Bible App logo
Search Icon

ტობითი 14

14
1და დაასრულა ტობითმა ქება-დიდება.
2ორმოცდათვრამეტი წლისა იყო, თვალისჩინი რომ დაევსო და რვა წლის შემდეგ აეხილა თვალი. უშურველად გასცემდა მოწყალებას, მოწიწებით ემსჭვა ლვოდა უფალ ღმერთს და ადიდებდა მას.
3ბოლოს, ღრმად მოხუცებულმა უხმო თავის ძეს მისი შვილებითურთ და უთხრა: „შვილო, თან იახელ შენი შვილები. აი, მე მოვხუცდი და სიცოც-ხლეს ვეთხოვები.
4მიდიას მიაშურე, შვილო, რადგანაც მწამს, რომ ნინევე დაემხობა, როგორც ბრძანა იონა წინასწარმეტყველმა; მიდიაში კი მშვიდობა იქნება, ვიდრე არ მოაწევს ჟამი; ჩვენი ძმები წინაპართა მადლიანი მიწიდან გაიფანტებიან; იერუსალიმი გაუდაბურდება; ღვთის სახლი გადაიბუგება და კაი ხანს იქნება უკაცრიელი.
5მაგრამ ღმერთი კვლავ შეიწყალებს და აღთქმულ მიწაზე დააბრუნებს მათ, და ააგებენ სახლს, მხოლოდ არა უწინდელის მსგავსს, ვიდრე არ გასრულდება დრო-ჟამი. შემდგომ ამისა, დაბრუნდებიან ტყვეობიდან; ძველი დიდებით აღადგენენ იერუსალიმს და აშენდება მასში ღვთის სახლი საუკუნო ყოველი თაობისათვის, – დიდებული სახლი, როგორც გვაუწყებენ წინასწარმეტყველნი.
6ყოველი ხალხი ჭეშმარიტი მოწიწებით მოიქცევა უფალი ღმერთის მიმართ და შემუსრავს თავის კერპებს.
7მისი ერი აღიარებს თავის ღმერთს და აამაღლებს უფალი თავის ერს; იხარებს ყველა, ვისაც ჭეშმარიტებითა და სიმართლით უყვარს ღმერთი და მოწყალებას არ იშურებს ჩვენი ძმებისათვის.
8ასე რომ, შვილო, გაეცალე ნინევეს, რადგანაც ჭეშმარიტად აღსრულდება ის, რაც გვაუწყა წინასწარმეტყველმა იონამ.
9შენ კი უერთგულე სჯულსა და მცნებებს, და შენსავ სასიკეთოდ, მოწყალე იყავ და სამართლიანი. ჩემს გვერდით დამარხე დედაშენი და ნუღარ დაყოვნდები ნინევეში.
10გახსოვდეს, შვილო, რა დღეში ჩააგდო ნადაბმა ახიკარი – მისი გამზრდელი; როგორ შეიყვანა ნათლიდან ბნელში და როგორ მიეზღო მას: ახიკარი გადარჩა, ნადაბს კი მიეგო, რაც ეკუთვნოდა – ბნელეთს ჩავიდა. მენაშემ გულმოწყალება გამოიჩინა და ახიკარმა თავი დააღწია მისთვის დაგებულ სიკვდილის მახეს, ნადაბი კი შიგ გაება და თქვენი ჭირი წაიღო.
11ახლა ხომ ხედავთ, შვილებო, რა ძალა აქვს მოწყალებას და როგორ იხსნის კაცს სამართალი.“
ესეცა თქვა და სული განუტევა სარეცელზე. ას ორმოცდათვრამეტი წლისა იყო და პატივით დაკრძალეს იგი.
12ხანა რომ მოკვდა, მამის გვერდით დამარხა იგი ტობიამ და ცოლ-შვილითურთ წავიდა ეკბატანაში, რეღუელთან, თავის სიმამრთან.
13ღირსეულად იცხოვრა სიბერემდე, პატივით დაკრძალა სიდედრ-სიმამრი და სამკვიდროდ მიიღო მათი და მამამისის მთელი ქონება.
14ას ოცდაშვიდი წლისა მიიცვალა მიდიის ეკბატანაში.
15მაგრამ გარდაცვალებამდე შეიტყო ნინევეს დაქცევა, რომელიც აიღეს ნაბუქოდონოსორმა და ახაშვეროსმა, და სიკვდილის წინ გაიხარა მისი დაქცევით.

Currently Selected:

ტობითი 14: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in