ივდითი 14
14
1ხოლო ივდითმა უთხრა მათ: „მისმინეთ, ძმებო, აიღეთ და ჩამოჰკიდეთ ეს თავი თქვენი გალავნის ქონგურზე.
2როცა ინათებს და მზე თავის სხივებს მოჰფენს დედამიწას, თქვენი საომარი საჭურველი აისხით; ვისაც გული ერჩის, ქალაქგარეთ გავიდეს წინამძღოლის მეთაურობით, თითქოს დაბლობზე ჩასვლას აპირებდეთ, რათა თავს დაესხათ აშურის ძეთა მცველებს, მაგრამ ჩასვლით კი ნუ ჩახვალთ.
3მაშინ ისინი იარაღს დასტაცებენ ხელს და თავიანთ ბანაკს მიაშურებენ, გააღვიძებენ აშურელთა ლაშქრის სარდლებს და ჰოლოფერნეს კარავს მისცვივდებიან, მაგრამ რაკი ვერ იპოვიან, თავზარდაცემულნი უკუიქცევიან თქვენს წინაშე.
4ხოლო თქვენ და ისრაელის მიწა-წყლის ყოველმა მკვიდრმა ფეხდაფეხ მისდიეთ და მუსრი გაავლეთ გაქცეულთ.
5მანამდე კი აქ მომგვარეთ ყაქიორ ყამონელი; დაე, თავისი თვალით იხილოს და ამოიცნოს ისრა-ელის სახლის მაგინებელი და, ვით სიკვდილი, ჩვენი მოდგმის აღმოსაფხვრელად მოვლინებული.“
6გამოიხმეს ყაქიორი ყუზიას სახლიდან. როცა მოვიდა და ჰოლოფერნეს თავი დაინახა, შეკრებილთა შორის ერთ კაცს რომ ეჭირა ხელში, პირქვე დაეცა გულწასული.
7როდესაც წამოაყენეს, ფეხქვეშ ჩაუვარდა ივდითს, თაყვანი სცა და უთხრა: „კურთხეული ხარ იუდას ყველა კარავში და ყველა ხალხში, განცვიფრებულნი რომ დარჩებიან შენი სახელის გაგონებისას.
8ახლა კი მაუწყე, რას აკეთებდი ამ დღეების განმავლობაში?“ და ივდითმა, ხალხის თანდასწრებით, უამბო ყველაფერი, რაც მოემოქმედა წასვლიდან დღევანდელ დღემდე.
9ლაპარაკს რომ მორჩა, ხმამაღლა შეჰღაღადა ხალხმა და სიხარულის ყიჟინამ კიდით კიდემდე დაუარა ქალაქს.
10ყაქიორმა კი, როცა იხილა ყველაფერი, რაც მოიმოქმედა ისრაელის ღმერთმა, მთელი არსებით ირწმუნა იგი, წინადაიცვითა და შეუერთდა ისრაელის სახლს თვით დღევანდელ დღემდე.
11როგორც კი ინათა, ქონგურზე გადმოკიდეს ჰოლოფერნეს თავი. ყველამ თავისი იარაღი აისხა და რაზმებად დაწყობილნი მთის კალთისაკენ დაიძრნენ.
12მათ დანახვაზე აშურელებმა თავიანთ წინამძღოლებთან აფრინეს ხალხი, წინამძღოლებმა კი თავიანთ სარდლებს, ათასისთავებს და სხვა თავკაცებს მიაშურეს.
13ჰოლოფერნეს კარავთან მისულებმა მთელი მისი ავლადიდების გამრიგეს უთხრეს: „გააღვიძე ჩვენი მბრძანებელი, რადგანაც მონები ისე გაკადნიერდნენ, რომ ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიდნენ, რათა დედაბუდიანად გავავლოთ მუსრი.“
14შევიდა ბაგოასი და კარვის კარზე დააკაკუნა, რადგანაც ეგონა ივდითთან ერთად სძინავსო.
15ხმა რომ არავინ გასცა, კარი გააღო, საძინე-ბელში შევიდა და ჰოლოფერნეს თავმოკვეთილი გვამი დაინახა.
16ხმამაღლა შებღავლა, ოხვრა-გმინვასა და მოთქმა-გოდებას მოჰყვა და ტანსაცმელი შემოიგლიჯა.
17ივდითის კარავში შევიდა, მაგრამ ქალი იქ რომ არ დახვდა, გარეთ გამოვარდა და ხალხს შესტირა:
18„მონებმა გვიმუხთლეს! ერთმა ებრაელმა ქალმა თავს ლაფი დაასხა მეფე ნაბუქოდონოსორის სახლს, რადგანაც, აი, ჰოლოფერნე თავმოკვეთილი გდია მიწაზე.“
19ამის გაგონებაზე აშურელთა ლაშქრის სარდლებმაც ტანსაცმელი შემოიგლიჯეს და მათმა ბღავილმა მთელი ბანაკი შეძრა.
Currently Selected:
ივდითი 14: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002