Bible App logo
Search Icon

ივდითი 12

12
1და ბრძანა შეეყვანათ იქ, სადაც მისი ვერცხლის ჭურჭელი ეწყო, მისი კერძი მიერთმიათ სუფრაზე და მისივე ღვინო მიეცათ სასმელად.
2მაგრამ ივდითმა თქვა: პირს არ დავაკარებ ამას, რათა საცთურად არ მექცეს, არამედ ჩემს საგზალს ვიკმარებ.
3ჰოლოფერნემ მიუგო მას: „კი მაგრამ, როცა ეგ საგზალი გაგითავდება, სადღა გიშოვოთ მაგისი მსგავსი, რადგანაც ჩვენს შორის არავინაა შენი მოდგმისა?“
4ივდითმა პასუხად თქვა: „შენმა სიცოცხლემ, ჩემო მბრძანებელო, არ დახარჯავს შენი მხევალი ყველაფერს, რაც თანა აქვს, ვიდრე უფალი ჩემი ხელით არ აღასრულებს იმას, რაც განუზრახავს.“
5ჰოლოფერნეს მსახურებმა კარავში შეიყვანეს იგი და იქ შუაღამემდე ეძინა; დილაუთენია კი ადგა
6და ჰოლოფერნეს შეუთვალა: იქნებ ინებოს ჩემმა ბატონმა და მის მხევალს სალოცავად წასვლის ნება დართოს.
7ჰოლოფერნემ უბრძანა თავის სხეულის მცველებს გაეტარებინათ ქალი. ასე დაჰყო მან ბანაკში მთელი სამი დღე. ღამ-ღამობით ბეთულიას ხეობაში გადიოდა და წყაროს წყლით იბანდა ტანს.
8მერე კი ევედრებოდა ისრაელის უფალ ღმერთს, კეთილად წარემართა მისი გზა უფლის ერის სახსნელად.
9განბანილი ბრუნდებოდა კარავში და იქ რჩებოდა, ვიდრე საღამო ჟამს საზრდოს არ მიართმევდნენ.
10მეოთხე დღეს ჰოლოფერნემ ლხინი გამართა მხოლოდ თავის მსახურთათვის და თავისი ხალხიდან მეტი არავინ მიუწვევია.
11და უთხრა საჭურის ბაგოასისს, მთელი მისი საბადებლის მოურავს: „წადი და უთხარი იმ ებრაელ ქალს, შენ რომ გაბარია, მოვიდეს და ჩემთან ერთად ჭამოს და სვას.
12სირცხვილიცაა, ასეთი ქალი ისე გავუშვათ ხელიდან, რომ ვერ დავიახლოვოთ. თუ არ მოვიწვევთ, დაგვცინებს კიდეც.
13ჰოლოფერნესგან გამოსული ბაგოასი ივდითთან მივიდა და უთხრა: „ნუ იუარებ, მშვენიერო ყმაწვილო ქალო, ჩემს მბრძანებელთან მისვლას, რათა პატივი მოგეგოს მის წინაშე, ჩვენთან ერთად სვა ღვინო სამხიარულოდ და დღევანდელ დღეს ისე იყო, როგორც აშურის ძეთა ასულნი, ნაბუქოდონოსორის სასახლეს რომ ამშვენებენ.“
14მიუგო მას ივდითმა: „ვინა ვარ მე, რომ უარი ვუთხრა ჩემს მბრძანებლს? ახლავე ისე მოვიქცევი, როგორც მას ეამება და სიკვდილის დღემდე სასიხარულოდ დამრჩება ეს.“
15ადგა, სასალუქო სამოსითა და მთელი თავისი სამკაულებით მოიკაზმა, მისმა მოახლემ კი ჰოლოფერნეს წინ ცხვრის ტყავი დაუგო, ბაგო-ასისისთვის რომ გამოერთმია საყოველდღიურო სახმარად, რათა საჭმლის ჭამისას მასზე ფეხმორთხმით მჯდარიყო.
16შევიდა ივდითი და დაჯდა. ჰოლოფერნეს გული შეუვარდა მასზე და სული აემღვრა, ისე ძალიან მოუნდა დაუფლებოდა ქალს. მას შემდეგ, რაც პირველად ნახა იგი, ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდა მის საცთუნებლად.
17და უთხრა მას ჰოლოფერნემ: სვი და ილხინე ჩვენთან ერთად.
18ხოლო ივდითმა მიუგო: ვსვამ, მბრძანებელო, ვინაიდან დღეს ამაღლდა ჩემი სიცოცხლე, როგორც არასდროს ჩემი გაჩენის დღიდან.
19დასწვდა ყველაფერს, რაც მოახლეს მოემზადებინა მისთვის და ჰოლოფერნეს წინაშე ჭამა და სვა.
20ჰოლოფერნე ტკბებოდა მისი სიახლოვით; ღვინოს მიეძალა და იმდენი სვა, თავის დღეში რომ არ უსვამს.

Currently Selected:

ივდითი 12: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in