YouVersion Logo
Search Icon

დან. 7

7
დანიელის ჩვენება
1ბელშაცარის, ბაბილონის მეფის, პირველ წელს დანიელმა ნახა სიზმარი და თავისი თავის ხილვა თავისსავე სარეცელზე. მაშინ ჩაიწერა მან ეს სიზმარი და გადმოსცა მთავარი სიტყვები.
2დაიწყო დანიელმა და თქვა: „ღამით ჩემს ხილვაში ვხედავდი, აჰა, ზეცის ოთხი ქარი დიდ ზღვას აწყდებოდა.
3ზღვიდან ოთხი, ერთიმეორისაგან განსხვავებული, ვეება მხეცი ამოვიდა.
პირველი სამეფო ნაბუქოდონოსორისა
4პირველი ლომსა ჰგავდა და არწივის ფრთები ჰქონდა. ვუყურებდი, სანამ ფრთები დასწყდებოდა. იგი წამოყენებულ იქნა მიწიდან, კაცივით ფეხზე იქნა დაყენებული და კაცისავე გული მიეცა.
მეორე სამეფო სპარსეთისა
5აჰა, სხვა მხეცი, მეორე, დათვის მსგავსი. იდგა ცალ გვერდზე და სამი ნეკნი ჰქონდა პირში, კბილებს შორის. უთხრეს მას: ‘ადექ, ჭამე ბევრი ხორცი!’
მესამე სამეფო მაკედონიისა
6ამის შემდეგ ვიხილე და, აჰა, გამოჩნდა ავაზის მსგავსი მხეცი, ზურგზე ოთხი ფრთა ჰქონდა, ფრინველისა. ოთხი თავი ჰქონდა ამ მხეცს და ხელმწიფება მიეცა მას.
მეოთხე სამეფო რომისა
7ამის შემდეგ ვიხილე ჩემს ღამეულ ხილვაში, აჰა, გამოჩნდა მეოთხე მხეცი, საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი, რკინის ვეება კბილები ჰქონდა. იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და ათი რქა ჰქონდა.
სამეფო ათი მეფისა და პატარა რქა
8მე ვაკვირდებოდი ამ რქებს და აჰა, მათ შორის კიდევ ერთი მომცრო რქა ამოვიდა და სამი პირვანდელი რქა ძირიანად ამოვარდა მის წინაშე. და აჰა, ამ რქას თვალები კაცის თვალების მსგავსი ჰქონდა და პირი – ამპარტავნულად მოლაპარაკე.
ძველი დღეები და ძე
9ვიხილე, რომ ტახტრევნები დაიდგა და დაჯდა დღეებით ძველი. მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო და მისი თავის თმები მატყლივით სუფთა. მისი ტახტი ცეცხლის ალი იყო, მისი ეტლის ბორბლები – მოგიზგიზე ცეცხლი.
10მოედინებოდა ცეცხლის მდინარე და მისი წინიდან გამოდიოდა. ათასი ათასეული ემსახურებოდა მას და ათი ათასეული იდგა მის წინაშე. დასხდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები.
11მაშინ ვიხილე: იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, ჩემს თვალწინ, მოკლულ იქნა ის მხეცი; მისი გვამი კი შეიმუსრა და ცეცხლს მიეცა დასაწველად.
12დანარჩენ მხეცებს ძალაუფლება წაერთვათ, მაგრამ სიცოცხლე გაუხანგრძლივდათ, ოღონდ ვადამდე და დრომდე.
13ვიხილე ჩემს ღამეულ ხილვაში, აჰა, დავინახე, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; იგი დღეებით ძველთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე.
14მიეცა მას ხელმწიფება, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხები, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, რომელიც არ გადაივლის და მისი სამეფო არ დაიქცევა.
განმარტება მხეცების ჩვენებისა
15შემიწუხდა სული მე, დანიელს, ჩემს სხეულში და ჩემი თავის ხილვებმა შემაშფოთეს.
16მივუახლოვდი ერთ იქ მდგომთაგანს და ვკითხე ყოველივე ამის ნამდვილი მნიშვნელობა. მითხრა მან და გამაგებინა ყოველივე ამის მნიშვნელობა:
17‘ის ვეება მხეცები, რომლებიც ოთხნი არიან, ოთხი მეფეა, რომელნიც მიწიდან აღდგებიან.
18შემდეგ უზენაესის წმიდები მიიღებენ სამეფოს და დაეუფლებიან სამეფოს სამუდამოდ, უკუნითი უკუნისამდე.’
19მაშინ მოვიწადინე სინამდვილის გაგება იმ მეოთხე მხეცზე, რომელიც ყველასგან გამორჩეული და მეტად საზარელი იყო, თავისი რკინის კბილებითა და სპილენძის ბრჭყალებით იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა.
20და იმ ათ რქაზე, თავზე რომ ჰქონდა, და იმ სხვა რქაზე, რომელიც ამოვიდა და, რომლის წინაშეც სამი რქა ამოვარდა; ამ რქას ჰქონდა თვალები და პირი ამპარტავნულად მოლაპარაკე, და მისი შესახედაობა უფრო დიდი იყო, ვიდრე სხვებისა.
21ვიხილე ეს რქა წმიდანებს ებრძოდა და მანამდე ჯაბნიდა მათ,
22სანამ დღეებით ძველი მოვიდოდა. მაშინ ეს სამსჯავრო უზენაესის წმიდებს გადაეცა. მაშინ დადგა ის ჟამი, როდესაც სამეფოს წმიდები დაეუფლნენ.
23და მან ასე თქვა: „მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფო იქნება ქვეყნად. გამორჩეული იქნება ყველა სამეფოსგან და გადაჭამს მთელ ქვეყანას, გაქელავს და შემუსრავს მას.
24ხოლო ათი რქა ეს არის ათი მეფე, რომელიც ამ სამეფოდან აღდგება. მათ შემდეგ სხვა აღდგება. იგი განსხვავებული იქნება პირველთაგან და სამ მეფეს დაამდაბლებს.
25უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდებს შეავიწროვებს. განიზრახავს დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას დროის, ორი დროისა და ნახევარი დროის მანძილზე.
26შემდეგ დასხდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას, მის ბოლომდე მოსასპობად და დასაღუპავად.
27მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის წმიდების ერს მიეცემა. მისი სამეფო საუკუნო სამეფო იქნება და ყველა ხელმწიფე მას მოემსახურება და მას დაემორჩილება.’
28აქ არის სიტყვის დასასრული. მე, დანიელი, ჩემმა ფიქრებმა ძალზე შემაშფოთა და სახეზე ფერი მეცვალა, მაგრამ ეს ამბავი გულში დავიმარხე.“

Currently Selected:

დან. 7: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy