YouVersion Logo
Search Icon

ებრ. 4

4
ღვთის ხალხისათვის
კიდევ რჩება სიმშვიდე
1ამიტომ გვეშინოდეს, რათა, ვიდრე რჩება აღთქმა მის სიმშვიდეში შესასვლელად, ვინმე თქვენგანი არ აღმოჩნდეს დაგვიანებული.
2ვინაიდან სახარება ჩვენც გვეუწყა, როგორც მათ. მაგრამ მათთვის სარგებლობა არ მოუტანია მოსმენილ სიტყვას, ვინაიდან არ შეერწყა მსმენელთა რწმენას.
3ხოლო სიმშვიდეში შევდივართ ჩვენ, მორწმუნენი, როგორც მან თქვა: „ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას, რომ ვერ შემოვლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში, თუმცა ღვთის საქმენი დასრულდნენ ჯერ კიდევ სოფლის დასაბამიდან“.
4ვინაიდან მეშვიდე დღეზე სადღაც ასე უთქვამს: „და დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისაგან“.
5და კვლავ იქვე: „ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში“.
6მაშ, რაკი ზოგს შეუძლია მასში შესვლა, ისინი კი, რომელთაც უწინ ეხარათ, ვერ შევიდნენ ურჩობის გამო, –
7კვლავ აწესებს გარკვეულ დღეს, – „დღეს,“ ამბობს დავითით, ესოდენ ხანგრძლივი დროის შემდეგ, როგორც ზემოთაა ნათქვამი: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს“.
8ვინაიდან, იესო ნავეს ძეს რომ მიენიჭებინა მათთვის სიმშვიდე, ამის შემდეგ იგი აღარას იტყოდა სხვა დღეზე.
9ამისათვის კიდევ რჩება შაბათის სიმშვიდე ღვთის ხალხისათვის.
10ვინაიდან, ვინც მის სიმშვიდეში შევიდა, მან თვითონაც დაისვენა თავისი საქმეებისაგან, როგორც ღმერთმა – თავისისაგან.
11მაშ, ვეცადოთ, შევიდეთ იმ სიმშვიდეში, რათა არავინ ჩავარდეს ურჩობაში მათი მაგალითისამებრ.
12ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე, და განიკითხავს გულის აზრებსა და ყოველგვარ ზრახვებს.
13არცერთი ქმნილება არ არის დაფარული მისი ხედვისგან, არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს.
ჩვენი მღვდელმთავარი
ჩვენს მსგავსად გამოიცადა
14და ახლა, როცა ჩვენ გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც გაიარა ზეცა, იესო, ღვთის ძე, მტკიცედ გვეჭიროს აღსარება.
15ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებებში, არამედ ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა.
16აბა, თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის.

Currently Selected:

ებრ. 4: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in