YouVersion Logo
Search Icon

გამ. 4

4
მოსესათვის მოხდენილი სასწაულები
1და თქვა მოსემ: „არ დამერწმუნებიან და არ მოისმენენ ჩემს ხმას, რადგან მეტყვიან, არ გამოგცხადებიაო უფალი.“
2და თქვა უფალმა: „რა გაქვს ხელში?“ თქვა: „კვერთხი.“
3და თქვა: „დააგდე მიწაზე!“ და დააგდო ის მიწაზე და იქცა გველად, და გაიქცა მოსე მისგან.
4და უთხრა უფალმა მოსეს: „გაიწოდე ხელი და დაიჭირე იგი კუდით.“ და მან გაიწოდა ხელი და დაიჭირა იგი, და გადაიქცა კვერთხად მის ხელში.
5„ეს იმისთვის, რათა ირწმუნონ, რომ გამოგეცხადა შენ უფალი, მათი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა.
6და უთხრა მას უფალმა კვლავ: „ჩაიყავი ხელი უბეში.“ და მან ჩაიყო ხელი უბეში და, როდესაც უკან გამოიღო, აჰა, მისი ხელი თოვლივით იყო კეთრისგან.
7და უთხრა: „ისევ ჩაიყავი ხელი უბეში.“ და ჩაიყო მან ხელი უბეში. უკან გამოიღო ხელი უბიდან და აჰა, დაუბრუნდა მას თავისი ხორცის ფერი.
8„და თუ არ დაგერწმუნებიან და არ მოისმენენ პირველი სასწაულის ხმას, მეორე სასწაულის ხმას მაინც დაერწმუნებიან.
9და თუ არ დაერწმუნებიან ამ ორივე სასწაულს და არ მოისმენენ შენს ხმას, აიღებ მდინარის წყლიდან და დაღვრი ხმელეთზე. და ეს წყალი, რომელსაც ამოიღებ მდინარიდან, სისხლად გადაიქცევა ხმელეთზე.“
აარონის შემწეობა
10და უთხრა მოსემ უფალს: „გევედრები, უფალო! მე არ ვყოფილვარ კაცი ენამჭევრი არც გუშინ, არც გუშინწინ, და არც მაშინ, როცა შენ დაელაპარაკე შენს მსახურს, რადგან ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ.“
11და უთხრა მას უფალმა: „ვინ მისცა ბაგე კაცს ან ვინ ბადებს მუნჯს ან ყრუს, ან მხედველს, ან ბრმას, თუ არა მე, უფალი?
12და ახლა წადი და მე ვიქნები შენს ბაგესთან, და გასწავლი, რაც უნდა თქვა.“
13და თქვა მოსემ: „გევედრები, უფალო! სხვა მიავლინე ამის გასაკეთებლად.“
14და აღეგზნო უფლის რისხვა მოსეზე, და თქვა: „განა შენი ძმა არ არის ლევიანი აარონი? მე ვიცი, რომ ლაპარაკით ის ილაპარაკებს, და აჰა, იგი გამოვა შენს შესახვედრად, და დაგინახავს. და გულით გაიხარებს.
15და ილაპარაკებ მასთან და მისცემ სიტყვებს მის ბაგეს. და მე ვიქნები შენს ბაგესთან და მის ბაგესთან, და გასწავლით, რაც უნდა გააკეთოთ.
16და ილაპარაკებს ის შენს მაგიერ ხალხის მიმართ. და ის იქნება შენთვის ბაგე, და შენ იქნები მისთვის ღმერთი.
17და აიღე ხელში ეს კვერთხი, რომლითაც სასწაულებს მოახდენ.“
მოსე და აარონი არწმუნებენ ისრაელის ძეთ
18და წამოვიდა მოსე და დაბრუნდა ითროსთან, თავის სიმამრთან, და უთხრა მას: „წავალ და დავუბრუნდები ჩემს ძმებს, რომელნიც ეგვიპტეში არიან, და ვნახავ, თუ კიდევ ცოცხალნი არიან?“ და უთხრა ითრომ მოსეს: „წადი მშვიდობით.“
19და უთხრა უფალმა მოსეს მიდიანში: „წადი, დაბრუნდი ეგვიპტეში, რადგან ყველანი დაიხოცნენ, ვინც შენს სულს ეძებდნენ.“
20და აიყვანა მოსემ თავისი ცოლი და თავისი ვაჟები, და შესხა ისინი სახედარზე, და დაბრუნდა ეგვიპტის ქვეყანაში. და აიღო მოსემ ღვთის კვერთხი ხელში.
21და უთხრა უფალმა მოსეს: „როცა წახვალ ეგვიპტეში დასაბრუნებლად, იცოდე, ყოველი სასწაული, რომელიც ხელთ მოგეცი, მოახდინე ფარაონის წინაშე. და მე გავამძვინვარებ მის გულს, და არ გაუშვებს ხალხს.
22და უთხარი ფარაონს: ასე თქვა-თქო უფალმა: ‘ჩემი პირმშო შვილია ისრაელი.’
23და მე გითხარი, გაუშვი-მეთქი ჩემი შვილი, რომ მემსახუროს. და თუ არ გაუშვებ, აჰა, მე მოვკლავ შენს შვილს, შენს პირმშოს!“
24და იყო გზაზე ღამის სათევში, და შეხვდა მას უფალი და დაუპირა მოკვლა.
25და აიღო ციფორამ კაჟი და დაუცვითა ჩუჩა შვილს და ფერხთით დაუგდო, და თქვა: „სისხლის სიძე ხარ შენ ჩემთვის.“
26და მოცილდა უფალი მას, და მაშინ ციფორამ თქვა: „სისხლის სიძე წინადაცვეთის გამო.“
27და უთხრა უფალმა აარონს: „წადი მოსეს შესახვედრად უდაბნოში.“ წავიდა და შეხვდა მას ღვთის მთასთან, და აკოცა.
28და მოუთხრო მოსემ აარონს ყოველი სიტყვა უფლისა, რომელმაც იგი მოავლინა, და ყოველი სასწაული, რომლის აღსრულებაც უბრძანა მას.
29და წავიდა მოსე აარონთან ერთად, და შეკრიბეს მათ ისრაელის ძეთა ყოველი უხუცესი.
30და მოუთხრო აარონმა ყოველი სატყვა, რომელიც უთხრა უფალმა მოსეს, და მოახდინა მოსემ სასწაულები ხალხის თვალწინ.
31და ირწმუნა ხალხმა. და გაიგეს, რომ მოხედა უფალმა ისრაელის ძეთ და რომ დაინახა მათი ტანჯვა და მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს.

Currently Selected:

გამ. 4: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy