Bible App logo
Search Icon

ოს. 10

10
სიმართლის გარეშე არაა ხსნა
1რქაკეთილი ვენახია ისრაელი, ნაყოფსაც თავის მსგავსს იძლევა; რა უხვი ნაყოფიც ჰქონდა, ასევე გააუხვა სამსხვერპლოები; რა კარგი მიწაც ჰქონდა, ასევე დაამშვენა სვეტები.
2ორგულნი არიან, მაგრამ ახლა კი მსჯავრი დაედებათ; შემუსრავს მათ სამსხვერპლოებს, დალეწავს მათ სვეტებს.
3რადგან ახლა ამბობენ, მეფე არა გვყავსო, რადგან უფლის არ გვეშინიაო; მეფემ კი, – რა უნდა გვიყოსო?
4მხოლოდ სიტყვებს ლაპარაკობენ, ცრუდ ფიცულობენ აღთქმის დადებისას; აღმოცენდება მსჯავრი, როგორც შხამიანი ბალახი ყანის ხნულებში.
5შეშინდებიან სამარიის მცხოვრებნი ბეთ-ავენის ხბორების გამო, რადგან იგლოვებენ მას მისი ერი და მისი ქურუმები, მისით რომ ხარობდნენ; გამოიგლოვებენ მის დიდებას, რადგან განეშორა მას.
6თავად მას კი იარებ მეფეს მიართმევენ ძღვნად; სირცხვილი აიტანს ეფრემს და ისრაელს შერცხვება თავისი განზრახვისა.
7გაქრება სამარია თავისი მეფითურთ, როგორც ქაფი წყლის ზედაპირზე.
8განადგურდება ავენის გორაკები – ისრაელის ცოდვა; ნარ-ეკალი და ძეძვი ამოვა მათ სამსხვერპლოებზე და ეტყვიან მთებს: გადაგვეფარეთ და ბორცვებს – თავზე დაგვემხეთო!
9გიბყას დღეებიდან მოყოლებული სცოდავ, ისრაელო! იქ დგანან; არ მიწვდენიათ მათ გიბყაში უკეთურების ძეთა წინააღმდეგ გალაშქრება.
10ჩემი ნებისამებრ დავსჯი მათ; შეიკრიბებიან მათ წინააღმდეგ ხალხები, როცა შეპყრმობილნი იქნებიან ორმაგი დანაშაულის გამო.
11გამოქნილი დეკეულია ეფრემი, კალოს ნაჩვევი; მე თავად გადავივლი მის სქელ ქედზე და გამოვქნავ ეფრემს: იუდა შეუდგება ხვნას, იაკობი კი დაუფარცხავს.
12თესეთ თქვენთვის სიმართლე და მოიმკით წყალობას, გატეხეთ თქვენთვის ყამირი; დროა უფლის ძიებისა, ვიდრე მოვიდოდეს და სიმართლეს გაწვიმებდეთ.
13თქვენ ხნავდით ბოროტს და იმკიდით უსამართლობას; ჭამდით სიცრუის ნაყოფს, რადგან ესავდით თქვენს გზას, თქვენი მეომრების სიმრავლეს.
14აურზაური ატყდება შენს ხალხში და ყველა შენი ციხე-სიმაგრე დაიქცევა; როგორც შალმანმა დააქცია ბეთ-არბელი ბრძოლის დღეს, დედა აკუწეს შვილებთან ერთად.
15ასე დაგმართებთ თქვენ ბეთელი თქვენი უზომო ბოროტებისათვის. ამოვა ცისკრის ვარსკვლავი და აღარ იქნება ისრაელის მეფე.

Currently Selected:

ოს. 10: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in