YouVersion Logo
Search Icon

ებრ. 6

6
გაფრთხილება განდგომის წინააღმდეგ
1ამიტომ დავტოვოთ ქრისტეს სიტყვის საწყისები და ვისწრაფოთ სრულყოფისაკენ; და კვლავ ნუ ჩავუყრით საძირკველს მკვდარ საქმეთა მონანიებას და ღვთის რწმენას,
2ნათლობათა, ხელდასხმისა, მკვდართა აღდგომისა და საუკუნო განკითხვის მოძღვრებას.
3ამას გავაკეთებთ, თუ ღმერთი ნებას მოგვცემს.
4ვინაიდან შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგემეს ზეციური ნიჭი და ეზიარნენ სულიწმიდას,
5გემო უნახეს ღვთის კეთილ სიტყვას და საუკუნო ძალებს,
6და მერე დაცემულნი კვლავ განახლდნენ მოსანანიებლად, რადგან ისინი კვლავ ჯვარს აცვამენ ღვთის ძეს და აგინებენ.
7ვინაიდან მიწა, რომელიც იწოვს მასზე მრავალგზის მოსულ წვიმას და იძლევა მწვანილს, სასარგებლოა მათთვის, ვისთვისაც მუშავდება – იგი ღვთისგან ღებულობს კურთხევას.
8ხოლო, რომელიც იძლევა ეკალსა და კუროსთავს, უვარგისია და ლამის დაწყევლილი. მისი ბოლო დაწვაა.
იმედს ბოლომდე შეინარჩუნებენ
9მაგრამ, საყვარელნო, ჩვენ გვჯერა, რომ უკეთესნი ხართ და მიწევნულნი ხართ ხსნას, თუმცა ასე ვლაპარაკობთ.
10ვინაიდან ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის, რომ ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმიდებს.
11მაგრამ გვსურს, რომ ყოველი თქვენგანი, სასოების სისრულისათვის იჩენდეს იმავე ერთგულებას ბოლომდე,
12რათა არ გაზარმაცდეთ, არამედ მიბაძოთ მათ, ვინც რწმენით და სულგრძელებით იმკვიდრებენ აღთქმებს.
ფუძე ასეთი იმედისთვის –
ღვთის ნების შეურყევლობა
13ვინაიდან ღმერთი, აძლევდა რა აღთქმას აბრაამს, რაკი არ შეეძლო, ვინმე თავისზე დიდი დაეფიცა, საკუთარი თავი დაიფიცა.
14უთხრა: „ჭეშმარიტად, კურთხევით გაკურთხებ შენ და გამრავლებით გაგამრავლებ შენ“.
15და ასე, სულგრძელებით მიაღწია აღთქმას.
16ადამიანები იფიცავენ უმეტესს და ფიცია მათი ყოველგვარი დავის დასასრულის დამამტკიცებელი.
17ამიტომ, როცა ღმერთს სურდა უპირატესად ეჩვენებინა აღთქმის მემკვიდრეთათვის თავისი ნების შეურყევლობა, ფიცს მიმართა,
18რათა ორ შეურყეველ საქმეში, რაშიც შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს, დიდი ნუგეშისცემა გვქონდეს ჩვენ, რომელნიც გავეშურეთ, რათა ჩავჭიდებოდით ჩვენს წინ მდებარე იმედს,
19რომელიც ჩვენი სულისათვის ღუზასავით სანდოა და მტკიცე და შედის ფარდის მიღმა,
20სადაც ჩვენთვის წინამორბედად შევიდა იესო და გახდა უკუნისამდე მღვდელმთავარი მელქიცედეკის წესით.

Currently Selected:

ებრ. 6: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in