YouVersion Logo
Search Icon

ეს. 53

53
ტანჯული მსახური
1ვინ ირწმუნა ჩვენს მიერ მოსმენილი? და ვისზე გამოჩნდა მკლავი უფლისა?
2ამოვიდა, როგორც ყლორტი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან, არც ტანადობა ჰქონია მას, არც დიდებულება, რომ გვეცქირა მისთვის, არც გარეგნობა, რომ მივეზიდეთ.
3შესაზიზღი იყო ის და კაცთაგან მიტოვებული, გატანჯული და დასნეულებული. და ჩვენ სახეს ვარიდებდით მას, შესაზიზღი იყო და არაფრად ვაგდებდით.
4მაგრამ იტვირთა მან ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით გაიტანჯა, ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ნაგვემი იყო, ღმერთის მიერ ნაცემი და წამებული.
5მაგრამ ის დაჭრილი იყო ჩვენს დანაშაულთა გამო, დალეწილი – ჩვენი ურჯულოების გამო; ჩვენი სასჯელი მასზე იყო; და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ.
6ჩვენ ყველანი ცხვრებივით გზას ავცდით და თითოეული ჩვენგანი თავის გზას დაადგა. და უფალმა მას დააკისრა, ყველა ჩვენგანის ურჯულოება.
7შევიწროვებული იყო და წამებული, მაგრამ არ გაუხსნია თავისი ბაგე, როგორც კრავი, დასაკლავად რომ მიჰყავთ, და როგორც ცხვარი, მის მპარსველთა წინაშე რომ დუმს.
8პატიმრობიდან და სამსჯავროდან იქნა წაყვანილი, და მის მოდგმაზე ვინ ილაპარაკებს? რადგან მოკვეთილ იქნა ცოცხალთა ქვეყნიდან, ჩემი ხალხის დანაშაულის გამო განიგმირა.
9და ბოროტმოქმედებთან მიეცა საფლავი, მაგრამ მდიდრებთან იყო თავის სიკვდილში; თუმცა არ ჩაუდენია მას ძალადობა და სიცრუე არ იყო მის ბაგეში.
10მაგრამ უფალს სურდა მისი დალეწვა, მისი დასნეულება; თუ დასდებს ის თავის სულს დანაშაულის მსხვერპლად, იხილავს ის შთამომავლობას, გაიგრძელებს დღეებს, და უფლის ნება მისი ხელით მიაღწევს წარმატებას.
11თავისი სულის ჯაფისაგან იხილავს ნათელს და დაკმაყოფილდება; თავისი სიბრძნით მრავალთ გაამართლებს ჩემი მართალი მსახური; და მათ ცოდვებს ის იტვირთავს.
12ამიტომ ბევრს მივცემ მას წილად და ძლიერებთან გაინაწილებს ის ნადავლს, იმის სანაცვლოდ, რომ სასიკვდილოდ გაწირა თავისი სული და ბოროტმოქმედებთან შეირაცხა. და მრავალთა ცოდვა იტვირთა და დამნაშავეთათვის იშუამდგომლა.

Currently Selected:

ეს. 53: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in