YouVersion Logo
Search Icon

ებრ. 5

5
ძე – მღვდელმთავარი მელქიცედეკის წესით
1ვინაიდან ყოველი მღვდელმთავარი, ადამიანთაგან ამორჩეული, ადამიანთათვის არის დაყენებული ღვთის სამსახურში, რათა შესწიროს ძღვენი და მსხვერპლი ცოდვებისათვის.
2მას ძალუძს შეიწყნაროს უმეცრები და გზასაცდენილები, ვინაიდან თვითონაც მოცულია უძლურებით.
3ამიტომ ვალდებულია, შესწიროს ცოდვების გამოსასყიდი მსხვერპლი – ხალხისთვისაც და თავისთვისაც.
4და არავინ თავისით არ ღებულობს ამ პატივს, არამედ ვინც ღვთის მიერაა მოწოდებული, როგორც აარონი.
5ასევე ქრისტეს არ უდიდებია თავისი თავი, რომ მღვდელმთავარი გამხდარიყო, არამედ იმან, ვინც უთხრა მას: „ჩემი ძე ხარ შენ, მე დღეს გშობე შენ“.
6როგორც სხვაგანაც ამბობს: „შენ მღვდელი ხარ საუკუნოდ მელქიცედეკის წესით“.
7მან თავის ხორცში ყოფნის დღეებში ძლიერი ღაღადით და ცრემლებით შესწირა ლოცვა და ვედრება მას, სიკვდილისაგან მისი დასხნის შემძლეს, და შესმენილ იქნა იგი ღვთისმოშიშების გამო.
8და თუმცა ძე იყო, მან ტანჯვის მეოხებით ისწავლა მორჩილება.
9და იგი სრულქმნილი, საუკუნო ხსნის მიზეზი შეიქმნა ყველა მისი მორჩილისათვის,
10და ღვთის მიერ ეწოდა მას მღვდელმთავარი მელქიცედეკის წესით.
11ბევრი გვაქვს ჩვენ სალაპარაკო ამაზე, მაგრამ ძნელია განმარტება, ვინაიდან ყურმძიმენი გახდით.
12ვინაიდან ამდენ ხანში თქვენ უკვე მასწავლებლები უნდა ყოფილიყავით. მაგრამ თქვენ ისევ ღვთის სიტყვათა პირველსაწყისების სწავლება გჭირდებათ. თქვენ მაგარი საჭმელები კი არა, რძე გჭირდებათ.
13ვინაიდან ყოველი, ვინც რძით იკვებება, გამოუცდელია სიმართლის სიტყვაში, რადგან ჩვილია.
14მაგარი საჭმელი განკუთვნილია სრულთათვის, რომელთა გრძნობანი ჩვევით გაწაფულია კეთილისა და ბოროტის გასარჩევად.

Currently Selected:

ებრ. 5: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in