YouVersion Logo
Search Icon

ებრ. 3

3
ძე ღვთისა უფრო დიდია მოსეზე
1ამიტომ, ძმანო წმიდანო, ზეციური მოწოდების ზიარნო, დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი აღსარების მღვდელმთავარს, იესო ქრისტეს,
2რომელიც თავისი ამომრჩევლის ერთგულია, როგორც მოსე მთელს მის სახლში.
3ვინაიდან ის მოსესთან შედარებით მეტი დიდების ღირსია, ისევე, როგორც სახლზე მეტი პატივი აქვს სახლის აღმშენებელს.
4ვინაიდან ყოველ სახლს ვინმე აშენებს, ხოლო ყოველივეს აღმშენებელი ღმერთია.
5თუ მოსეც ერთგული იყო მთელ მის სახლში, როგორც მსახური, იმის დასამოწმებლად, რაც უნდა თქმულიყო,
6ხოლო ქრისტე – როგორც ძე მის სახლში; ჩვენ კი მისი სახლი ვართ, თუ ბოლომდე მტკიცედ შევინახავთ გაბედულებას და სასოების სიამაყეს.
ისრაელიანთა ურწმუნოება უდაბნოში.
გაფრთხილება გულქვაობაზე
7ამიტომაც, როგორც სულიწმიდა ამბობს: „დღეს როცა მოისმენთ მის ხმას,
8ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც უდაბნოში გამოცდის დღეს დრტვინვისას,
9სადაც გამომცადეს მე თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს საქმეებს ორმოც წელიწადს.
10ამიტომ განვრისხდი იმ მოდგმაზე და ვთქვი: ‘მუდამ ცდებიან ისინი გულით, ვერ შეიცნეს მათ ჩემი გზა’.
11ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას: ‘ვერ შემოვლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში’“.
12თვალი გეჭიროთ, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს.
13არამედ შეაგონებდეთ ერთმანეთს ყოველდღე, ვიდრეღა ითქმის „დღესო“, რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცდურით.
14ვინაიდან ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუკი რწმენის საწყისს მტკიცედ დავიცავთ ბოლომდე.
15ვიდრეღა ითქმის: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც დრტვინვისას“.
16ვინ იყო, რომ მოისმინა და დრტვინვა იწყო? ყველა ხომ იმათგან იყო, ვინც მოსეს მიერ გამოვიდა ეგვიპტიდან?
17მაშ, ვიღაზე მრისხანებდა იგი ორმოც წელიწადს? თუ არა ცოდვილებზე, რომელთა ძვლებიც უდაბნოში ჩაიყარა?
18ვის დაუფიცა, რომ ვერ შევიდოდნენ მის სიმშვიდეში, თუ არა ურჩებს?
19და ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ვერ შეძლეს შესვლა ურწმუნობის გამო.

Currently Selected:

ებრ. 3: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in