ მისთვის.
5ეს რომ გაიგეს, ისრაელის ძენი ერთსულოვნად დაეცნენ თავს გაქცეულთ და ხობამდე კაფეს ისინი. მათ არც იერუსალიმელები და მთიელები ჩამორჩენიან, რომლებმაც შეიტყეს მტრის ბანაკში მომხდარი ამბავი. გილყადელებმაც და გალილეველებმაც მძვინვარედ შეუტიეს მტერს აქეთაქიდან, ვიდრე დამასკოსა და მის საზღვრებს მიღმა არ გადარეკეს ისინი.
6დანარჩენი ბეთულიელები კი თავს დაესხნენ აშურელთა ბანაკს, დაარბიეს და აივსნენ ნადავლით.
7ხოლო მტრის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ უკან შემოქცეული ისრაელის ძენი დაეუფლნენ ყოველივე იმას, რაც დარჩა; მთისა და ბარის დაბასოფლებმაც დიდძალი ნადავლი ჩაიგდეს ხელში, რადგან ურიცხვი იყო მისი სიმრავლე.
8მოვიდნენ მღვდელმთავარი იეჰოიაკიმი და ისრაელის ძეთა უხუცესნი, იერუსალიმის მკვიდრნი, რათა ენახათ, რა სიკეთე უყო უფალმა ისრაელს, ენახათ ივდითიც და მისალმებოდნენ მას.
9მასთან მისვლისთანავე აკურთხეს იგი და უთხრეს: „შენა ხარ დიდება იერუსალიმისა, შენა ხარ სიამაყე ისრაელისა, შენა ხარ სიქადული ჩვენი მოდგმისა.
10შენი ხელით აღასრულე ყოველივე ეს; სიკეთე უყავ ისრაელს და წყალობა მოიღო მასზე ღმერთმა. კურთხეულ იყავ ყოვლისმპყრობელი ღმერთის მიერ უკუნისამდე. და თქვა მთელმა ერმა: იყოს!“
11ოცდაათი დღის განმავლობაში ძარცვავდა ხალხი ბანაკს; და მისცეს ივდითს ჰოლოფერნეს კარავი, მთელი ვერცხლეული, საწოლი, სასმისები და მთელი დგამი მისი. ქალმაც შეაგროვა ისინი, აჰკიდა თავის ჯორს, შეაბა ურმები და მთელი ნადავლი ზედ დაუდო.
12ისრაელის ქალთა მთელი კრებული გამოეფინა მის სანახავად და აკურთხეს იგი; მადლი შესწირეს და ფერხული ჩააბეს მის სადიდებლად. აიღო ივდითმა რტოები და ჩამოურიგა მასთან მყოფ ქალებს.
13ზეთისხილის გვირგვინებით შეიმკეს შუბლი მანაც და მასთან მყოფთაც; როკვით მიდიოდა იგი მთელი ხალხის წინაშე და წინ მიუძღოდა ქალებს; ხოლო კაცები თავზე გვირგვინებითა და ბაგეზე საგალობლებით მიაცილებდნენ.
14და წამოიწყო ივდითმა ისრაელის ძეთა წინაშე სამადლობელი სიმღერა და მთელი ერი აჰყვა მას.

Currently Selected:

ივდითი 15: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in