ივდითი 11
11
1ჰოლოფერნემ უთხრა მას: „დამშვიდდი, ქალო, ნუ შეკრთება შენი გული, რადგანაც არავის მოვქცევივარ უკეთურად, ვინც ირჩია ყოფილიყო მთელი ქვეყნიერების მეფის – ნაბუქოდონოსორის მონა-მორჩილი.
2ახლაც, მთიანეთში მოსახლე შენს ხალხს რომ არ შეურაცხვეყავი, ჩემს მახვილს არ აღვმართავდი მათზე, მაგრამ თვითონვე ჩაიგდეს თავი ამ დღეში.
3მაშ, მითხარი, რატომ გამოექეცი მათ და ჩვენ მოგვაშურე? ნუ გეშინია, სწორედ აქ ჰპოვებ ხსნას: ამაღამაც ცოცხალი დარჩები და შემდეგშიაც.
4უბატონოდ ხმას ვერავინ გაგცემს და არც წყალობა მოგაკლდება, როგორც ჩემი მბრძანებლის – ნაბუქოდონოსორ მეფის ყველა მონა-მორჩილს.
5ივდითმა მიუგო მას: ისმინე შენი მონამორჩილის სიტყვა, ნება მიბოძე შენს მხევალს შენს წინაშე ვილაპარაკო: არ ვეცრუები ჩემს მბრძანებელს ამაღამ.
6თუ ყურად იღებ შენი მხევლის სიტყვებს, ღმერთი შენი მეშვეობით აღასრულებს საქმეს და არ გაცუდდება ჩემი მბრძანებლის განზრახვა.
7დღეგრძელი იყოს მეფე ნაბუქოდონოსორი და დღეგრძელი იყოს მისი მეუფება, შენ რომ წარმოგგზავნა, რათა წრფელი გზით წარმართო ყოველი სული, და შენი მეშვეობით მართო ადამიანები კი არ მორჩილებდნენ მას, არამედ, შენივე ძალმოსილების წყალობით, ველური მხეცებიც, საქონელიც და ცის ფრინველებიც ჰმონებდნენ ნაბუქოდონოსორს და მთელ მის სახლს.
8რადგანაც გვსმენია შენი სიბრძნე და შენი შორსმჭვრეტელობა, მთელმა ქვეყანამ იცის, რომ მხოლოდ შენა ხარ კეთილი მთელ სამეფოში, სიბრძნით ძლიერი და ბრძოლის ველზე – სწორუპოვარი.
9ხოლო რაც ყაქიორს მოუხსენებია შენი საკრებულოსათვის, ჩვენც შევიტყვეთ, რადგანაც ბეთულიელებმა შეიწყნარეს იგი და მან გვიამბო ყველაფერი, რაც შენთვის უთქვამს.
10ამიტომ, ჩვენო ბატონო და მბრძანებელო, ნუ უგულებელყოფ მის სიტყვას, არამედ გულს ჩაიბეჭდე, რადგანაც ჭეშმარიტია იგი: შეუძლებელია ჩვენი მოდგმის დასჯა, მახვილი ვერ მძლავრობს მასზე, თუკი თავისი ღმერთის წინაშე არ სცოდა.
11ახლა კი, ჩემი მბრძანებელი რომ ვერ უკუაქციონ და ამაოდ არ დაშვრეს, სიკვდილმა უწია ჩემს თვისტომთ, რადგანაც ცოდვაში ჩაიდგეს ფეხი, ვინაიდან იმის ჩადენას აპირებენ, რისი ქმნაც არა ხამს.
12რაკიღა სურსათ-სანოვაგე შემოაკლდათ და წყლის მარაგი გამოელიათ, გადაწყვიტეს თავიანთ პირუტყვს დაერიონ და საჭმელად გამოიყენონ ყოველივე ის, რისი ჭამაც უფალმა ღმერთმა თავისი სჯულით სასტიკად აგვიკრძალა.
13იმასაც კი აპირებენ, რომ საჭმელად მოიხმარონ პირველმოწეული პური და ღვინისა თუ ზეთის მეათედი, რაც წმიდაჰყვეს და მღვდლებს არგუნეს, ჩვენს ღმერთს რომ ემსახურებიან იერუსალიმში, თუმცა მათთვის ხელის ხლებაც კი ეკრძალება ერისკაცთაგანს.
14ხალხიც კი აფრინეს იერუსალიმში, ვინაიდან იქაურებიც ამას სჩადიან, რათა ნებართვა მიიღონ უხუცესთაგან.
15როგორც კი ნებართვას მიიღებენ და განზრახულს შეასრულებენ, იმავე დღეს თქვენი წერა გახდებიან.
16აი, რატომაა, რომ მე, შენი მონა-მორჩილი, ყოველივე ამის შეტყობინებისთანავე გამოვექეცი მათ; ღმერთმა გამომგზავნა, რათა შენთან ერთად აღვასრულო საქმე, რომელიც გააოგნებს ყველას, ვინც კი მოისმენს მას.
17რადგანაც ღვთისმოსავია შენი მონა-მორჩილი და დღედაღამ ემსახურება ცის ღმერთს. ახლა კი შენთან დავრჩები ჩემო მბრძანებელო; მხოლოდ ნება მიბოძე ღამ-ღამობით ხეობაში გავიდე და ვილოცო ღმერთის მიმართ, რომელიც მამცნობს, როდის შესცოდავენ ისინი.
18მე კი დაბრუნებისთანავე გაუწყებ შენ, და დაიძვრები მთელი შენი ლაშქრითურთ; ვერცერთი მათგანი ვერ აღგიდგება წინ.
19მთელი იუდას გავლით ჩაგიყვან იერუსალიმს და მის შუაგულში დაგიდგამ ტახტს; უმწყემსო ფარასავით წაირეკე ისინი, ძაღლიც კი ვერ გაგიბედავს შემოყეფას. ყოველივე ეს ჩემი წინასწარხედვით მემცნო და მეუწყა მე, და მოვლენილ ვიქენ, რომ შენც შეგატყობინო.
20მოეწონათ ეს სიტყვა ჰოლოფერნეს და მის მსახურებს, და მისი სიბრძნით განცვიფრებულებმა თქვეს:
21მთელი დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება ქალი, მას რომ შეედრებოდეს სახის სილამაზითა და სიტყვის გონიერებით.
22ჰოლოფერნემ უთხრა: ღმერთმა ინება, რომ შენ გამოეგზავნე წინასწარ, რათა ჩვენს ხელთ ყოფილიყო ძალა, ჩემი ღმერთის მოძულეთა შორის კი – სიკვდილი.
23მომხიბლავი ხარ გარეგნობით და სთნო – სიტყვით. თუ აასრულებ იმას, რაცა თქვი, შენი ღმერთი ჩემი ღმერთი იქნება, მეფე ნაბუქოდონოსორის სასხლეში იცხოვრებ და მთელი დედამიწის ზურგზე გაითქვამ სახელს.“
Currently Selected:
ივდითი 11: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002