Bible App logo
Search Icon

ოს. 9

9
შურისძიების საათი
1ნუ ხარობ, ისრაელო, ნუ ილხენ სხვა ხალხებივით, რადგან ბოზობ შენი ღვთისაგან განმდგარი; საჩუქრები გირჩევნია ყველა კალოს პურს.
2კალო და საწნახელი არ გამოკვებავს მათ და ღვინო უმტყუნებს მათ.
3არ იცხოვრებენ უფლის მიწაზე: ეფრემი ეგვიპტეში დაბრუნდება და უწმიდურს შეჭამენ აშურში.
4არ დაუღვრიან უფალს ღვინოს და თავიანთი მსხვერპლით არ აამებენ მას; მათი პური საქელეხო პურივით იქნება; ყოველი მისი მჭამელი გაუწმიდურდება, რადგან ეს პური მათთვის არის, და ვერ შევა უფლის სახლში.
5რას იზამთ დღესასწაულის დღეს და საუფლო ზეიმის დღეს?
6რადგან, აჰა, წაუვლენ აოხრებას, მაგრამ ეგვიპტე თავს მოუყრის მათ და მემფისი დამარხავს მათ; მისი ვერცხლის საგანძურს ეკალ-ბარდები დაიმკვიდრებენ და ნარ-ეკალი ამოვა მის კარვებში.
7დადგა განკითხვის დღეები, დადგა ნაცვალგების დღეები. იცოდეს ისრაელმა! სულელი იყო წინასწარმეტყველი, შეშლილი იყო სულის კაცი, შენს დიდ ცოდვებზე და დიდ მტრობაზე რომ ლაპარაკობდა?
8ეფრემის – ჩემი ღვთის ერის მცველი წინასწარმეტყველია. ყველა გზაზე ხაფანგია დაგებული და მხოლოდ მტრობაა მისი ღვთის სახლში.
9ღრმად გაირყვნენ, როგორც გიბყას დღეებში; მაგრამ ის გაიხსენებს მათ უკეთურებას და მოჰკითხავს ცოდვებს.
10ყურძენივით ვიპოვე უდაბნოში ისრაელი; როგორც პირველი ნაყოფი ლეღვის ხეზე, როგორც მისი ნათავარი, ისე მივიჩნიე თქვენი მამები; მაგრამ ბაყალ-ფეღორთან წავიდნენ ისინი, სირცხვილს მისცეს თავი და ვინც შეიყვარეს, მათსავით საძაგლები შეიქნენ.
11ეფრემი – ჩიტივით გაფრინდება მისი დიდება! არც შობა, არც ორსულობა, არც მუცლადღება!
12თუმცა გაზრდიან შვილებს, მაგრამ წავართმევ მათ; ერთი კაციც აღარ დარჩება; და ვაი მათ, თუ მივატოვე!
13ეფრემი, როგორც დავინახე, მშვენიერ მდელოზეა დარგული ცორივით; მაგრამ ეფრემი მკვლელს გაუყვანს თავის შვილებს.
14მიეცი მათ, უფალო, რაც უნდა მიგეცა; მიეცი მოწყვეტილი მუცელი და გამშრალი მკერდი.
15გილგალშია მთელი მათი ბოროტება; იქ შევიძულე ისინი მათი ავი საქმეების გამო; ჩემი სახლიდან გავყრი მათ და აღარასოდეს შევიყვარებ; განდგომილია ყველა მისი მთავარი.
16დაჩეხილია ეფრემი, გამხმარია მისი ფესვები, აღარ გამოიღებს ნაყოფს; კიდეც რომ შობონ, მოვაკვდინებ მათი საშოს სანატრელ ნაშიერს.
17მოიშორებს მათ ჩემი ღმერთი, რადგან არ გაუგონეს მას, და ხალხთა შორის ხეტიალს მოჰყვებიან.

Currently Selected:

ოს. 9: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in