YouVersion Logo
Search Icon

ეს. 51

51
ისრაელის მომავალი ხსნა
1„მისმინეთ მე, სიმართლის მიმდევარნო, უფლის მაძიებელნო! შეხედეთ კლდეს, საიდანაც ხართ გამოკვეთილნი, და ორმოს სიღრმეს, რომლისგანაც ხართ ამოყვანილნი.
2შეხედეთ აბრაამს, თქვენს მამას და სარას, თქვენს მშობელს; რადგან იმ ერთს მოვუხმე მე, ის ვაკურთხე და გავამრავლე.“
3რადგან უფალი ანუგეშებს სიონს, ანუგეშებს მის ყველა ნანგრევს, და ედემივით აქცევს მის უდაბნოს და მის ტრამალს – უფლის წალკოტივით, სიხარული და მხიარულება იქნება მასში, სამადლობელი და სიმღერის ხმა.
4„მისმინე მე, ჩემო ერო, და ჩემო ხალხო, ყური დამიგდე! რადგან ჩემგან გამოვა რჯული და ჩემს სამართალს ხალხებზე სინათლედ მოვაფენ.
5ახლოს არის ჩემი სიმართლე, გამოვიდა ჩემი ხსნა, და ჩემი მკლავი ხალხებს განიკითხავს, კუნძულები მე დამენდობიან და ჩემს მკლავს დაეყრდნობიან.
6ცას მიაპყარით თქვენი თვალები და დახედეთ დედამიწას ქვემოთ, რადგან ცა ბოლივით გაიფანტება და დედამიწა სამოსელივით დაძველდება, და მისი მცხოვრებნი მათ კვალზე დაიხოცებიან, ჩემგან ხსნა კი საუკუნოდ იქნება, და ჩემი სიმართლე არ შეწყდება.
7მისმინეთ მე, სიმართლის მცოდნენო, ხალხო, ნუ გეშინიათ კაცისგან შეგინებისა და მათი ლანძღვა ნუ დაგაფრთხობთ.
8რადგან, როგორც ტანსაცმელს, ჩრჩილი შეჭამს მათ, და როგორც მატყლს, მატლი შეჭამს მათ, ჩემი სიმართლე კი საუკუნოდ იქნება, და ჩემი ხსნა – თაობიდან თაობაში.“
9გაიღვიძე, გაიღვიძე, შეიმოსე ძალა უფლის მკლავო! გაიღვიძე, როგორც წინა დღეებში, ძველ თაობებში. განა შენ არ დაანაკუწე რაჰაბი? შენ არ მოჰკალი ურჩხული?
10განა შენ არ ამოაშრე ზღვა, წყლები დიდი უფსკრულისა? ზღვის სიღრმენი გზად არ აქციე გამოხსნილთა გასავლელად?
11და უფლის მიერ გამოსყიდულნი დაბრუნდებიან და მოვლენ სიონში სიმღერით, და საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე. შვებას და სიხარულს ჰპოვებენ ისინი, დარდი და ოხვრა განქარდება.
12„თავად მე ვარ, მე, თქვენი ნუგეშისმცემელი. ვინ ხარ შენ, რომ გეშინია კაცისა, რომელიც კვდება? და ადამის ძისა, რომელიც ბალახად არის შერაცხილი?
13და დაივიწყე უფალი, შენი შემქმნელი, ცის გადამჭიმელი და დედამიწის დამფუძნებელი. და გეშინია მუდამ შემაჭირვებლის რისხვისა, როდესაც ის ემზადება მოსასპობად. მაგრამ სად არის შემაჭირვებლის რისხვა?
14მალე განთავისუფლდება წელში მოხრილი და ხაროში არ მოკვდება, და არ დააკლდება მას პური.
15და მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ზღვის ამღელვებელი, და ღრიალებენ მისი ტალღები. უფალი ცაბაოთია მისი სახელი.
16მე ჩავდე ჩემი სიტყვები შენს პირში და ჩემი ხელის ჩრდილში შეგიფარე შენ, რომ მომეწყო ზეცა და დამეფუძნებინა დედამიწა და მეთქვა სიონისათვის: ‘ჩემი ერი ხარ!’“
17გამოიღვიძე, გამოიღვიძე, აღდექ, იერუსალიმო, შენ, რომელმაც შესვი უფლის ხელიდან მისი რისხვის თასი! საწამლავგარეული ფიალა ბოლომდე შესვი.
18არა ჰყავს მას გამძღოლი არა ჰყავს ხელის დამჭერი ძეთა შორის, რომლებიც გაზარდა მან.
19ორი ეს უბედურება გეწია – ვინ გააქნევს თავს შენზე? ძარცვა და ნგრევა, შიმშილი და მახვილი – ჩემს მეტი ვინ განუგეშებს?
20შენი ძენი დაუძლურდნენ, წვანან ყოველი ქუჩის თავში, როგორც გარეთხა ასმანაკში, სავსენი უფლის რისხვით, შენი ღმერთის მუქარით.
21ამიტომ ისმინე ეს, წამებულო და მთვრალო, მაგრამ არა ღვინით!
22ასე ამბობს შენი მეუფე, უფალი და შენი ღმერთი, მოსარჩლე თავისი ერისა: „აჰა, ავიღე საწამლავგარეული თასი შენი ხელიდან, ნალექი ჩემი რისხვის თასისა – მეტად აღარ შესვამ მას.
23და მივცემ მას შენს მტანჯველთ ხელში, რომლებიც ეუბნებოდნენ შენს სულს: ‘დაემხე და ჩვენ გადავივლით შენზე!’ და შენ დაგიდევს შენი ზურგი მიწასავით, ქუჩასავით გამვლელთათვის.“

Currently Selected:

ეს. 51: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy